აფხაზეთის არცთუ მცირე ნაწილი ახალ წლამდე, შესაძლოა, პრაქტიკულად რუსეთის კუთვნილებად გამოცხადდეს. საუბარია ბიჭვინთაში მდებარე საბჭოეთის დროინდელი სამთავრობო აგარაკების კომპლექსზე, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებამ თითქმის 2 წლის წინ ოფიციალურად გადასცა რუსეთს, თუმცა ე.წ. პარლამენტი აქამდე უარს აცხადებს მის რატიფიკაციაზე. ეს „შეთანხმება" როგორც სოხუმში, ასევე თბილისში სერიოზულ შეშფოთებასა და პროტესტს იწვევს. როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება და აქვს თუ არა მას რაიმე ბერკეტი, რომ ამ კომპლექსის რუსებისთვის გადაცემა ჩაშალოს?
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი 28 დეკემბერს განიხილავს რუსეთისათვის ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკის გადაცემის შესახებ შეთანხმებას და ამჯერად შესაძლოა მისი რატიფიცირება მოახდინოს. ფორმალურად ეს იჯარასთან დაკავშირებით გაფორმებული დოკუმენტია, თუმცა მისი შინაარსიდან გამომდინარე აშკარაა, რომ 180 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი და მისი შესაბამისის საზღვაო აკვატორია სამუდამოდ და პრაქტიკულად უსასყიდლოდ გადაეცემა რუსეთს.
ამ ე.წ. შეთანხმებას რუსეთის ხელისუფლებასა და დე ფაქტო მთავრობას შორის ხელი ჯერ კიდევ 2022 წლის იანვარში მოეწერა, თუმცა აფხაზური საზოგადოების მწვავე პროტესტის გამო, მისი რატიფიცირება აქამდე ვერ მოხერხდა. ე.წ. დეპუტატებმა შეთანხმებაში კოორდინატების არასწორად მითითება მოიმიზეზეს და მისი განხილვა გადადეს. ახლა კი ტექსტი ჩასწორებული კოორდინატებით ხელახლა შევიდა დე ფაქტო პარლამენტში.
ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ განხილვის მოახლოებასთან ერთად სოხუმში ვითარება სულ უფრო დაიძაბება. ხოლო საბოლოოდ რითი დასრულდება ეს, ძნელი სათქმელია.
ამ ე.წ. შეთანხმების თანახმად, რუსეთს 49 წლის ვადით იჯარით გადაეცემა ბიჭვინთაში, ზღვის სანაპიროზე მდებარე 184 ჰექტარი ფართობის ტერიტორია მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით, ასევე ამ მონაკვეთის შესაბამისი საზღვაო აკვატორია.
იჯარის გადასახადი სიმბოლურია - წელიწადში 1 რუბლი.
შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ, იგი ავტომატურად გაგრძელდება 15 წლით და პერიოდულად, 15 წელიწადში ერთხელ, იგივე განმეორდება.
მეიჯარეს (რუსულ მხარეს) ამ მონაკვეთზე კაპიტალური მშენებლობის უფლება აქვს, თანაც ისე, რომ მის მიერ აქ არსებულ შენობებზე საკუთრების უფლება მასვე რჩება.
ასევე საინტერესოა, რომ შეთანხმების მოქმედების შეჩერება არ იწვევს ამ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეწყვეტას.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა არის არალეგიტიმური, არალეგალური და ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება. როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, საქართველომ დე ფაქტო ნაბიჯები რომ აირიდოს თავიდან საჭიროა რუსეთის აგრესიულ იმპერიალისტურ პოლიტიკაზე ისაუბროს საერთაშორისო თანამეგობრობასთან მათ შორის გაეროსთან, ეუთოსთან ევროკავშირთან და უნდა შეწყვიტოს აგრესორი რუსეთისთვის ხელის დაფარება.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ეს ჩვენი მიწებია, რომელიც ჩვენი დასაცავია.
„ეს გადაწყვეტილება, როგორც ყველა სხვა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება აეროპორტს, რომელიც ეხება ოჩამჩირეს, არის არალეგიტიმური, არალეგალური და ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი მიწები, ჩვენი აეროპორტი, ჩვენი პორტი, ყველასი ერთად და ამიტომ ეს არის ჩვენი დასაცავი. ჩვენი დაცვა არის საერთაშორისო არენაზე, რომ იქ ყოველდღიურად, ყოველთვის გავაპროტესტოთ, რომ ეს არალეგიტიმური ნაბიჯები არ გახდეს რაღაცა დე ფაქტო ნაბიჯები", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ საქართველომ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა დაიცვას საერთაშორისო დონეზე.
„საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს საქართველომ - უნდა ილაპარაკოს ამაზე ხმამაღლა გაეროში, ეუთოში, ევროკავშირში; უნდა მიიღოს საპარლამენტო რეზოლუცია, უნდა გაავრცელოს ეს რეზოლუცია მთელ მსოფლიოში, რომ ეს არის რუსული იმპერიალიზმის გაგრძელება საქართველოს ტერიტორიაზე...
„რუსეთს ახლა აქვს აგრესია უკრაინაში და რუსეთი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თითქოს ეს უკრაინის პრობლემაა. საქართველოს მთავრობაც ქმნის ასეთ შთაბეჭდილებას - თითქოს რაც ხდება უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების შედეგია. არა, ეს ასე არ არის - ეს არის რუსეთის იმპერიალიზმის რეალიზაცია, რაც დაიწყო 2008 წელს საქართველოში, შემდეგ რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და ახლა ახორციელებს უკრაინაში შეჭრას ასეთი სასტიკი ფორმებით.
„აი, ამ ფონზე ბიჭვინთა, ოჩამჩირე ამ პოლიტიკის გაგრძელებაა. ამაზე უნდა ილაპარაკოს საქართველოს ხელისუფლებამ. ის რაც ხდება აფხაზეთში, არ არის რაღაც ლოკალური მოვლენა. ამ შთაბეჭდილებას ქმნის საქართველოს ხელისუფლება - რომ ის, რაც ხდება ბიჭვინთაში, ის ისედაც ხდება. ეს „ნაციონალური მოძრაობის ბრალია და 2008 წელს დაიწყო ასე. სინამდვილეში ეს ასე არაა, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც უკრაინაში ახორციელებს რუსეთი ახლა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ხელს აფარებს რუსეთს, რუსეთი არ მალავს თავის აგრესიულობას.
„ქართული ოცნება" ცდილობს შეარბილოს სიტუაცია - თითქოს რუსეთი არც ისეთი საშინელებაა, ვიდრე ვიღაცას ჰგონია. არა, რუსეთი იმაზე უფრო დიდი საშინელებაა, ვიდრე ვიღაცას ჰგონია... ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი და კარგია, რომ ზურაბიშვილი ამას ხაზს უსვამს - რომ ის, რაც ხდება, არის რუსული იმპერიალისტური აგრესიის გაგრძელება", - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე