
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე თითქმის თვენახევარი მიმდინარე ეპოპეა დასასრულს უახლოვდება. მმართველ პარტიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი სამშაბათს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა. რა აჩვენა ამ პროცესმა და როგორ შეიცვალა ამ დროის განმავლობაში პოლიტიკური რეალობა საქართველოში?
მიუხედავად ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებული წინააღმდეგობისა, „ოცნებამ“ ორმაგ წნეხს მაინც გაუძლო და 28 მაისს „გამჭვირვალობის კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 27 მაისის ხამურიან სხდომაზე კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას დაუჭირა მხარი. ახლა „ოცნებას“ კვლავ სჭირდება მინიმუმ 76 ხმა, რათა პრეზიდენტის ვეტო პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც დაძლიოს.
„ვფიქრობ, რომ ხვალ დასრულდება პროცესი და პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს“ , - განაცხადა პარლამენტი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სამშაბათს უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი ინფორმაციით, 28 მაისს ვეტოს დაძლევა პლენარულ სხდომაზე პირველივე საკითხად გავა და პოლიტიკური განცხადებების დასრულების შემდეგ, ჯერ მისი განხილვა დაიწყება, შემდეგ კი კენჭისყრა.
ამის პარალელურად კი პარლამენტთან მორიგი აქცია ჩაინიშნა. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან დღის მეორე ნახევარში, ხუთი საათიდან შეიკრიბებიან.
„ხვალ, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება.
ყველა ის დეპუტატი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს მხარს უჭერს, ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციასა და ქართველი ხალხის ინტერესს პარლამენტში დაიცავს.
ჩვენ ვიკრიბებით პარლამენტთან, რათა ჩვენი ხმა გარედან გავაგონოთ მათ, ვინც საქართველოს მომავლის დანგრევას ცდილობს. ხმამაღლა ვუთხრათ, რომ ქართველი ხალხი რუსული კანონით არ იცხოვრებს!კი ევროპას!არა რუსულ კანონს!“, - წერენ ორგანიზატორები.
რის ხარჯზე გაუძლო „ოცნებამ“ ორმაგ წნეხს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა აქვს და სწორედ ამის წყალობით შეძლო მან როგორც გარე, ასევე შიდა წნეხისთვის გაეძლო.
„როდესაც პარტია ხალხის მხარდაჭერას გრძნობსს და მას აქვს ეს სიძლიერე, ის მოქმედებს ისე, როგორი დაკვეთაც ელექტორატისგან აქვს. ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს ამ კანონის მიღება, მაგრამ უკვე ამ კანონამდე ყვლაფერი ისედაც გაშიფრული იყო და ხელისუფლება ამას მომზადებული შეხვდა. ეს იყო დაანონსებული ე.წ. „რევოლუციური გეგმა“, რომელსაც ახლა ზურაბიშვილმა რაღაც „ქართული ქარტია“ შეარქვა.
„შარშანდელისგან განსხვავებით, წელს „ოცნება“ საზოგადოებასთან უფრო გახსნილი იყო და დეტალურად აუხსნა რასთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, „ოცნებას“ აქვს რესურსი, რომ ამ წინააღმდეგობებს გაუძლოს და ფაქტია, გაუძლო კიდეც. ვეტო დაიძლევა და მმართველი გუნდი მიიღებს კანონს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია“, - ამბობს აბაშიძე.
რაც შეეხება ხელისუფლებაზე დასავლეთიდან ზეწოლას, მისი აზრით, აქ კანონი მხოლოდ საბაბია და ზეწოლის რეალურად სხვა მიზეზი აქვს.
„მთავარი აქ კანონი არ არის. აქ პრობლემა ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლო წლების პოლიტიკა დასავლეთს თვალში აღარ მოსდის. საქართველო ამ წლების განმავლობაში ფეხზე დგება, როგორც ნამდვილი სუვერენული სახელმწიფო. ნეოკოლონიანისტებს არ სურთ საქართველო სუვერენული იყოს. როდესაც პარტიას აქვს ხალხში შიდა მაღალი ლეგიტიმაცია, ის ყოველთვის ძლიერია. ოპოზიცია კი, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებს და მუდმივად ამოფარებულია დასავლელი პოლიტიკოსების უსაფუძვლო განცხადებებს. არჩვენებიც მოვა და რა შედეგებიც დაიდება, ეს იქნება მეოთხე გამარჯვება „ოცნებისთვის“, - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ამ ფონზე ოპოზიციის გაერთიანება და კონსოლიდაცია ილუზიაა, რადგან რადიკალების ერთობა რეალური არ არის. მისი აზრით, მათ რამდენჯერმე შექმნეს მსგავსი ალიანსები, თუმცა რა წარმატებასაც მიაღწიეს, ნებისმიერ არჩვენებში ეს კარგად ჩანს.
ახალი საგარეო პოლიტიკა?
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძ კი „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის ეს პრინციპულობა და ვა-ბანკზე წასვლა, ორ რამესთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში, მისი აზრით, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან არის ვალდებული, რომ ეს კანონი მიიღოს და მას ამ ვალდებულების შესრულებას სთხოვენ. მეორეს მხრივ კი, ხელისუფლებას იგივე კანონი წინასაარჩევნოდ არასამთავრობო სექტორის დასასუსტებლად სჭირდება.
„ივანიშვილის დაჟინებულ მოთხოვნას ვერ ეწინააღმდეგება 84 დეპუტატი, რადგან მათ აქვთ იმედი, რომ საარჩევნო სიაში ისევ მოხვდებიან. ეს ადამიანები პირადი ინტერესების გამო ყიდიან ოჯახსაც და ქვეყანასაც. ჩვენ ვნახეთ როგორი განცხადებები კეთდება დასავლეთიდან, მიუხედავად ამისა, ისინი იმდენად არიან ივანიშვილთან ვალდებულები, რომ ქვეყნის შიგნით ამდენი ადამიანის უარყოფითი დამოკიდებულებაც კი არ ადარდებთ.
„ვფიქრობ, ივნიშვილს თავის მხრივ კრემლიდან „აწვებიან“. მას აქვს ვალდებულება რუსეთთან, რომ ეს კანონი მიიღოს. მეორეს მხრივ კი, არჩევნები მოდის და ფიქრობს, რომ „ენჯეო“ სექტორის მოხრჩობით არჩევნების გაყალბებას შეძლებს. წინასწარ ჩვენს მოსახლეობაში მათ დისკრედიტაციას ახდენს, მათგან მტრის ხატს ქმნის და ამ პროპაგანდას საზოგადოებაში ამუშავებს. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილი ამას იჯერებს. ვნახოთ. მე ველი, რომ ვეტოს დაძლევენ“, - ამბობს ჩიტაძე.
მისივე თქმით, თავიდან დასავლეთში არ იყვნენ დარწმუნებული, რომ „ოცნებას“ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა ჰქონდა განზრახული. თუმცა, 29 აპრილს ხელისუფლების მხარდამჭერი აქციის დროს ბიძინა ივანიშვილის სიტყვის შემდეგ ეს მოცემულობა შეიცვალა.
„სრული ლუსტრაცია ამ კანონის მიღების და ივანიშვილის ბოლო განცხადებების შემდეგ მოხდა. თუკი ვინმეს მაინც სჯეროდა დასავლეთში, რომ „ოცნება“ არ ცვლიდა ქვეყნის საგარეო კურს, აზრი მათაც კი შეიცვალეს და („ქართულ ოცნებას“) მოკავშირე არავინ დარჩა. ამიტომ დაიწყო ეს წნეხი „ოცნებაზე“, რადგან მათ ღიად და ცინიკურად ქვეყნის კურსის შეცვლა დაიწყეს. დასავლეთში ხედავენ, რომ მოსახლეობა წინააღმდეგობას ამას უწევს და ამით ცდილობენ ხალხის დახმარებას“, - ამბობს ჩიტაძე.
რაც შეეხება ოპოზიციის კონსოლიდაციას, ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ კონკრეტული სამოქმედო გეგემა უნდა წარმოადგინოს, თუ რას აპირებენ იმ შემთხვევაში, თუკი ოქტომბერში „ოცნება“ არჩევნებს გააყალბებსს; ან თუ არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, რა გეგმა აქვთ და ვინ როგორ აპირებს მთავრობის დაკომპლექტებას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



