
ორშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. სამიტზე გამართულმა დისკუსიამ კი აჩვენა, რომ თავად ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით აზრი ორადაა გაყოფილი. ასეთ პირობებში რას უნდა ველოდოთ ევროკავშირის სამიტისაგან, რომელიც ივნისი ბოლოს გაიმართება?
არსებული ინფორმაციით, ორშაბათს ბრიუსელში საქართველოსათვის რაიმე შეზღუდვების დაწესებაზე ან სანქციებზე საუბარი არ ყოფილა. „რადიო თავისუფლების" ცნობით, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „გავლენების კანონი" არღვევს საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემულ სამ დათქმას და არ შეესაბამება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. მან პირობა დადო, რომ ამ საკითხზე საჯაროდაც განაცხადებს.
ამავე წყაროს ცნობით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ კი საქართველოს მთავრობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ უნდა დაიწყოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები და ასევე შედგეს მთავრობათაშორისი კონფერენცია (Intergovernmental conferences IGC), რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის ფორმალურ პროცედურას.
როგორც „რადიო თავისუფლება" წერს, დისკუსია იყო ხანმოკლე, გასტანა დაახლოებით 20 წუთს და მასში მონაწილეობდნენ ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დანიის, შვედეთის უნგრეთის, ბულგარეთის, ნიდერლანდისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ივნისის სამიტის მოსალოდნელ შედეგებზე საუბარი რთულია, რადგანაც ევროკავშირის წევრებს შორის საქართველოსადმი სხვადასხვა განწყობებია.
„ძალიან მიჭირს იმის განსაზღვრა, თუ რას უნდა ველოდოთ ივნისის ბოლოს ევროკავშირის სამიტისგან, რადგან იქ არიან (საქართველოს მიმართ) ძალიან კრიტიკულები და ნაკლებად კრიტიკულებიც, თან ერთი აზრი არაა. უკრაინელი ექსპერტი, ოლეგ სოსკინი თვლის, რომ დასავლეთმა უკრაინელები მოატყუა და ამიტომ საქართველო დასავლეთის პრეტენზიის შესრულებაზე უარს ამბობს, რადგან თვითონაც მოტყუებულები არ დარჩნენ. სოსკინის ეს მოსაზრება ემთხვევა იმას, რასაც ოფიციალური ქართული მხარე ამბობს. თუ უკრაინელ ექსპერტს ამის დანახვა შეეძლო, ბუნებრივია, ამ ქვეყნაში მყოფი პოლიტიკოსები ხედავენ, რომ ქართული მხარე მტყუანი არ არის.
„ცოტა ხნის წინ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წამოსცდა, რომ ცოტა ფრთხილად ვიმოქმედოთ და ქართული მოსახლეობის დასავლურ გრძნობებს გავუფრთხილდეთო.
„სწორი რეპლიკაა. ჩვენ საბჭოთა კავშირში 70 წელიწადი ისე ვიცხოვრეთ, რომ ბოლო პერიოდში სერიოზული დამოკიდებულება რუსების მიმართ არ გვქონდა და არც სერიოზულად ვიზიარებდით მათ პოზიციებს. ანალოგიური რამე შეიძლება აქაც მოხდეს. იძულებულები ვიქნებით ევროპას ანგარიში გავუწიოთ, რადგან მათზე დამოკიდებულები ვართ და თან ერთადერთი პარტნიორია. თუმცა, შესაძლოა, ამ კეთილგანწობაში უიმედო დამოკიდებულებაც შემოგვეპაროს და დროთა განმავლობაში ქართველების სიმპათია, რომ ევროპა ღირებულებებათა სისტემაა, გაქრეს. შეიძლება ევროპის მიმართ რომანტიული დამოკიდებულება ნელ-ნელა გავიდეს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



