რეზონანსი
(15.04.2024)

პარლამენტის ტრიბუნა არ არის ადგილი, სადაც დეპუტატები მუშტით უნდა უსწორდებოდნენ ერთმანეთს, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას ნეგატიურად აფასებს.

„ამ ფაქტს ძალიან ნეგატიურად ვაფასებ და ამ ქმედებას კიდეც გავემიჯნე. პარლამენტის ტრიბუნა არ არის ადგილი, სადაც დეპუტატები მუშტით უნდა უსწორდებოდნენ ერთმანეთს, თორემ აქამდეც სახიფათო გახდებოდა იქ დგომა. რაც შეეხება, თუ რის გამოც დაიწყო ყველაფერი, ვხედავთ იმას, რაზეც დიდი ხანი ვაფრთხილებდით საზოგადოებას. ეს არის მტრობის კანონი, საზოგადოების დაპირისპირების, გაყოფისა და ჩხუბის კანონი. დღეს დავინახეთ, რა შედეგი მოჰყვა ამ კანონის განხილვას, თორემ ალეკო ელისაშვილიც და მამუკა მდინარაძეც აქ სხედან ოთხი წელია და საქმე აქამდე არ მისულა. არ მესმის, ვის იმედად ვემიჯნებით ამერიკის შეერთებულ შტატებს, გერმანიის კანცლერს, ევროკავშირს და ვის იმედად ვიწვევთ შიდა დაპირისპირებას, რომელიც გამოიხატებოდა დღეს როგორც პარლამენტის გარეთ გამპროტესტებელთა რაოდენობით, ასევე პარლამენტის შიგნით. ამას რატომ ვაკეთებთ და რისთვის გვჭირდება, ამისი მოტივი ჯერ არავის აუხსნია", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე