რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვას დროებით აუქმებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში პირველ ივლისამდე იმოქმედებს, შემდეგ კი, რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი ისევ აიკრძალება. საინტერესოა, ამ 40 დღის განმავლობაში გადაერთვება თუ არა საქართველო ისევ რუსეთის ბაზარზე?
როგორც დადგენილებაში წერია, რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა გადაწყვეტილება ბენზინის ექსპორტზე შეზღუდვების დროებითი მოხსნის შესახებ, რომელიც 30 ივნისის ჩათვლით იმოქმედებს. ამავე დადგენილებით, 1-ლი ივლისიდან შეზღუდვა კვლავ დაბრუნდება და 31 აგვისტოს ჩათვლით იქნება ძალაში.
რუსეთის მთავრობა წერს, რომ გადაწყვეტილება საავტომობილო საწვავის შიდა ბაზრის გაჯერების გათვალისწინებით, ასევე საავტომობილო ბენზინის გადაჭარბების გამო ცალკეულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში გადამუშავების მოცულობის შემცირების თავიდან ასაცილებლად მიიღეს. ამასთან, საჭირო გახდა პორტების გათავისუფლება საწვავის იმ მოცულობისგან, რომლის ექსპორტიც დაგეგმილი იყო, მაგრამ შეზღუდვების დაწესების შემდეგ უშუალო მწარმოებლების მიერ არ იქნა ექსპორტირებული.
საინტერესოა, ამ გადაწყვეტილებით ისარგებლებს თუ არა საქართველო და ისევ დაიწყებს თუ არა ბენზინის შესყიდვას რუსეთიდან, რომელიც სხვა ქვეყნების ნავთობპროდუქტზე იაფია?
ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვახტანგ იობაშვილის ინფორმაციით, ეს ყველაფერი ფასზეა დამოკიდებული. თუკი რუსული საწვავი ევროპულზე იაფი იქნება, მაშინ მათგან ბენზინის შემოტანა განახლდება.
"საერთოდ, რუსეთი თავის პროდუქტს თუ არ მოგვცემს, მარტივი ენით რომ ვთქვათ, ევროპულზე იაფად, მაშინ, ჩვენ არ წამოვიღებთ. თუ ფასდაკლებას არ შემოგვთავაზებს, რასაც თავიდან აკეთებდა, მაშინ არ გვინდა. რუსული და ევროპული საწვავი თუ ერთი და იგივე ფასი იქნება და ერთსა და იმავე რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ, მაშინ, რასაკვირველია, რუსეთში ყიდვას და აქ შემოტანას აზრი ეკარგება. ასე რომ, ჩვენ დაველოდებით რა ფასს შემოგვთავაზებს რუსეთი. სადაც საწვავი იქნება იაფი, სწორედ იქ შევიძენთ.
ბენზინი თუ უფრო იაფი ეღირება რუსეთში, ჩვენთვის ამას ექნება მნიშვნელობა და სარეალიზაციო ფასშიც გაუმჯობესება გვექნება, მაშინ, რატომაც არა?! თუ რუსეთიდან ჩვენთვის მისაღები წინადადება გაჩნდება, ბუნებრივია, არაფერი შეგვიშლის ხელს, სადაც საწვავი იქნება იაფი, სწორედ იქ ვიყიდი"~, - განუცხადა "რეზონანსს” ვახტანგ იობაშვილმა.
ამავე დროს, ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ საწვავზე შესაძლო დეფიციტის კატეგორიულად გამორიცხა.
„ვერ დავეთანხმები ვერც ერთ ექსპერტს, რომ ჩვენ რაიმე დეფიციტი შეგვექმნა. შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი საშიშროება ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა, არ იქნება და არც მოსალოდნელია.
რუსეთში არის დეფიციტი იმიტომ, რომ გადამამუშავებელი კომპლექსები თანდათან ხელში ადნებათ. ახლა წავიდა იმაზე ლაპარაკი, რომ ალბათ, ძალიან მალე რუსეთი მოხსნის ემბარგოს და შემოგვთავაზებს, მაგრამ მინდა გითხრათ, თუ ის ჩვენ არ მოგვცემს კარგი ფასდაკლებით საწვავს და იქნება იგივე ფასი, რაც ევროპიდან მოდის, მაშინ რა აზრი აქვს?! უნდა მოგვცეს ფასდაკლებით და თუ არადა დავრჩებით ისევ დღევანდელ მოცემულობაში“, - განაცხადა იობაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს შიდა სანავთობო ბაზარი სარკისებურად არის დაკავშირებული იმ მოვლენებზე, რაც საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარეობს.
„ამ პოლიტიკას განსაზღვრავს დადგენილებები. წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ. გეთანხმებით, რომ გვაქვს კლების ტენდენცია, მაგრამ ჩვენ რომ მყისიერად მოვახდინოთ რეაგირება აღნიშნულ თემაზე, ეს არც ისე დიდი რყევებია, რადგან ქვეყანაში ძალიან დიდი მარაგებია. ნებისმიერ დიდ კომპანიას საჯმაო მარაგი აქვს დღეისთვის შექმნილი. მოკლევადიანი რყევები ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს“, - აღნიშნა იობაშვილმა.
როგორც გარიკვა, ბიზნესის დიდი ნაწილი ამ შემთხვევით ისარგებლებს და რუსეთიდან ბენზინის შესყიდვას ისევ დაიწყებს. "სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ზაალ იაკობიძემაც დაადასტურა, რომ რუსეთში ექსპორტის შეზღუდვის ისევ დაწესების შემდეგ, საქართველო ევროპულ ბაზარს დაუბრინდება.
"უკვე ცნობილია, რომ რუსეთის მთავრობამ შეზღუდვა გააუქმა. მართალია, ეს მოკლევადიანია, მაგრამ რუსეთიდან ბენზინის მოწოდება, რა თქმა უნდა, განალხდება, რადგან მათი პროდუქტი უფრო იაფია და ტრანსპორტირებაც გაცილებით ადვილია. შემდეგ კი, როდესაც შესაბამისი დრო ამოიწურება და ექსპორტზე შეზღუდვა ისევ ამოქმედდება, ევროპის ბაზარზე გადავერთვებით. ასეთი შემთხვევა უკვე რამდენჯერმე გვქონდა და ახლაც ასე მოხდება”, - აღნიშნა "რეზონანსთან” საუბრისას ზაალ იაკობიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობამ გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის ნიველირების მიზნით ბენზინის ექსპორტი 1-ლი მარტიდან ექვსი თვის ვადით - 31 აგვისტოს ჩათვლით აკრძალა. ბენზიზე მოთხონა რუსეთში საზაფხულო შვებულებებისა და საველე სამუშაოების სეზონზე, ასევე, გადამამუშავებელ ქარხნებში დაგეგმილი რემონტის დროს იზრდება, რისი კომპენსირებაც საჭირო გახდა. შეზღუდვა არ შეეხებია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ასევე, მონღოლეთს, უზბეკეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, ე.წ. "სამხრეთ ოსეთსა” და აფხაზეთს.
რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი 21 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით შარშანაც აიკრძალა. წელს რუსეთიდან შემოტანილი ბენზინის კომპენსირება ძირითდად ორი ქვეყნიდამ - ბელორუსიდან და თურქმენეთიდან მოხდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე