ნაზი ბერიძე
(21.12.2023)

პარტია „საქართველოსთვის" პატიმარ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ვივამედიდან" ციხეში გადაყვანის მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოდის. 21 დეკემბერს, სააკაშვილის დაბადების დღეს გაკეთებულმა მათ განცხადებას კი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის საავადმყოფოში ყოფნა და მისი პოლიტიკური აქტიურობა პირველ რიგში მმართველ პარტიას აწყობს, რომელიც ყოველი არჩევნებისას წარმატებით იყენებს ექსპრეზიდენტს, როგორც ერთგვარ საფრთხობელას. ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის კი სერიოზული პრობლემაა, რადგან ამის გამო მათ სამოქმედო ასპარეზი უვიწროვდებათ.

როგორც პარტიის „საქართველოსათვის" დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიხეილ სააკაშვილს, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება ეძლეოდეს. ამით ხდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სისტემატურ დარღვევა, რაც უნდა შეწყდეს და ახალი წლების შემდეგ მაინც გადაიყვანონ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

„გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის" გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების სპეცოპერაცია, რომლის ორგანიზატორიცაა დღევანდელი "ოცნება" და რომელიც ტარდება კორუფიისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლო სისტემის გამოყენებით.

„სამსახურებრივი უფლებასილების გადამეტებისთვის ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მართლმსაჯულებას პასუხები უნდა გასცეს, მათ შორის იმაზე, თუ რატომ შეუვარდა სპეცრაზმით და დახურა იმ დროს ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანია „იმედი", გუშინ სასამართლო სხდომაზე, პალატიდან, პირდაპირ ეთერში ატარებდა პარტიულ თათბირს, გასცემდა დავალებებს, ალაგებდა „ნაციონალური მოძრაობის" ხელახალი გაერთიანების გეგმას, უკრაინულ ენაზე აკეთებდა განცხადებებს. ანუ ლაპარაკობდა გარემოებებზე, რომელიც არანაირ კავშირში არ არის განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან, რისი უფლებაც მას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არ აქვს და ასეთ დროს მოსამართლე მას უნდა აჩერებდეს.

„სანაცვლოდ, სააკაშვილის ეს წინასაარჩევნო აგიტაციია პირდაპირ ეთერებში გადაიცემა, მათ შორის, სააკაშვილისვე დარბეული ტელეკომპანია „იმედის" საშუალებით.

„უცხო ქვეყნის მოქალაქე, საპატიმრო პალატაში მყოფი ბრალდებული სრულფასოვნად მონაწილეობს ეროვნულ პოლიტიკურ პროცესებში, რასაც კანონი უკრძალავს, მაგრამ არ უკრძალავს და მეტიც, ამის უფლებას აძლევს „ოცნება".

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, ეს კამპანიური ხასიათის მოვლენაა, რომლის მიზანია, 2024 წლის არჩევნებისთვის ერთი მხრივ, დაშლილი „ნაცმოძრაობის" გადარჩენა და მეორე მხრივ, სააკაშვილით და მისი „ნაცმოძრაობით" საქართველოს მოქალაქეების მორიგი დაშინება.

„მოვუწოდებთ „ოცნებას", შეწყვიტოს ეს წინასაარჩევნო სპექტაკლი - ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარ მიზნების მისაღწევად; ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას" ხელახლა გაერთიანებაში; აცადოს სასამართლოს მართლმსაჯულების აღსრულება; შეწყვიტოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სისტემატური დარღვევა და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში - ახალი წლების შემდეგ მაინც", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ოპოზიციისა და მმართველი პარტიის გამოხმაურება

მის მოწოდებას ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. დეპუტატმა რომან გოცირიძემ ამას „მავნებლური" უწოდა. მისი თქმით, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე სააკაშვილის ციხეში გადაყვანას მძიმე პროცესი და დაძაბულობა მოჰყვება.

„თუკი ხელისუფლება შეიცვალა, „ნაცმოძრაობას", გახარიას პარტიასა და მთელს ოპოზიციას თანამშრომლობა მოგვიწევს. დღეს ამ განცხადების გაკეთება „ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს. პარტიული ლიდერები ექიმები არ არიან, მათ არ აქვთ ადამიანის ჯანმრთელობაზე საუბრის უფლება. ის, თუ რა მდგომარეობაში იყო მიხეილ სააკაშვილი და როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სახალხო დამცველის ექიმთა კონსილიუმის დასკვნებიდან კარგად ჩანს", - განაცხადა გოცირიძემ.

„გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია ასევე აღნიშნავს, რომ პატიმრის ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა პოლიტიკოსების საქმე არაა.

„ჩემი საქმე არ არის მოვითხოვო მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა. არასდროს ეს არ მომითხოვია და არც მომავალში მოვითხოვ. მგონია, რომ ჩვენი, პოლიტიკოსების, საქმე არ არის პატიმრის ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანა, მაგრამ აზრის გამოთქმას ხომ არ დაუშლი გიორგი გახარიას?!

„ჩემი საქმე არ არის მიხეილ სააკაშვილი სად მოიხდის სასჯელს. მიხეილ სააკაშვილისნაირი კაცი ციხეში კარგად ვერ იქნება. შესაბამისად, იმის თქმა, რომ კარგად არის და ვინმეს შურს, არადამაჯერებელია ჩემთვის. ადამიანი, რომელიც ციხეში ზის, ზოგადად, გაჭირვებულად მიიჩნევა. გაჭირვებულ ადამიანზე კიდევ წიხლის მიჭერა, რომ შენ აქ კი არა, უარეს ციხეში უნდა იჯდე, არ მგონია სწორი", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მმართველ პარტიაში კი მიიჩნევენ, რომ გახარიას პარტია ენმ-საგან დისტანცირებას ცდილობს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციისგან სულ უფრო გახშირდება სააკაშვილის დამდმობი განცხადებები.

„მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, მისი პატიმრობის მდგომარეობას წყვეტს შესაბამისი უწყება. არც ერთი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებაზე არ არის ეს დამოკიდებული.

„რაც შეეხება მათი განცხადების პოლიტიკურ ნაწილს, ახლა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ეცდება, რომ დისტანცირება მოახდინოს კეთროვანად გადაქცეული „ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ლიდერისგან. ეს განცხადება, ამ შემთხვევაში, უფრო ამას ემსახურება. პოლიტიკურ ნაწილში, ალბათ, ეს არის მათი მიზანი.

„ყველა ფიქრობს, რომ ამომრჩევლის რომელიმე სეგმენტზე „დაჯდეს". აქამდე, სამწუხაროდ, ოპოზიციის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა იყო „ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგის გამზიარებელი. ეს სპეკულაცია მათ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად გაატარეს, რომ ქვეყანაში რევოლუციური დღის წესრიგი დაენერგათ და რევოლუცია მოეხდინათ. დღეს დაინახეს, რომ ეს ყველაფერი თავიანთი რუსული ლოზუნგებით, უკვე წყალში გადაყრილი დრო აღმოჩნდა, ამიტომ არჩევნების წინ ახლა ცდილობენ, რამენაირად საზოგადოებას დაანახონ, რომ რადიკალურად არიან გამიჯნულები „ნაციონალური მოძრაობისგან" და საზოგადოების რაღაც სეგმენტს მოაწონონ თავი. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ბევრისგან ვიხილავთ „ნაციონალური მოძრაობის" დამგმობ განცხადებებს", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

გახარია წინასაარჩევნოდ სააკაშვილის თემის დახურვას ცდილობს

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, სააკაშვილს ხელისუფლება გამოიყენებს ისე, როგორც მისთვის იქნება მომგებიანი, რაც სხვა ოპოზიციონერი პარტიებისთვის მისაღები არ არის.

„მას შემდეგ, რაც ჩამოვიდა, დააპატიმრეს და დიდი აქციები დაიწყო, იქედან მოყოლებული ამას ვლაპარაკობ, რომ სააკაშვილს ხელისუფლება გამოიყენებს ისე, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ და როგორც მისთვის იქნება მომგებიანი. ნორმალური ხელისუფლება რომ იყოს, სხვა თემაა და „ქართული ოცნება" სააკაშვილს ციხეში როგორ დააბრუნებს? სააკაშვილს ისეთი ეთერები ექნება მთელი 2024 წლის განმავლობაში, რომ ვერცერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ვერ შეადარებ.

„დღეს სააკაშვილის აქტიურობა ხელისუფლებას აწყობს ყველაზე მეტად. მით უმეტეს როცა ისეთ იდეებს ისვრის, როგორიც იყო გაერთიანების მანიფესტი და ა.შ. ამიტომ, გახარიამ რაც არ უნდა თქვას, ციხეში რატომ დააბრუნებს?

„არ ვიცი გახარია რას ცდილობს, მაგრამ ვფიქრობ ცდილობს იმას, რომ სააკაშვილის თემა როგორმე დაიხუროს და სააკაშვილით არ იყოს გაჯერებული ეთერი მთელი 2024 წლის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, თუ სხვა ოპოზიციური არხებიც გადაერთვებიან სააკაშვილის ტალღაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა ოპოზიციას არ ექნება არანაირი საშუალება თავისი შეხედულებები გააცნოს მოსახლეობას.

„აქტიური სააკაშვილი აწყობს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას. როგორც ჩანს, ამას ხვდებიან გახარიას პარტიის წარმომადგენლები და მოითხოვენ, რომ სააკაშვილი გადაიყვანონ ციხეში. „ვივამედში" რომ აქვს საშუალება სააკაშვილს, ისეთი საშუალება ციხიდან არ ექნება. მე როგორც ვიცი, „ვივამედის" ხელმძრვანელობამ თქვა, რომ ნაადრევია სააკაშვილის ციხეში გადაყვანა და ასე „ნაადრევი" იქნება არჩევნების ბოლომდე.

„პოლიტიკური თვალსაზრისით სააკაშვილის ციხეში გადაყვანას არ მოჰყვება არაფერი მნიშვნელოვანი. ის ყავლგასული ლიდერია, მისი გავლენა „ნაციონალურ მოძრაობაშიც" კი თანდათანობით მცირდება და ნულდება. ყველაფერში ეთანხმებიან, მაგრამ, რასაც მოუწოდებს - არაფერს აკეთებენ. დღეს „ნაციონალურ მოძრაობას" სააკაშვილი არ მართავს რანაირი იდეებიც არ უნდა ისროლოს", - განაცხადა „რეზონანსთან" ძაბირაძემ.

სააკაშვილი, როგორც საფრთხობელა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის აზრით, შესაძლოა სააკაშვილის „ვივამედში" ყოფნის მთავარი მიზეზი ის სამედიცინო კომისიაა, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს.

„ციხეში რომ გადაიყვანონ, უნდა მიიღონ ექიმების დასკვნა - რომ ის შეიძლება გადაყვანილ იქნას უკან ციხეში. მაგრამ აქ მინდა გამოვთქვა ჩემი სუბიექტური აზრი. რატომღაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებინებს სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სამედიცინო კომისიას. მე ვფიქრობ, რომ ამ კომისიამ იმდენად შეილახა რეპუტაცია, რომ მისი დასკვნები, ვფიქრობ, ცოტა არ იყოს საეჭვოა. ჩემი აზრით, ალბათ უპრიანი იქნებოდა შექმნილიყო სხვა, ალტერნატიული კომისია, რომელიც ასევე შეაფასებდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და დადებდა დასკვნებს - ეს ერთი.

„მეორე - რატომ არ აკეთებს ამას იუსტიციის სამინისტრო, არ მესმის. ალბათ დავეთანხმებოდი ნაწილობრივ გახარიას პარტიის წარმომადგენლების მოსაზრებას - რომ შესაძლოა ხელისუფლებას აწყობდეს კიდეც, რომ სააკაშვილი ასე ახდენდეს საკუთარი თავის ლუსტრაციას საზოგადოების წინაშე. როცა ის „ფეისბუქის" მეშვეობით გამოდის ახალ-ახალი ინიციატივებით, აცხადებს, რომ ისევ ჯანზეა, ახალგაზრდულად არის, მზად არის ბრძოლისთვის, ამით ის ადასტურებს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას, რომ თითქოს ცუდად იყო, აწამებდნენ, სიკვდილის პირას იყო და ა.შ.

„შესაბამისად, რაც უფრო მეტ ასეთ მოწოდებებს და განცხადებებს გააკეთებს სააკაშვილი, მით უფრო მეტად ჩამოყალიბდება მისი იმიჯი, თუნდაც გადაუწყვეტელი ამომრჩევლის თვალში, როგორც ერთგვარი საფრთხობელა. თუ ასეთი პიროვნება და მისი პოლიტიკური ძალა მოვიდა ხელისუფლებაში, რა მოხდება ქვეყანაში? ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ „ოცნებას" აწყობდეს კიდეც, რომ სააკაშვილი მიუშვან „საბალახოდ", რათა მან მაქსიმალურად შეძლოს თავისი თავის წარმოჩენა, „ოცნება" ამით არაფერს კარგავს.

„მე ისეთი განცდა მრჩება, რომ თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაში" და მის ამომრჩეველში სააკაშვილი პოლიტიკურად და რეპუტაციულად გაუფასურდა, როგორც ლიდერი და რატომ არ უნდა აწყობდეს „ქართულ ოცნებას" სააკაშვილი ასეთ სტატუსში?

„გახარიას პარტია ცდილობს გათავისუფლდეს იმ ტვირთისგან, თუ შეიძლება ასე ითქვას, და იმ ბრალდებებისგან, რასაც მას უყენებს „ქართული ოცნება" - რომ ისინი ალიანსში შევიდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან". ენმ-სგან დისტანცირება გახარიას აწყობს საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, რომ არავინ დააბრალოს მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში ყოფნა, რასაც მას სისტემატურად აბრალებს მმართველი გუნდი და მოჰყავს მაგალითად მათი გარიგება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

„გარდა ამისა, გახარიას პარტიას უნდა, რომ ამომრჩევლის თვალში ის არ ჩანდეს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ორბიტაზე მოძრავი პოლიტიკური ძალა, როგორადაც არის წარმოჩენილი „ლელო". ამიტომაც აკეთებენ ასეთი ტიპის განცხადებებს, რომ რაღაცნაირად თავი მოაწონონ ამომრჩეველს.

„მე ასე მგონია, რომ სააკაშვილი ციხეში რომ გადავა, მას უკვე აღარ ექნება ისეთი თავისუფალი რეჟიმი, როგორც ახლა აქვს „ვივამედში" - ეს ერთი.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით სააკაშვილს აკრძალული აქვს იმ ქმედებების განხორციელება, რასაც ახორციელებს. ფაქტობრივად ის ეწევა საარჩევნო კამპანიას, ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, კურირებას უწევს „ნაციონალურ მოძრაობას";

„არსებობს კიდევ ერთი კანონი - საქართველოში მოქალაქეობის არმქონე ან უცხოელების მდგომარეობის შესახებ და საქართველოში სააკაშვილი რეალურად არის უცხოელის მდგომარეობაში. ის უკრაინის მოქალაქეა და შესაბამისად, ამ კანონით ეძლევა მას საჯარო განცხადებების გაკეთების საშუალება, მეორე საკითხია ვინ როგორ წაიკითხავს ამ კანონს და ვინ როგორ მიუდგება. აქ არის იურიდიული კოლიზიები - რის უფლება აქვს და რისი არა სააკაშვილს", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე