ელზა პაპოშვილი
(26.12.2023)

წინასაახალწლოდ, 30 დეკემბერს, მმართველი პარტიის ყრილობა გაიმართება. ოფიციალური ინფორმაციით, მთავარი განსახილველი საკითხი ახალი პოლიტსაბჭოს ფორმირებაა, რომლის შემადგენლობაც წინასწარ უკვე გამოცხადდა. თუმცა, ოპოზიცია ეჭვობს, რომ ყრილობის მოწვევის რეალური მიზეზი სულ სხვაა და მასზე შესაძლოა ბიძინა ივანიშვილიც მივიდეს. უნდა ველოდოთ თუ არა წინასაახალწლოდ „ოცნებაში“ მოულოდნელ ცვლილებებს?

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ახლა „ოცნებას“ არ აქვს ისეთი მდგომარეობა, რომ ივანიშვილის დახმარება სჭირდებოდეს. ხოლო თუ ის პლიტიკაში მესამედ გადაწყვეტს დაბრუნებას, ეს მხოლოდ ახალი გუნდით და შემადგენლობით მოხდება, თუმცა „ოცნების“ სახელით. „რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსები იმ მიზეზსაც ასახელებენ, რამაც შესაძლოა ივანიშვილს ამ ნაბიჯისაკენ უბიძგოს.

მანამდე კი, რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ რუსთაველის თეატრში რამაზ ჩხკვაძის საიუბილეო საღამოზე გამოჩნდა. ოპოზიცია ეჭვობს, რომ მისი ეს ქმედება მიზანმიმართული იყო და ის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს.

ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ინტრიგას კიდევ უფრო აძლიერებს ის ფაქტი, რომ, მათი ინფორმაციით, თავად სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელთათვისაც კი ყრილობის მოწვევა მოულოდნელობა იყო და რომ ეს გადაწყვეტილება პარტიის მენეჯმენტმა სწორედ ივანიშვილის დავალებით მიიღო.

რა არის ცნობილი „ოცნების“ ყრილობაზე 

30 დეკემბერს ყრილობის გამართვის გადაწყვეტილება „ოცნებამ“ 22 დეკემბერს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აცნობა.

„პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 30 დეკემბერს გაიმართება პარტიის ყრილობა 350-მდე დელეგატის მონაწილეობით. ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში განხილული იქნება საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე ინფორმაციით, პარტიის ახალი წესდების შესაბამისად, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში 20-ის ნაცვლად 15 წევრი აირჩევა და მათ შორის აღარ იქნებიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაასახელა პარტიის ის წევრები, რომელთაც პოლიტსაბჭოს წევრებად 30 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე აირჩევენ.

„პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 30 დეკემბერს გაიმართება პარტიის ყრილობა 350-მდე დელეგატის მონაწილეობით. ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში განხილული იქნება საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. 

„გარდა ამისა, პარტიის ყრილობაზე განახლდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, პარტიის წესდებაში განხორციელდება მცირე ცვლილება და პარტიის ყრილობის მიერ პოლიტიკური საბჭოში აირჩევა 15 წევრი, ნაცვლად მანამდე განსაზღვრული 20 წევრისა. 

„პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება პოლიტიკური საბჭოს შემდეგი შემადგენლობა: ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, თორნიკე რიჟვაძე, გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი და მარიამ ქვრივიშვილი. პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე. ყრილობის გამართვის დეტალების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაგიზიარებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვას, დარჩებიან თუ არა კახა კუჭავა და ეკატერინე ტიკარაძე პარტიაში, პოლიტიკური საბჭოს დატოვების მიუხედავად, კობახიძე პასუხობს: „დიახ“.    

გარდა ამისა, კობახიძემ უპასუხა კითხვას, დაესწრება თუ არა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ყრილობას. მისი თქმით, „პოლიტსაბჭოზე ეს თემა განხილვის საგანი არ ყოფილა“.

„მისი გადაწყვეტილება იყო ის, რაც უკავშირდებოდა პოლიტიკიდან გასვლას, თუ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება და გუნდი მიესალმება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

რა შემთხვევაში დაბრუნდება ივანიშვილი 

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ამ ეტაპზე, „ქართულ ოცნებას“ არა აქვს ისეთი სიტუაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის დახმარება საჭიროებდეს. როგორც მან „რეზონანსთან“ განაცხადა, ხვალ რომ არჩევნები იყოს, „ოცნებას“, ამ მოცემულობით, ოპოზიციის ძალიან მწარედ დამარცხება შეუძლია და უმრავლესობით ხელისუფლებაში დარჩენის შანის აქვს. 

„ოპოზიციისდა სამწუხაროდ, არცერთი გამოკითხვა, რომელიც ბოლოს ჩატარდა, მათ სასიკეთოდ არაფერს ამბობს. „ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად გამოყოფილი ჯგუფისა, 5%-იან ბარიერს მაინც გადალახავს. იგივეს იზამს „ოცნება“. ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტიების ბედი კი გაურკვეველია. „ოცნება“ ამ მოცემულობით, უმრავლესობას მაინც იღებს. ამიტომ ამ ეტაპზე მათ ბიძინა ივანიშვილის დახმარება არაფერში სჭირდებათ.

„თუმცა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება და მიზეზი, რის გამოც შესაძლოა ის პოლიტიკაში  ოფიციალურად გამოჩნდეს - თუკი ოპოზიციურ ფლანგზე გამოჩნდება ე.წ. მესამე ძალა, რომელიც ხელისუფლებას საფრთხეს შეუქმნის. ანუ ოპოზიციური ხმების გადაბირების შანსი გაჩნდება და კოალიციური მთავრობის შექმნის ალბათობა გაიზრდება. ან ოპოზიციურ  ფლანგზე ორი ან სამი ჯგუფი გაჩნდება ისეთი, რომელსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის გარანტირებული შანსი ექნება. ამ შემთხვევაში  „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება სხვა გზით წავიდეს და მაშინ ბიძინა ივანიშვილის დახმარება ნამდვილად დასჭირდება. 

„თუმცა, ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ის ამ გუნდით უკან არ დაბრუნდება. ის შეცვლის როგორც პრემიერს, ასევე პარლამენტის შემადგენლობას. ისევ „ოცნების“ სახელით მოვა, მაგრამ შეცვლილი ხალხით“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ დაბრუნდება, რადგან ახლა არც პირადად მას და არც „ოცნებას“ ამის საჭიროება არ უდგას. თუმცა გამორიცხვით ბოლომდე მაინც არაფერს გამორიცხავს. 

„არ მგონია, რომ ივანიშვილი ისევ ოფიციალურად პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებდეს. მითუმეტეს „ოცნების“ ამ გუნდთან ერთად. მე მაინც მიმაჩნია, რომ თუ მას პირადად რაიმე საფრთხე არ დაემუქრა და არ ჩათვალა, რომ პრობლემები შეიძლება შეექმნას, უკან ოფიციალურად არ დაბრუნდება. მას 2012 წელს ეს სჭირდებოდა იმისთვის, რომ რუსეთიდან მიეღო ის ქონება, რაც იქ ჰქონდა დარჩენილი. ახლა კი კულისებიდან სიტუაციას ისედაც მართავს. ამიტომ ამის აუცილებლობა ჯერ არ არსებობს. ოპოზიციურ ფლანგზეც ისეთი სიტუაციაა, რომ ის მათი მხრიდან რაიმე საფრთხეს ჯერჯერობით ვერ გრძნობს. ამიტომ რაში სჭირდება აუტკივარი თავის ატკიება?! თავისთვის მშვიდად არის და ისედაც ყველაფერს კარგად აკონტროლებს. 

„რაც შეეხება იმ ვერსიას, რომ შესაძლოა ახალი გუნდით მაინც მოვიდეს, ამასაც გამოვრიცხავ, რადგან მაშინ ამის კონტურები უკვე უნდა ჩანდეს. მას გუნდის შესაკრებად ძალიან დიდი ადამიანური რესურსი სჭირდება. ამასთან, აღარ აქვს საზოგადოებაში ის ავტორიტეტი, რაც აქამდე ჰქონდა და ამ სრულიად ახალი სახეების პოლტიკაში შემოყვანას დრო უნდა. ასევე ამ ხალხის პოვნა და დათანხმებაა საჭირო. ეს რესურსი ჩვენს პოლიტკურ სივრცეში ძალიან მწირია უკვე და ასე პატარა დროში უცებ, ერთი ხელის აქნევით ყველაფერი რადიკალურად რომ შეცვალოს, რთული იქნება“, -ამბობს ჩიტაძე „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე