რეზონანსი
(13.01.2024)

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი შეფასება გამოაქვეყნა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანგარიშის თანახმად, Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე, „პოზიტიური შეფასებით" შეინარჩუნა.

„Fitch Ratings-ის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ისეთ ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობს პოზიტიური პერსპექტივის შენარჩუნებას. საუბარია ძლიერ მმართველობაზე, მნიშვნელოვნად მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, ინფლაციის შემცირებაზე, სანდო მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოზე, ძლიერ საბანკო სექტორზე და სხვა. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ასევე ხაზს უსვამს ევროკავშირში მიღების პერსპექტივასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობას", - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე ცნობით, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ძლიერმა საბაზო ეფექტებმა და მყარმა ლარმა 2023 წლის ბოლოსთვის ინფლაციის 0.4%-მდე შემცირება განაპირობა (სებ-ის მიზნობრივი მაჩვენებელი: 3%).

„Fitch-ი მოელის, რომ 2024-25 წლებში საშუალო წლიური ინფლაცია სებ-ის მიზნობრივ ფარგლებში დარჩება. ეროვნულმა ბანკმა 2023 წელს განაკვეთები მხოლოდ 150 საბაზო პუნქტით 9,5%-მდე შეამცირა და მზადაა, შერბილების ტემპთან ფრთხილი იყოს, რათა თავიდან აიცილოს გადაჭარბებული საკრედიტო ზრდა (ნომინალური 17,3% 2023 წლის ნოემბრისთვის)", - ნათქვამია Fitch Ratings-ის ანგარიშში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე