სააკაშვილი კლინიკაში, და არა ციხეში და მისი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას" აძლევს ხელს, რადგან სანამ ოპოზიციური პარტიები ნაციონალური მოძრაობის და პირადად სააკაშვილის კილვატერში იქნებიან, „ოცნება" ყოველთვის გაიმარჯვებს, აცხადებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, გახარიას პარტიის განცხადების კომენტირებისას, რომელიც სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას ითხოვს.
„ვის აძლევს დღეს ხელს სააკაშვილის აქტიურობა? პირველი, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის „ქართული ოცნება". იმ დღიდან, რაც სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა და დააპატიმრეს, „ქართული ოცნება" მის პატიმრობას და საქართველოში ჩამოსვლას იყენებს ძალიან პრაგმატულად და ძალიან კარგად. ამიტომაც მუდმივად ვამბობდი და ასეც იყო და ასეც იქნება, „ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილის ფაქტორი, ბოლომდე თავისთვის სასარგებლოდ გამოიყენოს.
„ვიცოდი, რომ მას არ გაათავისუფლებდნენ, მხოლოდ ერთი მომენტი იყო - თუ მის სიცოცხლეს მართლაც საფრთხე დაემუქრებოდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაუშვებდნენ საზღვარგარეთ სამკურნალოდ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ მოხდა. შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაღაც პრობლემები აქვს, მაგრამ სიცოცხლისთვის სახიფათო რომ არაა ეს დაავადება, ეს იყო გასაგები.
„დღესაც „ქართულ ოცნებას" სააკაშვილი სჭირდება იქ, სადაც არის - ციხეში გადაყვანით რა შეიცვლება? ციხეში გადაყვანით სააკაშვილს არ ექნება საშუალება იმ ინტენსივობით ჩაერიოს პოლიტიკაში, როგორც დღეს არის. ამიტომ „ქართულ ოცნებას" სააკაშვილი უნდა დღეს იქ იყოს, სადაც არის.
„რაც შეეხება წვრილ პარტიებს, არამარტო გახარიას, არამედ დანარჩენებს, მე რომ მკითხოს კაცმა, მომხრე ვარ, რომ ციხეში საერთოდ არავინ არ იყოს, მაგრამ ეს იდეალისტური მიდგომაა. დანარჩენ წვრილ პარტიებს გარდა „ნაციონალური მოძრაობისა", სჭირდებათ რომ გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას" - რაც უფრო მკვეთრი იქნება ეს გამიჯვნა მით უკეთესი. ისინი მუშაობენ ამომრჩეველზე, ანუ ამომრჩევლის იმ ნაწილზე, რომელსაც არც „ქართული ოცნება" უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა", ამიტომ დაიწყო გახარიამ დაფიქსირება იმისა, რომ მას „ნაციონალურ მოძრაობასთან" არანაირი შეხება არა აქვს.
„ამასთანავე მოთხოვნა რომ სააკაშვილი გადაიყვანონ ციხეში, ჩიხში აქცევს „ქართულ ოცნებას." თუ ის (სააკაშვილი) ჯანმრთელია, მართლა ციხეში უნდა გადაიყვანონ და საავადმყოფოში არ უნდა იყოს. ანუ ირიბად ამხელს, რომ „ქართული ოცნების" და სააკაშვილის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა - ეს უნდა, რომ წარმოაჩინოს. ეს არის სულ მთელი ანატომია იმის, რაც ხდება დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე და რის მიღწევასაც ცდილობს გახარია და არა მარტო გახარია ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც წვრილ პარტიებს განეკუთვნება", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე