
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებს საკუთარ ხედვას სთავაზობს, თუ როგორ უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და რა ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული არჩევნების შემდეგ. ოპოზიციის უმრავლესობისათვის ეს გეგმა - „ქართული ქარტია" - მისაღებია. ხელისუფლება პრეზიდენტს აკრიტიკებს და ახალ ბრალდებებს უყენებს. ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ როგორც ქარტიის შინაარსი, ისე პრეზიდენტის მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში, გარკვეულ კითხვებს იწვევს.
„ქართული ქარტიის" ტექსტი 26 მაისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პირადად გააცნო ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას. პოლიტიკურ პარტიებს 1-ლ ივნისამდე აქვთ ვადა, რომ გადაწყვიტონ უერთდებიან თუ არა ამ დოკუმენტს. ამის შემდეგ კი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში გეგმავს ჩასვლას, რათა „ქართული ქარტია" დასავლელ პარტნიორებს გააცნოს.
ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია ავალდებულებს იყოს ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურა და იყოს ნეიტრალური შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში. „ქართული ქარტიიდან" გამომდინარე კი იგი პრაქტიკულად ოპოზიციის ლიდერი ხდება, რითაც კონსტიტუციის ჩარჩოებს სცდება.
გარდა ამისა, მათივე შეფასებით, თავად „ქარტიის" ტექსტი ბუნდოვანია და სხვადასხვაგვარი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა. ეს ეხება თუნდაც დოკუმენტში მოყვანილ არჩევნების შემდგომი მთავრობის ფორმირების პროცესსა და მასში პრეზიდენტის მონაწილეობას. გარდა ამისა, ქარტიაში ირიბად ასევე ჩადებული წინაპირობა, რომ ახალმა პარლამენტმა პრეზიდენტად ისვე სალომე ზურაბიშვილის არჩევა უნდა უზრუნველყოს.
კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ „ქარტიაში" მოყვანილი ზოგიერთი პირობის შესრულება მისი ხელმომწერების მიერ მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაშია შესაძლებელი. თუმცა, ოპოზიციაში ამას პრობლემად არ მიიჩნევენ. როგორც ორშაბათს „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ბოლო მოვლენების ფონზე, „ქართული ოცნების" რეიტინგი 14-15%-ზე დაეცა და შესაბამისად, ოპოზიციას ჯამში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება პრაქტიკულად გარანტირებული აქვს.
„ქართულ ქარტიაზე" ხელის მოწერის მზადყოფნა უკვე გამოთქვა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ - ენმ, „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „ლელო", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა" და რესპუბლიკური პარტია. გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის", ორჭოფობს „გირჩიც".
რაც შეეხება მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტი ღიად დაადანაშაულეს კონსტიტუციის კიდევ ერთხელ დარღვევაში და მის წამოწყებას. „ლოკალური ომის ქარტია" უწოდეს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის შეფასებით, კონსტიტუციის დარღვევა ამჟამათ იმაში მდგომარეობს, რომ სალომე ზურაბიშვილი „საქართველოს პრეზიდენტის პოზიციიდან ერევა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საარჩევნო კამპანიაში სახავს საარჩევნო სტრატეგიას, საარჩევნო მიზნებს, არჩევნების შემდეგ მთავრობის დაკომპლექტების გეგმებს და ა.შ."
რას გულისხმობს „ქართული ქარტია"
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა შეიქმნას ერთგვარი გარდამავალი მთავრობა, რომელიც გაატარებს გარკვეულ რეფორმებს და 1 წელიწადში დანიშნავს ახალ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ამავე პერიოდში ახალი პარლამენტიც გარკვეულ რეფორმებს გაატარებს - გააუქმებს ყველა იმ კანონს, რომელიც, დოკუმენტის თანახმად, ხელს უშლის, საქართველოს ევროინტეგრაციას. ასევე შეცვლის კანონმდებლობას ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესაბამისად და ყველა ამ პროცესს კოორდინირებას გაუწევს პრეზიდენტი. მათ შორის პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას მთავრობის წევრთა შერჩევაში.
დოკუმენტის მიხედვით, არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა - ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება და მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა. ასევე რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება პროკურატურას, სუს-ს, შსს-ს, სპეციალურ საგამოძოებო სამსახურს, ანტიკორუფციულ სააგენტოს, ეროვნულ ბანკს, მარეგულირებელ ორგანოებს. ამასთან საარჩევნო სისტემა გაჯანსაღდება და ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნება.
„ჩვენ, ამ ქარტიაზე ხელისმომწერნი, ვინც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მივიღებთ მანდატს, ვიღებთ ვალდებულებას და ვდებთ პირობას, რომ შევასრულებთ ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში.
„ასევე, ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ", - ვკითხულობთ ქარტიაში.
რა პერსპექტივა აქვს პრეზიდენტის წამოწყებას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ქარტიაში გარკვეული პუნქტები მისთვის ბუნდოვანია. მისივე შეფასებით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ფაქტიურად გადაიქცა ოპოზიციის მხარდამჭერი ელექტორატის ლიდერად და საეჭვოა ეს საკმარისი იყოს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებისთვის.
„მან ოპოზიციას ფაქტიურად საკუთარი თავი არაფორმალურ ლიდერად შესთავაზა. მეინსტრიმ ოპოზიციურმა პარტიებმა ქარტიის ხელმოწერაზე თანხმობა განაცხადეს. ამით ირიბად აღიარეს სალომე ზურაბიშვილი, როგორც ოპოზიციის ერთგვარი არაფორმალური წინამძღოლი და თუკი ისინი ხელს მოაწერენ, ფაქტიურად ჩამოწერილ პუნქტებს ეთანხმებიან. მაგრამ მეორე ვარანტია, თუ ქარტიას რამდენი ოპოზიციური პარტია დაუჭერს მხარს. არ გამოვრიცხავ, რომ ცნობადი ოპოზიციური პარტიების გარდა, პოლიტიკურ ველზე არსებულმა ნაკლებად ცნობილმა წვრილმა თუ საშუალო პარტიებმაც მოაწერონ ხელი, გაერთიანებად ჩამოყალიბდეს, რომელიც დასავლეთს წარედგინება.
„ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ დოკუმენტს განსახილველად ბრიუსელში წაიღებს და გამოვა ისე, რომ მომავალ არჩევნებში „პრორუსულ" „ქართულ ოცნებას" და პრორუსულ ძალებს დიდი პროევროპული გაერთიანება უპირისპირდება, პროევროპული პრეზიდენტის წინამძღოლობით. დასავლეთში ასეთი აღქმა შეიქმნება, რომ ახლა სასწორზე საქართველოს გეოპოლიტიკური მომავალი დგას.
„ქარტიაში ისეთი მუხლებიცაა ჩადებული, რომელიც, ჩემი აზრით, არჩევნების საბოტირებისკენაა მიმართული. თუნდაც ის, რომ უზრუნველყონ არჩევნებში ემიგრანტების მაქსიმალური მონაწილეობა, მაშინ, როცა კანონითაა განსაზღვრული მათი მონაწილოების ყველა ფორმა. მეორეც, ბუნდოვანია ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეა, ანუ ამ ქარტიაზე ხელმომწერი პარტიები იმედოვნებენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოხდება ეს, თუ მანამდე?
„ზურაბიშვილმა მოუწოდა საზოგადოებას, რომ ახლა მთავარია არჩევნებამდე მივიდეთო. მისი განცხადება ბოლომდე არ ტოვებდა იმის განცდას, რომ ოპოზიცია არჩევნებამდე მშვიდობიანად მისვლისთვის მზადაა. განცხადების მთელი პათოსი და სულისკვეთება ისაა, რომ ის, დიდი ალბათობით, არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას არ აპირებს, თუ ის შედეგი ვერ მიიღო, რასაც ელოდება.
„ოპოზიციურმა პარტიებმა თანხმობა 24 საათზე ნაკლებ დროში განაცხადეს. ეს მოწმობს, რომ ოპოზიციის რიგებში ფაქტიუარდ არცერთი სანდო და პოპულარული ლიდერი არ დარჩა და მათ ბოლო მაშველ რგოლად სალომე ზურაბიშვილი იქცა. ისიც არა იმიტომ, რომ მას პირადი რეიტინგი აქვს, არამედ მას სახელისუფლებო ქარიზმა აქვს, რასაც პრეზიდენტის თანამდებობა აძლევს. ის პოსტიდან ამიტომაც არ გადადგა. შესაბამისად, უნდა, რომ ეს გამოიყენოს პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად, თორემ სალომე ზურაბიშვილი რომ მის ამომრჩევლებში არანაირი რეიტინგით არ სარგებლობს, ეს ფაქტია. ის ფაქტიურად გადაიქცა ოპოზიციის მხარდამჭერი ელექტორატის ლიდერად და ეს რამდენად იქნება საკმარისი არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად, ეჭვი მეპარება.
„კომიკური სიტუაცია შეიქმნა - ზურაბიშვილი ქარტიაზე ისე ლაპარაკობდა, თითქოს ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვება უკვე გარანტირებული ჰქონდა. ამის გარანტიას კი ჯერჯერობით არაფერი არ აძლევს, მათ შორის არც ეს მიტინგები. ყველაზე უფრო ოპტიმისტური დათვლებითაც კი, რომ შევაჯამოთ ამ მიტინგებში მონაწილე თუ მათი მხარდამჭერი მოქალაქეების რაოდენობა, ეს ნამდვილად არაა ის რაოდენობა, რომელიც არჩევნებში გამარჯვებას უზრუნველყოფდა", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
„დოკუმენტი სერიოზულ დახვეწას საჭიროებს"
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ქართული ქარტია" სერიზულ დახვეწას საჭიროებს, რადგანაც მასში ბევრი რამ ბუნდოვანია.
„ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული უამრავი ასეთი ქარტია იყო. პრობლემა ამის დაწერა კი არა, შემდეგ მისი შესრულება-აღსრულებაა. აქ კი მთავარია ნდობაა - რამდენად არიან სანდო მოსახლეობისთვის ის ძალები, რომლებიც ამას ხელს აწერენ. ენმ-ს თავის დროზე ჰქონდა „ხელშეკრულება მოსახლეობასთან", მაგრამ შემდეგ ეს ყველას დაავიწყდა და ხელისუფლებაში როგორი დემოკრატებიც იყვნენ, ვნახეთ.
„ქარტია კარგად დახვეწას საჭიროებს. ჩემთვის გაუგებარია, ახლადარჩეულმა პარლამენტმა რეფორმები 6 თვეში თუ უნდა განახორციელოს და ამის თავი აქვს, მაშინ ახალი არჩევნები რატომ უნდა ჩატარდეს და ყველაფერი თავიდან რატომ უნდა დაიწყოს? ჩვენ ხომ სწორედ ისეთი პარლამენტი გვინდა, რომელიც ასეთ რეფორმებს გააკეთებს.
„გაუგებარია რას ნიშნავს „პროფესიონალური მთავრობა" და მის ჩამოყალიბებაში პრეზიდენტის მონაწილეობა. შესაძლოა ეს იურიდიულად არა, მაგრამ კონსულტაციების საფუძველზე როგორ იქნება, ან „პროფესიონალი" რას ნიშნავს, რის მიხედვით ხდება შერჩევა, კრიტერიუმები ხომ უნდა არსებობდეს?
„მაგალითად, დღევანდელი პრემიერი საკმაოდ კარგი კონსტიტუციონალისტია. ამასთან, „ოცნების" აქტიურ გუნდს დასავლეთში აქვს განათლება მიღებული, მაგრამ აგერ ვხედავთ დღეს რა კანონს უჭერენ მხარს. აღარაფერს ვამბობ სააკაშვილსა და მის გუნდზე, რომელიც არასამთავრობოებიდან მოვიდნენ და ადამიანის უფლებების და დემოკრატიის ნაცვლად, ავტორიტარული რეჟიმი დაამყარეს.
„საინტერესოა, ისე ღრმა კრიზისში ვართ, ამხელა რეფორმებს 6 თვეში როგორ გააკეთებს? თუ კეთილსიდისიერებაზეა საუბარი, აქაც საზომია საჭირო. თუ ლაპარაკობს, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციაა - რა, ნაკლები კორუფციაა დღევანდელ თუ იმის წინანდელ ხელისუფლებასა თუ პარლამენტში?
„უამრავი საკითხია, რომელიც დაწვრილებით გამოკვლევას საჭიროებს, ალბათ კონსულტაციები უნდა დაიწყოს და ვინც ხელმოწერას აპირებს, ალბათ თავისი შენიშვნები ექნებათ. სურვილი კარგია, მაგრამ რამდენად რეალიზებადია, ვერ გეტყვით", - განაცხადა ძაბირაძემ.
რამდენად თავსებადია პრეზიდენტის გეგმები კონსტიტუციასთან
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით პრეზიდენტი ზურაბიშვილი კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გავიდა, რადგან ის ფაქტიურად მხარე გახდა.
„ჩემი აზრით, ამ ნაბიჯით პრეზიდენტი კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გავიდა, რადგან ფაქტიურად მხარე გახდა და რამდენიც არ უნდა მოახდინოს იმაზე აპელირება, რომ ის კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად მოქმედებს, რომელზეც პრეზიდენტი და მთელი ოპოზიცია მაშველი რგოლივითაა ჩამოკიდებული, ეს დამაჯერებელი არაა. თუ ამ საკითხს მკაცრი კონსტიტუციური ჩარჩოებით მივუდგებით, ეს ფაქტიურად არის პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლა", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტმა მხოლოდ საკუთარი ხედვა წარმოადგინა და პოლიტიკურ პარტიებს შეთავაზება გაუკეთა, რაც კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას არ ნიშნავს.
„მე არ მგონია პრეზიდენტმა ისეთი განცხადება გააკეთა, რომ ის ოპოზიციურია. მან თქვა, რომ ეს ევროპული პლატფორმაა და „ქართულ ოცნებასაც" შეუძლია ხელი მოაწეროს. თქვა, რომ მისი გეგმა და მსოფლმხედველობა, თუ ქვეყანაში პროცესები როგორ უნდა განვითარდეს, ასეთია. ეს პარტიული გადაწყვეტილება კი არა, შეთავაზებაა. აქ კონსტიტუციასთან მიმართებაში არაფერი არაა, ეს არაა პოლიტიკაში ჩარევა, ეს მისი ხედვაა.
„პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ ქარტიით ბრიუსელთან მოლაპარაკებას დავიწყებ, რათა არჩევნების შემდეგ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოსო. პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ალბათ ისიც იგულისხმება, რომ ხელმომწერმა გუნდმა ზურაბიშვილი მეორე ვადით უნდა აირჩიოს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



