სამშაბათს შუადღიდან სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსთან სტიქიურად დაიწყო მოქალაქეების შეკრება. ადგილზე მობილიზებული არიან ძალოვნებიც და უკვე მოხდა რამდენიმე მცირე ინციდენტი მათსა და აქციის მონაწილეებს შორის. ყოველივე ეს კი გამოიწვია დე ფაქტო ხელისუფლების მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ, რომ ე.წ. პარლამენტში ბიჭვინთის რუსეთისათვის გადაცემის საკითხი აქამდე დაგეგმილი 28 დეკემბრის ნაცვლად, 27-ში გაეტანათ განსახილველად.
აფხაზური „ტელეგრამ" არხების ინფორმაციით, ვითარება თანდათან უახლოვდება კრიტიკულს და დაძაბულობა პიკს სავარაუდოდ ოთხშაბათს, 27 დეკემბერს მიაღწევს. საგანგებო განცხადებით გამოვიდა დე ფაქტო გენერალური პროკურორი ადგურ აგრბა, რომელმაც მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ „ოპოზიციის არასანქცირებული მიტინგში მონაწილეობისაგან".
მისივე თქმით, თუკი „რესპუბლიკაში" შეიქმნება დესტაბილიზაციის საფრთხე, ძალოვანი სტრუქტურები მიმართავენ „კანონით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებებს".
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობდა აფხაზეთში მოქმედი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტირებას, რომლებიც ყველაზე აქტიურად გამოდიან „ამ შეთანხმების" წინააღმდეგ. მაგალითად, ორშაბათს ინტრენეტში გაჩნდა მათ მიერ დასავლეთიდან დაფინანსების მიღების დამადასტურებელი ქვითრების ასლები, რითაც „პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ ეს ყველაფერი მორიგი „ფერადი რევოლუციის" მცდელობაა, რომლის უკანაც დასავლეთი დგას. თუმცა, რამდენად მუშაობს ეს პროპაგანდა აფხაზურ საზოგადოებაზე, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია.
წინაისტორია
საუბარია ბიჭვინთაში მდებარე საბჭოეთის დროინდელი სამთავრობო აგარაკების კომპლექსზე, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებამ თითქმის 2 წლის წინ ოფიციალურად გადასცა რუსეთს, თუმცა ე.წ. პარლამენტი აქამდე უარს აცხადებდა 2022 წლის თებერვალში ხელმოწერილი ამ „შეთანხმების" რატიფიკაციაზე.
ამ ე.წ. შეთანხმების თანახმად, რუსეთს 49 წლის ვადით იჯარით გადაეცემა ბიჭვინთაში, ზღვის სანაპიროზე მდებარე 184 ჰექტარი ფართობის ტერიტორია მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით, ასევე ამ მონაკვეთის შესაბამისი საზღვაო აკვატორია.
იჯარის გადასახადი სიმბოლურია - წელიწადში 1 რუბლი.
შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ, იგი ავტომატურად გაგრძელდება 15 წლით და პერიოდულად, 15 წელიწადში ერთხელ, იგივე განმეორდება.
მეიჯარეს (რუსულ მხარეს) ამ მონაკვეთზე კაპიტალური მშენებლობის უფლება აქვს, თანაც ისე, რომ მის მიერ აქ არსებულ შენობებზე საკუთრების უფლება მასვე რჩება.
ასევე საინტერესოა, რომ შეთანხმების მოქმედების შეჩერება არ იწვევს ამ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეწყვეტას.
ყოველივე ამან თავიდანვე გამოიწვია აფხაზური საზოგადოების მწვავე პროტესტი და ოპოზიციის კრიტიკა. დე ფაქტო ხელისუფლებასაც კარგად ესმის საკითხის სიმწვავე და სხვადასხვა საბაბით შეძლებისდაგვარად აჭიანურებდა ამ საკითხის განხილვას. შემოდგომაზე ბიჭვინთის საკითხის მორიგი გადადების მიზეზად ის დასახელდა, რომ „შეთანხმებაში" რუსეთისათვის იჯარით გადასაცემი ტერიტორიის კოორდინატები არასწორად იყო მითითებული. თუმცა, ეს „ხარვეზიც" გასწორდა და 21 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო პარლამენტი 28 დეკემბერს განიხილავდა მის რატიფიკაციას.
ამის შემდეგ აფხაზეთში დაიწყო მასობრივი კამპანია რატიფიკაციის წინააღმდეგ, რაშიც პრაქტიკულად მთელი აფხაზური საზოგადოება აღმოჩნდა ჩართული. დაანონსდა მასშტაბური აქციაც 28 დეკემბერს. თუმცა, სამშაბათს გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ საკითხის განხილვის თარიღი მოულოდნელად შეცვალა, მწვავე რეაქცია გამოიწვია.
იქნება თუ არა მორიგი „რევოლუცია"
როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, დე ფაქტო ხელისუფლებამ სწორედ მასობრივი პროტესტის შიშით შეცვალა საკითხის განხილვის თარიღი. მისი აზრით, ე.წ. რატიფიკაციის 28-დან 27 დეკემბრისთვის გადმოტანას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა - ჩაეშალათ ოპოზიციისა და არასამთავრობოების გეგმები და დრო არ დაეტოვებინათ მათთვის ხალხის მასობრივი მობილიზაციისათვის. თუმცა, ამან შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოიღოს.
„ფაქტია, რომ 28 დეკემბრიდან გადმოიტანეს 27-ში და ეს ნიშნავს, რომ ვითარება კრიტიკულია. აშკარად შეეშინდათ მობილიზაციის, რადგან ოპოზიციამ გამოაცხადა მობილიზაცია და 28-ში სერიოზული მიტინგის ჩატარება. მმართველმა ძალამ წინსმსწრებად განახორციელა ღონისძიება, რათა ვერ მოასწროს ოპოზიციამ მობილიზაცია ჩაუფლავდეთ და მათ უფრო სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება შეთანხმების რატიფიკაციაზე.
„ახლა ოპოზიციამ გამოაცხადა „27-ში ვიკრიბებითო" და სერიოზული მოწოდებაა „ტელეგრამ" არხებში, „ფეისბუქზე" - სახლში არ დარჩეთ, გამოდით, ხელისუფლებას ვაჩვენოთ, რომ ისინი უმცირესობაში არიან და არ შეიძლება საზოგადოების ნების გარეშე ასეთი სერიოზული სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღონ. ასე რომ, ოთხშაბათს დაძაბულობა არის მოსალოდნელი დილიდანვე და შეიძლება იყოს სერიოზული შეხლა-შემოხლაც, გამორიცხული არაფერი არაა.
„იმედია, (დე ფაქტო) ხელისუფლება თავიდან აიცილებს სისხლისღვრას. თუ ეს ვერ მოხერხდა, ამან შეიძლება გამოიწვიოს უკვე შეუქცევადი პროცესები და რევოლუციური სცენარი. ანუ 27-ში მართლა შეიძლება სერიოზული დაძაბულობა იყოს, შეიძლება - არა. შეიძლება ახალი წლის დღეები იმიტომ შეარჩია ხელისუფლებამ, რომ ახალი წლის მოდუნებული პოზიცია გამოეყენებინათ. შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილი მართლაც არ გამოვიდეს, იფიქროს, რომ აზრი არ აქვს ბრძოლას", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მან „რეზონანსთან" იმაზეც ისაუბრა, თუ რეალურად რა ცვლილებები მოჰყვება ამ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას.
„რატიფიკაციას მოჰყვება ის, რომ რუსეთი მთლიანად გააკონტროლებს ბიჭვინთის ტერიტორიას, ტყე-პარკს. იქ არის ორი სოფელი, სადაც ცხოვრობს მოსახლეობა და იქიდან მოხდება მოქალაქეების გასახლება, ჩაიკეტება გზები. ბიჭვინთა რომელიც არის საკმაოდ საინტერესო, მიმზიდველი საკურორტო მხარე, გახდება უფრო უინტერესო, იმიტომ, რომ ვეღარ გადაადგილდები. ტურისტები რომ ჩამოდიოდნენ ბიჭვინთაში დღემდე, მათ აღარ შეეძლებათ ამ უნიკალური ტყე-პარკის გამოყენება და იქ სეირნობა.
„ეკონომიკურადაც შეიძლება იყოს სერიოზული ზიანი ბიჭვინთისა და აფხაზეთისათვის. იმიტომ, რომ იქ ჩამოვლენ მხოლოდ რუსი „ბობოლები", ჩინოვნიკები. იქნება სერიოზული დაცვა. ასე რომ, თავისუფლად ვეღარ გადაადგილდები, ყველგან გადაეყრები დაცვას, რაც სერიოზული გამოწვევა იქნება ტურისტებისათვის და არა მარტო მათთვის, ასევე ადგილობრივებისათვის.
„მეორე მხრივ, ამ ჯოხს მეორე მხარეც აქვს - მოხდება აფხაზური და რუსეთის საზოგადოებების გაუცხოება. ეს ისედაც ხდება, მაგრამ ახლა უფრო.
„ბიჭვინთის თემა მარტო ბიჭვინთას არ ეხება. ეს გაუხსნის გზას სხვა ტერიტორიების მითვისებას. რუსეთს არ უღირს აფხაზი საზოგადოების გაბრაზება, მაგრამ თუ მთელ აფხაზეთს „ჩაიჯიბებს", რაღაში სჭირდება აფხაზური საზოგადოების აზრი?! ბიჭვინთა მაინც ბიჭვინთაა. ამიტომ ბიჭვინთით იწყება ახალი პროცესი, რომლითაც რუსეთი არ დაკმაყოფილდება", - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე