
შესაძლოა აშშ-ის მიერ დაანონსებულ სანქციებს ევროკავშირისგან შეზღუდვებიც წამოეწიოს - 27 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტია დაგეგმილი, სადაც ერთ-ერთი მთავარი სწორედ საქართველოს საკითხია. მანამდე ევროკავშირის ლიდერებისგან გასნსხვავებული გავცხადებები კეთდებოდა. ერთის მხრივ, საუბარი იყო „გავლენების კანონის“ უარყოფით ეფექტსა და მისი მიღების შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის სანქციების შესაძლო დაწესებაზე. მეორერს მხრივ კი იმაზე, რომ ევროპა „ძალიან ფრთხილად” უნდა იყოს, რომ არ შელახოს ქართველების ეროვნული გრძნობები.
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკის მიერ ევროპული საბჭოს კულუარებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად კი, 27-ში, სავარაუდოდ, საქართველოსთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
ანალიტიკოსების მოლოდინი ორშაბათის სამიტისთან დაკავშირებით განსხვავებულია.
წინასწარი განცხადებები შესაძლო სანქციებზე
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 27 მაისს დაგეგმილ შეხვედრას გამართავენ, სადაც საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განუცხადა.
მისი თქმით, საგარეო უწყების ხელმძღვანელები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე, საქართველოში არსებულ ვითარებაზე აზრს გაცვლიან და ამ პრობლემის ფარგლებში შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავენ.
მანამდე უკვე გაკეთდა კონკრეტული განცხადებები შესაძლო სანქციებზე.
„ჟოზეფ ბორელ, შარლ მიშელ, ურსულა ფონ დერ ლაიენ, არის რაიმე შანსი, რომ ევროკავშირმა მსგავსი სამგზავრო აკრძალვები შემოიღოს “ქართული ოცნების” ლიდერების წინააღმდეგ, როგორც აშშ-მა? უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთან მიმართებით ზომების ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან დაახლოება,“ - წერს სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი ფონ კრამონი.
გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ოთხი ქვეყანა, ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მოითხოვენ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს საბოლოოდ მიიღებს.
გარდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისა, შემზღუდავი ზომები, რომლებსაც ეს ქვეყნები მოითხოვენ, მოიცავს ევროპული ფონდებიდან გათვალისწინებული თანხების გაყინვას და მიზნობრივ სანქციებს. გამოცემის ცნობით, ინიციატორებს სანქციების საკითხის განხილვა სწორედ ზემოთ აღნიშნულ სამიტზე სურთ.
თუმცა, მოგვიანებით ამ სტატიასთან დაკავშირებით საქართველოში ნიდერლანდების საელჩომ საგანგებო განცხადება გაავრცელა და სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია უარყო.
საელჩოს განცხადებით, სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ნიდერლანდების წარმომადგენლების განცხადებებს.
ამასთან, „რადიო თავისუფლების“ მიერ 13 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოს შესახებ წერილით მიმართავენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელს და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის. ღია წერილს, რომელიც 10 მაისითაა დათარიღებული წერილს აწერენ: ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ირლანდიის, ლიეტუვის, პოლონეთის, დანიის, ფინეთის, გერმანიის, ლატვიის, ნიდერლანდების და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
წერილზე ხელმომწერი საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ მეორედ ინიციირებული „აგენტების კანონი“ საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის ცვლილების შემაშფოთებელი ნიშანია.
„ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების და ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც აშუქებდნენ პროტესტს, დათრგუნვა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების, შეუთავსებელია დემოკრატიასთან და ევროპულ ღირებულებებთან. მთავრობის შებრუნება დემოკრატიული დასავლეთიდან საკუთარ გამოსვლაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემაც გააძლიერა.
„გიგზავნით პირდაპირ და ნათელი მესიჯს, რადგან საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა მნიშვნელოვანია", - წერენ ევროპელი დიპლომატები და ითხოვენ, რომ მიეთითოს საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტულ შედეგზე, რაც მოჰყვება სადაო კანონის მიღებას.
თავად ბორელის პოზიცია კი ამ საკითხზე საკმაოდ მოზომილია.
„ჩვენ ძლიერ შეშფოთებულნი ვართ (კანონით). მეორე მხრივ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ შევლახოთ მათი ეროვნული გრძნობები. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ რბილი ენა და ამავე დროს გვქონდეს მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეესაბამება ევროპულ გზას და რა არა“, - აღნიშნა ჟოზეფ ბიორელმა.
ჟოზეფ ბორელმა ასევე განაცხადა, რომ არიან სხვა ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბმისობაში არ არიან და მაგალითად სერბეთი მოიყვანა.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა „გამჭვირვალობის კანონი“ მესამე მოსმენით მიიღო, რასაც მხარი უმრავლესობის 84-მადეპუტატმა დაუჭირა. 18 მაისს კი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო. „ოცნება“ აპირებს, რომ 27 მაისს ჯერ კომიტეტზე იმსჯელოს პრეზიდენტის ვეტოზე და შემდეგ კი, საბოლოოდ, 28 მაისს, პლენარულ სხდომაზე საბოლოოდ დაძლიოს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 15 მაისს „გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებისა და საპროტესტო გამოსვლების ფონზე, საქართველოს ეწვივნენ ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის (არ არის ევროკავშირის წევრი) საგარეო საქმეთა მინისტრები ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, მარგუს ცაჰკნა და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი.
რას გადაწყვეტენ ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელები ორშაბათს
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ სამიტზე მსჯელობა იქნება როგორც პერსონალურ სანქციებზე, ისე უვიზო მიმოსვლისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე. მისი თქმით, გაკეთდება „ძალიან ხისტი განცხადება“.
„განცხადება იქნება და ძალიან ხისტი. პერსონალურ სანქციებზეც იქნება საუბარი და უვიზო მიმოსვლისა და დახმარების პაკეტების შეჩერებაზეც. არ იქნება საუბარი იმაზე, რომ, ვთქვათ, კანდიდატის სტსტუსს წაგვართმევენ, მაგრამ სტატუსი რომ გაიყინება, ამაზე მსჯელობა იქნება.
„უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საუბარი იქნება, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილებას ალბათ არ მიიღებენ - იქნება ნათქვამი, რომ შეაჩერებენ, თუ „ოცნება“ ვეტოს გადალახავს. კანდიდატის სტატუსის უკან გაწვევა და პერსონალური სანქციები აუცილებლად კონსენსუსით ხდება, ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, 14 სახელმწიფოს მხარდაჭერაა საკმარისი.
„პერსონალური სანქციები იქნება ზუსტად იგივე სახის, რაც აშშ-დან ითქვა - ვინც ამ კანონს უშუალოდ მიიღებს და ვისაც ეს ეხება, მაგალითად პრემიერ-მინისტრი კანონს არ იღებს, მაგრამ ხომ იღებს მონაწილოებას ამ კანონის წინსვლაში?! ამიტომ აუცილებლად მასაც დაუწესდება. ასევე ძალოვნებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ, პირველ რიგში ხელმძღვანელ პირებს. ანუ პირადი სანქციებიც დაწესდება და გარკვეულ სანქციებს ქვეყანაც მიიღებს, რაც ნიშნავს იმას, რომ დახმარებაც შეგვიმცირდება ამის გარდა, სავიზო რეჟიმი შეიძლება გაჩერდეს. (ხისტ განცხადებაში) კი ალბათ დაემუქრებიან ამ სანქციებით, თუ მთავრობა გონზე არ მოვა.
„სამიტის გადაწყვეტილებაზე საქართველოში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტიც მოახდენს. ისლანდია არ ითვლება, ის ევროკავშირის წევრი არაა, მაგრამ როგორც მინიმუმ ევროკავშირის იმ სამი ქვეყნის მინისტრმა, რომლებიც აქ იყვნენ, შეიტანეს განცხადება იმაზე, რომ საქართველოს ჩამოერთვას უვიზო მიმოსვლა. მათ რაც აქ თავიანთი თვალით ნახეს, რაც ილაპარაკეს და ა.შ., ამ ყველაფერზე სამიტზე იქნება საუბარი“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.
კითხვაზე, უახლოეს პერიოდში რამდენად მოსალოდნელია ისეთი სანქციების დაწესება, რომელიც კონსენსუსის პირობებში, 27-ივე ქვეყნის თანხმობით ხდება და რა არის მოსალოდნელი უნგრეთის შემთხვევაში, რომელიც საქართველოს მთავრობას უჭერს მხარს, გოგოლაშვილმა გვითხრა:
„უნგრეთი რუსერთთანაც იკავებდა თავს, მაგრამ საბოლოო ჯამში დათანხმდა. თუ დასჭირდათ, უნგრეთსაც აიძულებენ“, - დასძინა გოგოლაშვილმა.
მისივე თქმით, შესაძლო სავიზო შეზღუდვები, თუ ასეთი გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული იქნება, არ შეეხება ევროპის ჩმეპიონატს ფეხბურთში, რომელიც 14 ივნისს იწყება.
„როცა უვიზო რეჟიმს აუქმებენ, მოსამზადებლად მინიმუმ ერთ თვეს აძლევენ. ასეთ დროს საკონსულოებიც უნდა მომზადდეს, ვიზები უნდა შეუტანონ, შტატი უნდა დაატრენინგონ, რომელიც ვიზების გაცემაზე იმუშავებს და ა.შ. ერთიდან სამ თვემდე აძლევენ ხოლმე ვადას, გააჩნია რამდენად სასწრაფო იქნება“, - განაცხადა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან“.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ სამიტზე ალბათ გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რითაც საქართველოს ხელისუფლების მისამართით გარკვეული სიგნალები გაიგზავნება, თუმცა ევროკავშირის სტრუქტურები ცალკეული ევროპარლამენტარების მოწოდებებით არ ხელმძღვანელობენ და ნაკლებ სავარაუდოა, რომ ისეთ ნაბიჯებზე წავიდნენ, როგორიცაა სტატუსის უკანგაწვევა, ან უვიზო მიმოსვლის შეჩერება.
„ალბათ გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებული იქნება. ალბათ საქართველოს ხელისუფლებას სიგნალი გამოეგზავნება, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირთან გაწვერიანების შესახებ მოლაპარაკებები არ გაიხსნება და შესაძლოა იყოს საუბარი დაფინანსების შეჩერებაზე გარკვეული მიმართულებით.
„კანდიდატი სტატუსის უკან გაწვევის პრეცედენტი ევროკავშირის პრაქტიკაში არ მახსენდება. არანაირად არ მგიონია, რომ ამ ნაბიჯზე წავიდნენ, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა, უბრალოდ ისინი საკუთარ პროცედურას დაარღვევენ.
„რაც შეეხება უვიზო რეჟიმის გადახედვას, ამ მხრივ კონსენსუსია საჭირო და რამდენი ქვეყანა დათანხმდება ამას, საკითხავია. ევროკავშირს შეუძლია უვიზო რეჟიმი გააუქმოს, სხვა დამსჯელი ღონისძიებებიც განახორციელოს, მაგრამ ამით ევროკვშირს რა? ან თუნდაც აშშ-ს, რომელიც ახლა თავის მხრივ სადამსჯელო პაკეტს ამზადებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და თან კიდევ პარალელურად აცხადებს, რომ თითქოს ეს ქართველი ხალხის მხარდაჭერის მიზნით კეთდება.
„თუ მათ ჰგონიათ, რომ ამით პოზიციას რაღაცნაირად წაახალისებენ, დამატებით სტიმულს მისცემენ და მათ პოზიციებს გააძლიერებენ, მე არ მგონია, რომ ეს ასე მოხდეს. მაინც ვიხრები იქითკენ, რომ ისინი (ევროკავშირის ლიდერები) უფრო პრაგმატულები იქნებიან თავიანთ გადაწყვეტილებებში, რაღაც სადამსჯელო ზომებს შემოიღებენ, მაგრამ ვიზალიბერალიზაციაზე უარის თქმას მემგონი მაინც მოერიდებიან.
„ივნისში ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართება და არავინ იცის ვიოლა ფონ კრამონი, ფოტიგა, ლექსმანი და ენმ-სა და ოპოზიციის სხვა მეგობრები მოხვდებიან თუ არა მომავალ პარლამენტში. არ მგონია, რომ მათ მოწოდებებს რაღაც მაგიური ზეგავლენა ჰქონდეთ. ისინი პოლიტიკოსები არიან, ეს მათი საქმეა, მოწოდებებს შესაძლოა იმისათვის აკეთებენ, რომ გარკვეული ვალი მოიხადონ, ან ფინანსური და რაღაც დაიტერესება ჰქონდეთ (ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია და არ ვამტკიცებ), მაგრამ ცელკეული ევროპარლამენტარების მოწოდებებით ევროკავშორის აღმასრულებელი სტრუქტურები არ ხელმძღვანელობენ. ისინი ხელმძღვანელობენ ფართო პოლიტიკური მიდგომებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ევროკავშირის სტრატეგიულ მიზნებს ადგება თუ არა და მე მაინც მგონია, რომ იქ არიან პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ალბათ იფიქრებენ, თუ ვის წისქვილზე დაასხამენ წყალს და ვის გავლენებს გააძლიერებენ საქართველოში.
„დამსჯელი ზომები შესაძლოა ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილს მოეწონოს, რომელიც ოპოზიციის მიტინგებზე დადის, მაგრამ საზოგადოების გაცილებით უფრო დიდ ნაწილში ეს აღძრავს ანტიდასავლურ და ევროსკეპტიკურ განწყობილებებს. სავარაუდოდ ეს მათ იციან და ამიტომაც რაღაც ზომებს კი გაატარებენ, მაგრამ ეს ზომები არ იქნება ისეთი, რომ ამან საქართველოში ანტიევროპული და ანტიდასავლური ვნებათაღელვა გამოიწვიოს. თუმცა იქიდან გამოდინარე, თუ დღეს ევროპაში რა პოლიტიკური განწყობებია, მე მაინც ბოლომდე არაფერს არ გამოვრიცხავ, უბრალოდ, მათი კეთილგონიერების იმედი მაქვს“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



