ელზა პაპოშვილი
(20.12.2023)

ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ არსებული ინსტიტუციური პროექტი არ ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობისა და მაღალი დონის თანამდებობის პირების ქონებრივი და ინტერესების დეკლარაციების მონიტორინგთან დაკავშირებით მისი კომპეტენციები კანონში დამატებით გარანტიების შეტანას მოითხოვს. 

ამასთან, ვენეციის კომისია და ოდირი საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებზე წერს, რომ შეთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად.       

ქართულ ოცნებაში“ კი „გაუგებარს“ უწოდებენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომლის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მთავრობის ხელმძღვანელის ნაცვლად, პარლამენტმა უნდა დანიშნოს. 

"ვენეციის კომისია სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის არჩევასთან დაკავშირებით უნდა დავუბრუნდეთ მოცემულობას, როგორც ეს 19 აპრილის შეთანხმებაშია გაწერილი," - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძის თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია.

„დასკვნასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს, რადგან პროცესი დეტალურად და არგუმენტირებულად ავხსენით. ჩვენ მათ დეტალურად განვუმარტეთ იმის თაობაზე, რატომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების შერჩევის პროცესი პრეზიდენტიდან პარლამენტში გადმოსულიყო. 

„პრეზიდენტმა პროცესი ჩიხში შეიყვანა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებმა დემარში მოაწყვეს, რათა პრეზიდენტის კომისიაში მონაწილეობა არ მიეღოთ. პროცესი წინ ვერ წავიდა იმის გამოც, რომ ხუთი თვის განმავლობაში გამოცხადებულ კონკურსზე, უნდობლობიდან გამომდინარე, განაცხადი ერთმა ადამიანმაც კი არ შეიტანა.

„ინერგება რა ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც ხმის მიცემას ელექტრონული აპარატების მეშვეობით ითვალისწინებს, საჭიროა ცესკო-ს გამართული ადმინისტრაცია ჰყავდეს. ამისთვის საჭიროა წარმოდგენილი იყოს ცვლილებები, რომელიც მეტ გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობას მოიცავს. 

„ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტი საერთოდ არ არის წარმოდგენილი და საუბარია იმაზე, რომ ორიენტირი 19 აპრილის სქემაზე გაკეთდეს. ვენეციის კომისიის დასკვნაში არცერთი სამართლებრივი არგუმენტი წარმოდგენილი არ არის – სამართლებრივი არგუმენტების გარეშე იმის დაწერა, რომ 19 აპრილის სქემას დავუბრუნდეთ, გამართლებული არ არის. 

„საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების არჩევასთან დაკავშირებული სისტემა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პარლამენტში იმიტომ გადმოვიდა, რომ სისტემა ჩიხში შევიდა და საერთოდ ვეღარ ფუნქციონირებდა," - განაცხადა გივი მიქანაძემ.    

ვენეციის კომისიამ კიდევ ერთი ალიყური აარტყა რუსულ პარტიას, - ამის შესახებ კი  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე, რომელიც დღეს არის, არ უნდა იყოს, უნდა გადადგეს, ასევე ვენეციის კომისია ამბობს, რომ ანტიკორუფციული ბიურო ფასადურია.

„ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე, რომელიც დღეს არის, არ უნდა იყოს, უნდა გადადგეს, პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს, მაღალი ლეგიტიმაციით აირჩიონ და არა პირობითად "რუსული პარტიის" მიერ იყოს დანიშნული.

„ეს ვენეციის კომისიამ შავით თეთრზე დაწერა და ასევე, კონკრეტული სამსახური რომ შექმნეს, სადაც თავისი ძმაკაცი თუ კარგი თამადა რომ დაასაქმეს, მასზეც თქვეს, რა სამსახურია, საერთოდ, რა ლეგიტიმაცია აქვს და ვინ არიან საერთოდ ეს ხალხიო. ამ ანტიკორუფციულ ბიუროზე თქვეს, რომ სასაცილოა, სისულელეა, ფასადურია. ცხადია, არავინ არაფრის გამომძიებელი არ არის. ის, რომ ღარიბაშვილის მოპარულს მისი დანიშნული თამადა კაცი არ გამოიძიებს, ეს ყველას გვესმის", - განაცხადა ხაბეიშვილმა.   

კორექტული არ არის იმ ხალხს, ვინც ეს-ესაა კანდიდატის სტატუსი მოგცა, უთხრა: - შენ რომ ცოტა ხნის წინ სტატუსის მისაღებად მეხმარებოდი და პირობებს მიყენებდი, თურმე უპრეცედენტოდ უვარგისი ყოფილა, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეფასებებს.

ამასთან, როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი პრობლემა არის არის ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების დანიშვნის წესი, არამედ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი და პარტიების დაფინანსების წესი.

„ირაკლი კობახიძეს მოვუსმინე, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ამბობდა: - ადრე ცუდი სისტემა შემოგვტენეს და ამ შემოტენილ ცუდ სისტემას არ მივიღებთო.

კორექტული არ არის, რომ იმ ხალხს, ვინც ეს-ესაა კანდიდატის სტატუსი მოგცა, უთხრა, შენ რომ ცოტა ხნის წინ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მეხმარებოდი და პირობებს მიყენებდი, თურმე ის უპრეცედენტოდ უვარგისი ყოფილა და მის გამოსწორებაზე ვზრუნავთ. ეს არც ერთი ნორმალური ადამიანისთვის მისაღები არგუმენტი არ არის.

პრობლემას მე იმაში ვხედავ, რომ სხვადასხვა თანამდებობის პირები, რომელთაც სხვადასხვა პარტიების მხრიდან მაღალი ნდობა სჭირდება, კონსენსუსის გარეშე ინიშნებიან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.  

ვენეციის კომისიის დასკვნა ძალიან მძიმეა, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნას, სადაც საუბარია ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე და აცხადებს, რომ კონკურსი, რომელიც ჩატარდა, არ იყო იმ შედეგის მომცემი.

„ანტიკორუფციულ ბიუროზე სრულად ვიზიარებ ვენეციის კომისიის მოსაზრებას და ძალიან მძიმეა ის დასკვნა, რომელიც დევს. კონკურსი, რომელიც ჩატარდა, არ იყო ბოლომდე, გარანტირებულად იმ შედეგის მომცემი, რაც დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის დანიშვნას გულისხმობდა. მათ შორის ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი არის დანიშნული პრემიერ-მინისტრის მიერ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის თქმით, ანტიკორუფციული ბიურო ფაქტობრივად არ არსებობს და კანონმდებლობა ხელახლაა გადასაწერი.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე