„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე უფრო ადრე შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას, მიუხედავად იმისა, რომ მან უფრო გვიან მიიღო კანდიდატის სტატუსი, რადგან ბევრი მიმართულებით, მათ შორის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებით კუთხითაც, უსწრებს.
ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ შანსები ყოველთვის არსებობს, რომელიც უნდა გამოიყენო, მაგრამ საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნა დამოკიდებული იქნება მსოფლიო გეოპოლიტიკურ ვითარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე.
„(გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება) არ იქნება 2024-ში, იქნება 2025-ში, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2024-ში უნდა იყოს უკვე მიღებული ეს გადაწყვეტილება. შარშანაც გეკუთვნოდა უკვე მოლაპარაკებების გახსნა, არათუ კანდიდატის სტატუსის მიღება. თუმცა პოლიტიკური საკითხია, ამაში ჩვენ ღრმად ვერ შევალთ. მიგვაჩნია, რომ შარშანაც გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა და მითუმეტეს, გვეკუთვნის ეს 2024 წლის დეკემბერში. იმედი გვაქვს, რომ მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება.
„ყველა შემთხვევაში დავამტკიცეთ, რომ როგორი ტურბულენტური პოლიტიკური პროცესებიც არ უნდა გავიაროთ, საბოლოო ჯამში, ვახერხებთ მიზნის მიღწევას. ეს გამოჩნდა ძალიან კარგად კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში. იყო რთული პროცესები, ურთულესი პროცესები, მაგრამ ეს პროცესები ჩვენ მივიყვანეთ წარმატებამდე, კანდიდატის სტატუსის მიღებამდე. იგივე დაპირება შეგვიძლია გავცეთ საზოგადოების მიმართ მოლაპარაკებების გახსნაზეც. როდის იქნება ეს, ცალკე საკითხია, მაგრამ მოლაპარაკებები აუცილებლად გაიხსნება და ჩვენ დარწმუნებული ვართ, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში.
„სტატუსი არ მოგვენიჭა შარშან, მაგრამ მოგვენიჭა წელს, პრაქტიკაში არაფერი შეცვლილა, არაფერში არ ჩამოვრჩენილვართ. რეალურად, რაც შეეხება გაწევრიანებას, თარიღზე ეს ყველაფერი არავითარ შემთხვევაში არ მოქმედებს. გახსოვთ, რომ ყოველ ჯერზე ჩვენ უფრო გვიან ვიღებდით კონკრეტულ პროცესების დაწყებას ევროკავშირისგან, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. მაგალითად, ჩვენთვის უფრო გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირებაზე, DჩFთA-ს გაფორმებაზე, უფრო გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციაზე, მაგრამ სამივე შემთხვევაში დავასწარით უკრაინას და მოლდოვას. იმიტომ, რომ ერთია პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველა ხედავს, რომ საქართველო ბევრად უსწრებს წინ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას, მითუმეტეს ამ მძიმე პროცესების შემდეგ, რაც არის უკრაინაში და რაც გავრცელდა მოლდოვაზე ეკონომიკური კუთხით. ჩვენ ვართ ბევრად უფრო წინ ყველა თვალსაზრისით. ასეთ პირობებში ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ მართალია გვიან მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მათზე ბევრად უფრო ადრე შევალთ ევროკავშირში", - განაცხადა კობახიძემ „ინტერპრესნიუსთან".
პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" კომენტარებისას ამბობს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყება დამოკიდებული იქნება გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, და იმ 9 რეკომენდაციის შესრულებაზე რომელიც ევროკავშირმა დაგვიწესა.
„ამის თქმა და ამის განსაზღვრა არის ძალიან რთული, რადგან ეს დიდწილად, თუ მთლიანად არა, დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რა გეოპოლიტიკური მოცემულობა დადგება 2024 წელს. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე როგორ წარიმართება საომარი მოქმედებები უკრაინაში, ექნება თუ არა უკრაინას წარმატება თუ პირიქით. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე მოლდოვაში როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესები. იმიტომ რომ იქაც არის პოლიტიკური ტურბულენცია იმ კუთხით, რომ მაია სანდუს ჰყავს პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, რომელთა უკან დგას რუსეთი. დამოკიდებული იქნება ეკონომიკურ სიტუაციაზეც მოლდოვაში, იქედან გამომდინარე, რომ მოლდოვა აპირებს დსთ-ს დატოვებას.
„ასევე მნიშვნელოვანია, თუნდაც ის, რომ ევროპარლამენტის არჩევნები მოდის და შესაბამისად ევროსტრუქტურებს ახალი ხელმძღვანელები ეყოლებათ და ევროპარლამენტი იქნება განახლებული შემადგენლობით. არ ვიცი, როგორი პოლიტიკური ძალები გაიმარჯვებენ და ვის ექნება უპირატესობა, ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვანს.
„საქართველოშიც შეიძლება არაერთგვაროვნად განვითარდეს პროცესები, რადგან კანდიდატის სტატუსის მონიჭებამ პოლიტიკური ტურბულენტობა და პოლარიზაცია ვერ მოხსნა. ამიტომ, პროგნოზის გაკეთება რომ საქართველოს 2024- ში მოუწევს ევროპასთან წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნა თუ ევროკავშირი ამ პროცესს შემდეგში გადაწევს, დღევანდელი მოცემულობით, პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენ წინ გვაქვს 9 რეკომენდაციის შესრულების ამოცანა, ეს არის პირველი და მთავარი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი, იმსჯელებს იმაზე გახსნას თუ არა ჩვენთან მოლაპარაკებები.
„თქვენ მოგეხსენებათ, მოლდოვასთან და უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნა განსაკუთრებით უკრაინასთან გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება იყო დიდწილად და არა იმდენად მათ წარმატებებზე დამოკიდებული. ამიტომაც ვფიქრობ, შანსები რა თქმა უნდა არის, მაგრამ დამოკიდებულია იმაზე, როგორ გამოიყენებს ამ შანსებს საქართველო. თუ ოპოზიციამ გააგრძელა პროცესის საბოტაჟი როგორც 12 რეკომენდაციის შესრულებისას იყო, თუ ქვეყანაში იქნა პოლიტიკური დაძაბულობა, რა თქმა უნდა გაჭირდება ამის მიღწევა და ეს იმოქმედებს რეკომენდაციების შეფასებაზე ევროკავშირის მხრიდან", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ საქართველო უკრაინას და მოლდოვას ჩამორჩება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით.
„არა მგონია რომ ჩვენ შევძლოთ უკრაინაზე და მოლდოვაზე ადრე ევროკავშირში შესვლა, რადგან დემოკრატიული ინსტიტუტები მოლდოვაში და უკრაინაში უფრო არის განვითარებული ვიდრე საქართველოში. „ქართული ოცნების" პირობებში არ არის იმდენად განვითარებული. საქართველოს არ ჰყავს პროდასავლური ხელისუფლება, უკრაინას და მოლდოვას კი", - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე