სააკაშვილის ახალი ინიციატივა უკვე ნაწილებად დაშლილი ენმ-ის ამა თუ იმ ფორმით გაერთიანების მცდელობაა - ასე აფასებს ანალიტიკოსების ნაწილი პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის განცხადებას პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის (პაკ) შექმნის შესახებ. მათი შეფასებით, სააკაშვილის ინიციატივებს სერიოზულად არავინ განიხილავს და ამავე აზრისაა ოპოზიციის ნაწილიც.
ეს შეთავაზება ოპოზიციას მესამე პრეზიდენტმა 7 ნოემბრის საქმის სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას გააკეთა.
მისი თქმით, პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტი 20-25 კაცისგან უნდა შედგებოდეს. ექსპრეზიდენტმა დაასახელა კომიტეტის რამდენიმე მომავალი წევრიც - ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, „სტარატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე და სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე.
გარდა ამისა, სააკაშვილის აზრით, პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტში საზოგადოების აქტიური წევრები უნდა გაერთიანდნენ. ეს ადამიანები ერთად მოიფიქრებენ, როგორი უნდა იყოს პოლიტიკური აქტიურობის სტრატეგია და შეიძლება ითქვას, რომ ეს კომიტეტი განსაზღვრავს როგორი იქნება ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის გეგმები.
სააკაშვილმა არც ის გამორიცხა, რომ კომიტეტის თავმჯდომარე აირჩიონ.
ენმ-ის შიდა პრობლემა?
ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს სააკაშვილის მხრიდან ენმ-ში რღვევის შეჩერების მორიგი მცდელობაა, რადგანაც პარტიას უკვე მასიურად ტოვებენ მისი აქტიური წევრები და მათ შორის სხვადასხვა საკრებულოს წარმომადგენლები.
„რამდენადაც მე ვიცი, სამნიშნა იქნება საკრებულოს წევრების რაოდენობა, რომელიც მელიასთან აღმოჩნდება. ამ ვითარებაში გასაგებია მიხეილ სააკაშვილის ზრუნვა 5 ნომრის რღვევის შესაჩერებლად“, - ამბობს „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილ, რომლის შეფასებითაც ეს ინიციატივა „5 ნომრის“ ფარგლებს გარეთ არ გადის და არავის მიუღია სერიოზულად.
თუმცა, მისივე თქმით, „არანაცურ“ ოპოზიციას სამომავლოდ აუცილებლად მოუწევს თანამშრომლობა როგორც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ისე გახარიას პარტიასთან.
„სამომავლოდ „არანაცურ” ოპოზიციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მოუწევს, ისევე, როგორც გახარიასთან მოუწევს თანამშრომლობა. ახალი წელი მოდის, 19 იანვრამდე სულ ქეიფი იქნება საქართველოში და ახალ პოლიტიკურ სეზონს, საგაზაფხულო სესიას, იმედი მაქვს, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი შეხვდება უფრო მობილიზებული. მე ვვარაუდობ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, გაზაფხულზე იქნება მცდელობები სხვადასხვა პრეტენზიული, პატარა თუ საშუალო პოლიტიკური ჯგუფიდან, რომ უკეთესი სასტარტო პირობებით შეხვდეს სამომავლო კონფიგურაციის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
„მისი ინიციატივები უკვე დასაცინი გახდა“
ანალიტოკოსი გია აბაშიძე ასევე ფიქრობს, რომ სააკაშვილის ეს ახალი ინიციატივა პარტიის ერთიანობის შენარჩუნების მორიგი უშედეგო მცდელობაა.
„რაღაც დეკლარაციების მოფიქრება, ერთობლივი პლატფორმები, რომელსაც ვითომ „გამარჯვების პლატფორმა“ ჰქვია, კომიტეტების შექმნა, რომელიც ამერიკული მოდელია და უფრო დონორებთან არის დაკავშირებული და პარტიულ ფინანსების ორგანიზებისთვის არის განსაზღვრული - ამ ახალ ახალ ფრაზებით თუ ტერმინებით სააკაშვილი ცდილობს ტრაგიკომიკური თამაშის გაგრძელებას, რაც ნამდვილად არაფერს ნიშნავს. პარტია რღვევის პროცესშია, რაც ნამდვილად ვერ შეჩერდება. ამიტომ უკვე დასაცინიც კი გახდა სააკაშვილის გაუგებარი ინიციატივები.
„იმასაც შევხედოთ, რომ 21 დეკემბრის შუაღამისკენ, როდესაც მისი დაბადების დღე დგებოდა, „ვივამედის“ კლინიკასთან 100 კაციც ვერ შეიკრიბა. დავიჯერო ამდენი მხარდამჭერი და აქტივისტი აღარ ჰყავს, რომ თუნდაც ნახევარი საათით მაინც მისულიყვნენ? ბელადისთვის იუბილის მილოცვაც კი ეზარებათ. ამიტომ მისი ეს ახალი ინიციატივები არავის ადარდებს და მას ოპოზიციაზე კი არა, პარტიაშიც კი გავლენა აქვს დაკარგული“, - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“.
რაც შეეხება იმას, შესაძლოა თუ არა ვიხილოთ ამ კომიტეტში ენმ-დან წასული ნიკა მელია, აბაშიძე არაფერს გამორიცხავს და ამბობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია. თუმცა, მელია ისე სამარცხვინოდ გააგდეს პარტიიდან, რომ მსგავს კომიტეტებში გაერთიანება პოლიტიკურად მასვე დააზიანებს. ამიტომ მისი გადასაწყვეტია. თუმცა, თუ მას ენმ-ის ამომრჩევლის მხარდაჭერა უნდა, სააკაშვილთან უნდა იყოს ისევ დაკავშირებული. სხვაგვარად მელიას ფასი არაფერია.
შანსი მელიასათვის, რომ „ხიდები ბოლომდე არ დაწვას“
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ამ ინიციატივას ორმაგი დანიშნულება აქვს. ერთის მხრივ იგი პროდასავლურ ოპოზიციას კოორდინირებულ მოქმედებას სთავაზობს და მეორეს მხრივ, ენმ-დან წასულ ძალებსა და პოლიტიკოსებს საშალებას აძლევს, რომ ბოლომდე არ დაწვან ხიდები ყოფილ პარტიასთან.
„ასე მგონია, რომ სააკაშვილის მხრიდან არის მცდელობა, რომ პროდასავლურმა პარტიებმა კოორდინირებულად იმოქმედონ. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ყველა პარტია ენმ-ის ფრთის ქვეშ გაერთიანდეს და ერთიანი სიით წარდგნენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. მხოლოდ ურთიერთობასა და აზრის გაზიარებაზეა საუბარი, თუ როგორ უნდა დამარცხდეს „ოცნება“. ასევე თუკი პროდასავლური ძალა ხელსუფლებაში მოვა, რა სახის სამოქმედო გეგმა უნდა ჰქონდეთ და ა.შ.
„მათ შორის, „ნაცმოძრაობიდან“ გასული ადამიანების დაინტერესებაც არის, რათა პარტიასთან ბოლომდე ხიდები არ დაწვან, თანამშრომლობა ამ მიმართულებებით გაგრძელდეს და წყენამ მეორე ფლანგზე გადაინაცვლოს.
„რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება, ზოგმა, შესაძლოა „ლელომ“, ეს არ მოინდომოს, თუკი მისი ხელმძღვანელი სააკაშვილი იქნება. მეორეს მხრივ მგონია, რომ ოპოზიციას სჭირდება ერთმანეთთან თანამშრომლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ არჩევნებზე მათ ხელისუფლების დამარცხება გაუჭირდებათ. მხოლოდ იმაზე ფიქრი, რომ „მთავარია 5%-იანი ბარიერი გადავლახო და სხვა არაფერი მაინტერესებს“, დიდი შეცდომა იქნება“, - ამბობს ჩიტაძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ თუკი ნიკა მელიას და სააკაშვილის კონტაქტი შედგება, ნიკა მელია ამ კომიტეტში თავის გუნდთან ერთად მოიაზრებოდეს, რადგან მელიას გუნდისთვის მიხეილ სააკაშვილი მნიშვნელოვანი ფიგურაა და ისინი მას ისევე სცემენ პატივს, როგორც ენმ-ის დარჩენილი წევრები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე