
პარლამენტი „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 28 მაისს გეგმავს. 27 მაისს კი ეს საკითხი ჯერ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იქნება განხილული. როგორ ჩაივლის ეს პროცესი და გაგრძლედება თუ არა ამის შემდეგ საპროტესტო გამოსვლები?
ანალიტიკოსთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. რაც შეეხება საპროტესტო გამოსვლებს, მათი პროგნოზით, აქციები თანდათან მინავლდება და დროებით შეწყდება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში ის რომ, ზაფხულთან ერთად პოლიტიკაშ იწყება ტრადიციული „მკვდარი სეზონი". გარდა ამისა, თავად კანონის მოწინააღმდეგეთა შორის თვალშ საცემად იკლებს ქუჩაში გამოსვლის სურვილი. თუმცა, სექტემბრიდან გამოსვლება, სავარაუდოდ, ისვე განახლდება.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ ჩაივლის ვეტოს დაძლევის პროცედურა, უკვე ცნობილია, რომ ამ დღეს რამდენიმე აქციაა დაგეგმილი. მაგალითად, „ევროპული საქართველო" პარტნიორებთან ერთად 28 მაისს, პარლამენტთან, აქციაას აანონსებს. როგორც მედიისთვის გაგზავნილ პრეს-რელიზშია ნათქვამი, ისინი „გარუსების პოლიტიკას" გააპროტესტებენ.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ მმართველი პარტია, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. თუმცა, აქციები შესაძლოა შემოდგომამდე შეწყდეს და სექტემბრიდან ახალი ძალით განახლდეს.
„აქ ორი ვარიანტია. პირველი ის, რომ ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ვეტოს დაძლევის პროცესს მხარი დაუჭიროს 76-ზე ნაკლებმა დეპუტატმა. როგორც თავის დროზე საარჩევნო კანონმდებლობაზე რომ მოხდა, როდესაც საკონსტიტუციო პროექტი ჩავარდა და ვითომ საკონსტიტუციო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. ახლაც შესაძლებელია ასე მოხდეს, ოღონდ ეს ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს. ამით ისინი იტყვიან, რომ „ქართულმა ოცნებამ" კი არ დაიხია უკან, არამედ კონკრეტულმა დეპუტატებმა (ვეტოს დაძლევაზე) უარი თქვეს. ეს არის ერთი ოპტიმისტური ვერსია, რომლის იმედსაც ვიტოვებთ.
„მეორე და ალბათ უფრო მოსალოდნელი ვარიანტია, რომ ეს ვეტო დაიძლევა, რადგან ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენოს, რომ ისინი თავისას გაიტანენ. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ამას სანქციები მოჰყვება და პირველი ეტაპი სავიზო სანქციები იქნება. თუმცა, რაც შეეხება პროგრამების შეჩერებას, მე მგონია, რომ ამეიკული და ევროპული მხარე არჩევნების შედეგებს დაელოდება. თუ, ვთქვათ, არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ" ძალაუფლება შეინარჩუნა, მაშინ სანქციების სხვა პაკეტი ამოქმედდება, რომელიც პროგრამების შეჩერებას გულისხმობს.
„საპროტესტო აქციები იქნება და საკმაოდ მძლავრიც. ახლა მკვდარი სეზონი მოდის და სექტემბრიდან ისევ განახლდება, მითუმეტეს, რომ მერე საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება წინასაარჩევნო ფაზაში გადავა. ამ შემთხვევაში მგონია, რომ ვითარება უფრო დაიძაბება, რადგან „ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენებს ყველა ადმინისტრაციულ რესურსს. მერე ოქტომბერში მოსალოდნელია ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა.
„ოპოზიცია არჩევნებს დაელოდება, რადგან საკუთარი რესურსების მობილიზება მოახდინონ. ისინი გარკვეულ ტაქტიკას შეიმუშავებენ და შესაძლოა ოპოზიციური პარტიების საერთო სიები იყოს, რადგან ყველა პროდასავლურმა პარტიამ უპრობლემოდ გადალახონ 5%-იანი ბარიერი და შესაბამისად, პარლამენტში შევიდნენ". - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსის რამაზ საყვარელიძის აზრით კი, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ვეტოს დაძლევენ. ხოლო რაც შეეხება აქციებს, მისივე თქმით, ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შესაძლოა გაგრძელების სურვილი და ხალისი არ ჰქონდეთ.
„ხელისუფლებამ იმდენჯერ გამოაცხადა ვეტოს დაძლევას ვაპირებთო, რომ ახლა არ გაჩერდება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთიდან კანონის მოწინააღმდეგეებმა პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი პირობა წაუყენეს. ვფიქრობ, საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, რადგან პროცესები უკვე ძალიან ღრმადაა წასული.
„საპროტესტო აქციის სიძლავრე დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. მათ შორის იმაზე, ექნებათ თუ არა საპროტესტო მუხტის მქონე ადამიანებს ქუჩაში გამოსვლის სურვილი და ხალისი, რადგან ბოლო ხანებში ამ ადამიანებს გაუჩნდათ იმის პროტესტი, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამ პროცესებში ჩართულიყვნენ. ჩვენ გარკვეული ტიპის დაპირისპირებებიც ვიხილეთ. ამიტომ შესაძლოა ეს პროცესი მხოლოდ ახალგაზრდების ამარა დარჩეს.
„ასე თუ მოხდა, მაშინ ხელისუფლების გადაყენება უნდა მოითხოვონ. აბა, სხვა რაღა უნდა ქნან? აქამდე კანონის მიღებას აპროტესტებდნენ და თუ მას მიიღებენ, მეტი აღარაფერი რჩება. პოლიტიკური ძალების გარეშე კი ასეთი მოთხოვნის წაყენება, გინდ მოსახლეობაში და გინდ მათშივე, აჩენს კითხვას - დავუშვათ ეს მთავრობა გადადგა, მაგრამ შემდეგ ვინ მოვა?
„სტუდენტებს შორის ასეთი ჯგუფი, რომელსაც მერე ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია ექნება, არ არსებობს. ვისაც ამის პრეტენზია აქვს, ვგულისხმობ ოპოზიციას, ისინი ჯერჯერობით საპროტესტო აქციას ჩამოშორებული არიან.
„ასე რომ, თვითონ საპროტესტო აქციებში ლოგიკური მუხტი იმისა, რომ გამოსვლები გაგრძელდეს, შესაძლოა არ იყოს. არც ისაა გამორიცხული, რომ წამოაყენონ იდეა „აქციები არჩევნებამდე", თუმცა არ მგონია გრძელვადიანი აქციები მარტო სტუდენტების ხარჯზე იყოს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



