ნაზი ბერიძე
(26.12.2023)

საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმის დოკუმენტი გამოაქვეყნა. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ გეგმის შესრულება რეალისტურია, თუმცა მისი შესრულების პარალელურად მუდმივად უნდა იყოს კომუნიკაცია ევროკავშირთან. ნაწილი კი ვარაუდობს, რომ საქართველოს ევროინტერგაციის თვალსაზრისით ყველაფერი მაინც დამოკიდებული იქნება მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და საქართველოს პოლიტიკურ-სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.

მთავრობის სამოქმედო გეგმა ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯების განსახორციელებელ ღონისძიებებს ითვალისწინებს და იგი 2023 წლის 27 ნოემბერს დამტკიცდა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ. ამასთან, ხელისუფლების წარმომადგნელელთა განცხადებით, გეგმა გადაგზავნილი იყო ევროკომისიაშიც და ანალიტიკოსთა ვარაუდით, მისი გამოქვეყნება სწორედ ევროკომისიიდან პასუხის მოლოდინს უკავშირდება.

ამ 9 რეკომენდაციის შესრულების საფუძველზე, ევროკავშირმა, სავარაუდოდ მომავალი წლის ბოლოს, საქართველოსთან ებროკავშირში გაწვერიანებაზე მოლაპარაკებვის გახსნის საკითხზე უნდა იმსჯელოს.

ევროპის რეკომენდაციები და მთავრობის გეგმა

ნოემბრის ბოლოს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი ანგარიში, სადაც მოცემული იყო საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, როს საფუძველზეც საქართველომ 14 დეკემბერს ოფიციალურად მიიღო ეს სტატუსი. ამასთან ერთად, საქართვეს სტატუსი მიენიჭა გარკვეული დათქმებით და განისაზღვრა ახალი 9 რეკომენდაცია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად:

1. ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა;

2. ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს დაახლოების გაუმჯობესება;

3. შემდგომი მუშაობა პოლიტიკური პოლარიზაციის დასაძლევად, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მეტად ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;

4. თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს, და ეუთო-ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

5. საპარლამენტო ზედამხედველობის აღსრულების შემდგომიგაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუციების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;

6. ჰოლისტიკური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის ჩათვლით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად განხორციელებისა და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის გზით;

7. ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პირად მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან მიმართებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ინკლუზიური პროცესის გზით; კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეების გამოძიების ძლიერი გამოცდილების შექმნა;

8. დეოლიგარქიზაციის არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად, ვენეციის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის წარმოებით, რომელშიც ჩართულები იქნებიან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება;

9. ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ამბიციური სტრატეგიის განხორციელების და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის გზით. მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებების დაწყება ინციდენტებზე, რომლებიც ეხება დაუცველი ჯგუფების, მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების უსაფრთხოებას, და ძალადობაში დამნაშავე პირებისა და ორგანიზატორების გასამართლება. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების წარმოება და თანამშრომლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს არსებითად ჩაერთონ საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, და მათი თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფა.

ამ რეკომენდაციების შესასრულებლად, მთავრობის სამოქმედო გეგმის თანახმად, განხორციელდება შემდეგი აქტივობები:

1. საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის კამპანიის სამოქმედო გეგმის შემუშავება საქართველოში ევროკავშირისა და მისი ღირებულებების ხელშეწყობის მიზნით.

სამოქმედო გეგმის განხორციელება.

2. ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (ჩFშP) ფარგლებში ევროკავშირის პოზიციებთან მიერთების მაჩვენებლის გაუმჯობესება.

არსებული პრაქტიკის საფუძველზე, აქტიური თანამშრომლობის გაგრძელება ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების მიზნით, მათ შორის გაგრძელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგულარული ანგარიშგება ევროკომისიის (FIშMA, DG თAXUD), აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უწყებეთან არსებული საკომუნიკაციო არხებით, სანქცირებული და სენსიტიურ საბაჟო კოდებზე საბაჟო ოპერაციების სანქციებთან შესაბამისობის თაობაზე.

3. ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიის ჩართვა ევროინტეგრაციის და სხვა ძირითად რეფორმებთან დაკავშირებულ სამუშაო ფორმატებში.

საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან (საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში) თანამშრომლობის გაგრძელება.

4. 2024 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდირი-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა.

ხელისუფლების შესაბამის ორგანოებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისთვის სამუშაო ფორმატების შექმნა.

საარჩევნო კოდექსში პარტიების/არჩევნების დაფინანსების საკითხზე ცვლილებების შეტანა (პოლიტიკური პარტიებისთვის იურიდიული პირების შემოწირულობების აკრძალვა; მშპ-თან მიმართებით წლიური ხარჯების ზედა ჭერის შემცირება).

5. რეგულარული დიალოგის ხელშეწყობა ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ზედამხედველობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

საპარლამენტო ნდობის ჯგუფის შემადგენლობის შევსება.

6. სამუშაო ფორმატის შექმნა ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით სასამართლო და პროკურატურის რეფორმის საკითხებზე. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განახლება.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განახლება და მიღება.

7. საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით.

ყველა საპარლამენტო პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრების გამართვა ამ ორგანოების წლიური ანგარიშების განსახილველად.

8. დეოლიგარქიზაციის გეგმის დამტკიცება საპარლამენტო პოლიტიკური პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ.

(ცნობა: 2023 წლის 22 ნოემბერს, თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პარლამენტმა სამოქმედო გეგმა წარადგინა და განიხილა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს, ეროვნულ პლატფორმასთან მესამე ერთობლივ კონფერენციაზე.)

საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების გამართვა დეოლიგარქიზაციის გეგმის განხორციელების ეფექტიანი მონიტორინგის მიზნით.

9. სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების გაერთიანებული შეხვედრა. შეხვედრაზე განხილული იქნება ადამიანის უფლებების დაცვის 2024-2026 წწ. ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი.

ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წწ. ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცება საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრების გამართვა მიმდინარე გამოძიებებზე; ევროკომისიისთვის ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება გამოძიებებთან დაკავშირებით.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან რეგულარული შეხვედრების გამართვა საკანონმდებლო და პოლიტიკის ფორმულირების პროცესებში მათი ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით.

„ამჯერად ყველაფერი შეთანხმებულია..."

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას წინა 12 რეკომენდაციის შესრულებას იხსენებას და ხელისუფლებას ურჩევს, ამჯერად თითოეული საკითხის გადაწყვეტა დაამოწმებინონ ევროკავშირს, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათ საქართვბელოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული სამუშაო და ისე მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება.

„ვფიქრობ, ეს გეგმა, რომელიც მანამდე გაიგზავნა ევროკავშირის სტრუქტურებში, იმიტომ არ საჯაროვდებოდა აქამდე, რომ ელოდებოდნენ ევროკომისიიდან პასუხს და უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის მათთან შეთანხმებული, შეჯერებული გეგმის ვარიანტი. ხოლო რამდენად რეალისტურია და რამდენად შესრულდება, ამას დაგვანახებს თვითონ შესრულების პროცესი.

„ხელისუფლებამ წესით უნდა გაითვალისწინოს 12 რეკომენდაციის შესრულების დროს მიღებული გამოცდილება და თითოეული ამ 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესში უნდა იყოს ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში ევროკავშირის სტრუქტურებთან, რათა არ მოხდეს შემდგომ აზრთა სხვადახვაობა, რომ ხელისუფლება რაღაცას თვლის შესრულებულად, მაგრამ ევროკავშირში არ თვლიან.

„წინა 12 რეკომენდაციის დროს ევროკავშირი ამბობდა, რომ რამდენიმე რეკომენდაცია არ იყი შესრულებული და ხელისუფლება საპირისპიროს ამტკიცებდა. ამიტომაც იყო შეჯერებული ეს რეკომენდაციები, რომ სწორედ ერთ ფურცელზე ყოფილიყო საქართველოსა და ევროკავშირის პოზიციები ამ კუთხით და ყველაფერი დანარჩენი. იქ ვადებიც აქვთ გაწერილი, თუ რა რა დროს უნდა შესრულდეს.

„მე რეკომენდაციას მივცემდი ხელისუფლებას, რომ ყოველი პუნქტის შესრულების შემდეგ შევიდეს კომუნიკაციაში ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან, რათა დაამოწმოს ევროკავშირს აკმაყოფილებს ამ რეკომენდაციის შესრულების ხარისხი და მოცულობა, თუ არა. თუ არ აკმაყოფილებს, ერთობლივად გამონახონ პრობლემების მოგვარების საშუალებები", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

ევროკავშირის რეალური მოტივი გადაწყვეტილების მიღებისას

როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, გეგმა იმდენად გაფართოებული და ყოვლის მომცველია, რომ ნაკლებად რეალისტურია მისი განხორციელება. მაგრამ ევროკავშირი თვალს დახუჭავს რეკომენდაციების შესრულების ხარისხზე, რადგან საქართველო დიდ სატრანზიტო პროექტებში მონაწილეობს.

„რამდენად რეალისტურია? მაგალითად ყურადღებას იქცევს ასეთი დეტალი რომ დეოლიგარქიზაციის კანონში და ღონისძიებებში გათვალისწინებულია მჭიდრო თანამშრომლობა ენჯეოებთან და ოპოზიციურ პარტიებთან. თუ ოლიგარქთან გვაქვს საქმე, ესე იგი საქმე გვაქვს დიდი ფულის პატრონ ადამიანთან და ეს მოწოდება - რომ დეოლიგარქიზაცია მოხდესო - არის განპირობებული სწორედ იმით, რომ ფულის გავლენა იყოს შემცირებული. და ახლა ჩვენ ენჯეოები და ოპოზიციური პარტიები შემოგვყავს იმისთვის, რომ იმათაც აიღონ ფული?! ეს არის უფრო გაფართოებული მიდგომა და გაფართოებული არ ნიშნავს, რომ უფრო დაცული იქნება ესაა თუ ის პროცესი.

„თავის დროზე აშშ-ში, მშრალი კანონის პერიოდში, ჩამოყალიბდა უზარმაზარი მაფია. ფაქტობრივად მაფიოზური იყო ყველა სტრუქტურა და არანაირი შუქი არ ჩანდა გვირაბის ბოლოს. 6 კაცით დაიწყო ბრძოლა ამ სტრუქტურებთან, სანდო 6 კაცით. 6-ზე მეტი ვერ იპოვეს. 6 კაცი გამოიყო, რომლებსაც უშუალოდ პრეზიდენტთან ჰქონდათ კავშირი და იმათ გააკეთეს მერე მთელი ეს შემოტრიალება, რეფორმები და ა.შ.

„ანუ, თუკი რეალური ინტერესი არის იმისა, რომ გაკეთდეს საქმე, ის უნდა გააკეთოს ადამიანთა შეზღუდულმა რაოდენობამ. აქ კი ყველაფერი გაშლილია რაც შეიძლება მეტ ადამიანზე, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება საქმე არ შესრულდეს, მაგრამ ხმაური იქნება.

„ჩაგვითვლის თუ არა რეკომენდაციებს შესრულებულად ევროკავშირი? ევროკავშირი ბევრ რამეს ჩაგვითვლის. ჩვენ ხომ წესიერად ისიც არ გავაცნობიერეთ, თუ რატომ არ მოგვცა ადრე კანდიდატობა და ახლა მოგვცა. მე, მაგალითად, მიმაჩნია რომ ახლა მოგვცა კანდიდატობა იმიტომ, რომ დიდ სატრანზიტო პროექტებში ვიღებთ მონაწილეობას. ამიტომ, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა დადოს მაგიდაზე საქართველოს ხელისუფლებამ, ევროკავშირი იტყვის - „კარგიაო". ოღონდ რეალური მოტივი დევს რეალურ პოლიტიკურ პროცესებში", -განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე