რეზონანსი
(15.03.2024)

კიდევ ერთხელ მივულოცე ბატონ ილია დარჩიაშვილს გასული წლის დეკემბერში ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებში მეტი ინტეგრაციისთვის, - ამის შესახებ აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა განაცხადა.

„ჩვენი სამმხრივი შეხვედრების მექანიზმი, რომელიც აგებულია კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და ისტორიულ, მეზობლურ კავშირებზე, არის უნიკალური პლატფორმა ჩვენი საერთო ინტერესებისა და საზრუნავების განსახილველად. დღეს ჩემს პატივცემულ კოლეგებთან კონსულტაციების დროს განვიხილეთ ასევე რეგიონში მიმდინარე სამშვიდობო და ნორმალიზაციის პროცესები. ბატონმა ბაირამოვმა მოგვაწოდა ინფორმაცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმებების, მოლაპარაკებების, უახლესი მოვლენების შესახებ. კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ სომხეთთან ნორმალიზაციის პროცესს აზერბაიჯანთან კოორდინაციით განვახორციელებთ. მეორე მხრივ, ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის პოლიტიკის მიმართ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ მივულოცე ბატონ ილია დარჩიაშვილს გასული წლის დეკემბერში ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებში მეტი ინტეგრაციისთვის", - აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და ჰაქან ფიდანთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე