რეზონანსი
(16.05.2024)

სლოვაკეთის პოლიციამ მამაკაცს, რომელიც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმისთვის დააკავეს, ბრალი მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, - ინფორმაციას CNN-ი სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაკავებულის ვინაობა ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა, სლოვაკური მედიის ცნობით, ის 71 წლის სლოვაკი მწერალი და პოეტია.

გუშინ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო სროლის დროს დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტი დედაქალაქ ბრატისლავიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 150 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა. ეჭვმიტანილი ადგილზე დააკავეს.

ბანსკა-ბისტრიცას საავადმყოფოს დირექტორმა, მირიამ ლაპუნიკოვამ დღეს განაცხადა, რომ რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ძალიან მძიმე. სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის, რობერტ კალინიაკის თქმით, რომელიც პრესკონფერენციას ბანსკა-ბისტრიცას საავადმყოფოს დირექტორთან ერთად დაესწრო, ექიმები პრემიერ-მინისტრის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველაფერს აკეთებენ და აღნიშნა, რომ დამატებითი ინფორმაცია დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე