ოპოზიცია ძიების პროცესშია, რა შეიძლება იყოს არჩევნებში წარმატების მიღწევის ფორმულა - ერთიანი მძლავრი ალტერნატიული ცენტრის შექმნა, თუ ძალების გადანაწილება და რამდენიმე დაჯგუფების ორგამიზება. ასევე, საინტერესოა, არიან თუ არა ოპოზიციაში რეიტინგული ლიდერები, რომელთაც შეუძლიათ ლოკომოტივის როლი ითამაშონ 2024-ში „ოცნების" დასამარცხებლად.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ახალი მძლავრი ცენტრის შექმნის იდეას გადმოგდებულ თემად აფასებს, რასაც განხორციელების საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ, თუ წვრილ-წვრილი პარტიები გაერთიანდნენ, უნდა გაერთიანდნენ ერთი პოლიტიკური პარტიის იდენტობის ქვეშ, ერთი პოლიტიკური ატრიბუტიკით. სხვაგვარად მათი არჩევნებში მონაწილეობა ვერ მოხდება.
„გოცირიძე პირველად არ აჟღერებს ამ მოსაზრებას - მას არაერთხელ განუცხადებია ერთიანი ოპოზიციური ცენტრის შესახებ, მაგრამ ეს გადმოგდებული იდეა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ემსახურებოდა მხოლოდ იმას, რომ მერე მედიას ამაზე ელაპარაკა და ეს განსჯის საგანი ყოფილიყო პოლიტიკურ თოქ-შოუებში.
„სინამდვილეში არანაირი საფუძველი ამ იდეას არა აქვს. რაღაცა წინაპირობები ხომ უნდა არსებობდეს, რომ ოპოზიციური ძალები გაერთიანდნენ, ჯერჯერობით ამის არანაირი ნიშანწყალი არ ჩანს.
„მეორეც, მე ვურჩევდი გოცირიძეს, რომ კარგად წაიკითხოს საქართველოს ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც არ ითვალისწინებს არჩევნებში კოალიციების და საარჩევნო ბლოკების მონაწილეობას. არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მიიღონ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ვინმე ვინმესთან გაერთიანდება, ეს უნდა მოხდეს ერთი რომელიმე პარტიის დროშის ქვეშ. როგორ ფიქრობთ, მოინდომებენ პოლიტიკური პარტიები საკუთარი პოლიტიკიკური და პარტიული იდენტობის დაკარგვას? როგორც ეს გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებელმა".
„კი, შეიძლება ვიღაცეები მოიძებნონ ასეთები, მაგრამ რამდენად ღირებული და ძლიერი წევრები იქნებიან მომავალი ოპოზიციური გაერთიანების, მე ცოტა არ იყოს ამაზე დიდი ეჭვები მაქვს. რთულია ამ ეტაპზე იმის თქმა, ვინ შეიძლება იყოს ლიდერი - გვერდზე რომ გადავდოთ გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა", ყველა დანარჩენ პარტიებს აქვთ მხარდაჭერის 1 ან 2 პროცენტი. შესაბამისად, მათ შორის უნდა შედგეს შეთანხმება - ვინ უნდა იყოს წამყვანი, ვის უნდა ეჭიროს ხელში დროშა ამ ერთიანი ოპოზიციის.
„წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი პარტია გახდა „ლელო", შესაბამისად „ლელოს" დროშის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, პლატფორმები, რომელიც ახლა შეიქმნა და ალბათ მალე პოლიტიკური გაერთიანების სახეს მიიღებენ და ყველა მათგანი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე „ლელოს" პარტიული ნომრით, ყვითელი ფორმებით და ა.შ. პოლიტიკური ატრიბუტიკით.
„იმიტომ, რომ სხვანაირად არჩევნებში მათი მონაწილეობა ვერ მოხდება, გამორიცხულია. ან ცალკე უნდა მიიღონ მონაწილეობა, ან როგორც „სტრატეგია აღმაშენებელი" გამოვა არჩევნებზე 5 ნომრით, ისე უნდა გამოვიდნენ რომელიღავ სხვა პარტიის ნომრით.
„აქედან გამომდინარე რამდენად შეთანხმდებიან ამაზე პოლიტიკური პარტიები, ამაზე დღეს რთულია საუბარი. ეს გაირკვევა, ალბათ სადღაც მომავალი წლის გაზაფხულისკენ, როცა არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიები რეალისტურად შეაფასებენ თავიანთი ელექტორალურ შესაძლებლობებს და მიიღებენ გადაწყვეტილებას, ცალკე გამოდიან თუ რომელიმე პარტიას გაუერთიანდნენ",-განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.
ალტერნატიული გაერთიანების იდეას ეჭვქვეშ აყენებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც.
„ცენტრი უნდა შეიქმნასო თქვა გოცირიძემ, შექმნან მაშინ ცენტრი, აქამდე რატომ არ შექმნეს, კარგად იყვნენ არაფერი უჭირდათ?
„არ ვიცი ვინ უნდა შექმნას ცენტრი, მაგრამ, ასეთი რეცეპტები როდესაც ისმის, რომ უნდა შეიქმნას ცენტრი და უნდა გაერთიანდნენ, გაერთიანებულიყვნენ, ვინ უშლიდათ აქამდე? ხალხი ხომ უნდა შეეგუოს მაინც გაერთიანებას
„ახლა არჩევნების წინა დღეს რომ გამოაცხადონ, რომ გაერთიანდნენ კეკელა და მაროო, ხალხს ექნება ახალი ალტერნატივის განცდა? ის ხომ ძველი ინერციით მისცემს ხმას.
„პრობლემა იმაშია, რომ რიტორიკული განცხადებებია ეს განცხადებები, რეალურად მათ გაერთიანების უნარი არა აქვთ. თან ხვდებიან რომც გაერთიანდნენ, შედეგის მომტანი არ იქნება ასეთი გაერთიანება, იმიტომ რომ პარტიების გაერთიანება მათი მხარდამჭერების გაერთიანებას არ ნიშნავს, თან ისედაც ამ პარტიებს არც ისე ბევრი ჰყავთ მხარდამჭერი",-განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე