ნატო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს 2024 წლის არჩევნების მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებზე ჩატარებას და საქართველოს ინტეგრაციის პროგრესი ალიანსში მნიშვნელოვანწილად ამ ფაქტორზეც იქნება დამოკიდებული - „იმედი გვაქვს, რომ 2024 წლის არჩევნებში რეალურ, ცოცხალ დემოკრატიულ პრაქტიკას ვნახავთ" - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითიც ხაზი გაუსვა ნატოს პოზიციას საქართველოსთან მიმართებაში.
მისი თქმით, ნატოსთვის დემოკრატია ამოსავალი წერტილია. შესაბამისად არჩევნები სამართლიანი, კონკურენტული გზით უნდა ტარდებოდეს და სწორედ ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც პრეზიდენტს და პრემიერ მინისტრს გადასცა.
პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ნატოს იგივე მოთხოვნები აქვს საქართველოს მიმართ, რაც ევროკავშირს.
„ზუსტად იგივე მოთხოვნები აქვს ნატოს საქართველოს მიმართ, რაც ევროკავშირს, თუ არ ჩავთვლით სამხედრო საკითხებს. ძირითადი ეს არის - კანონის უზენაესობა, ბიუჯეტის გამჭვირვალობა, შესყიდვების გამჭვირვალობა. ასევე, სამხედრო ბიუჯეტის სტრუქტურირება ისე, რომ სამხედრო ძალებისთვის უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი სამხედრო პოტენციალის ზრდა საქართველოში, და რა თქმა უნდა, ეს არის ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა
„ნატოს წევრი ქვეყნების 90%, თუ არ ჩავთვლით შეერთებულ შტატებს და კანადას, ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა არ არის ნატოს წევრი - მათ შორის ირლანდია და ავსტრია, რომლებიც ნეიტრალურები არიან. ასე რომ, ნატოს იგივე სახის მოთხოვნები აქვს საქართველოს მიმართ, რაც ევროკავშირს" - განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა.
როგორც პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს ნატოს მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული.
„ჯერ-ჯერობით ბევრი პრობლემაა, პირველ რიგში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ნატოს ფარგლებში ჯერ კიდევ 1995 წელს გამოქვეყნდა კვლევა გაფართოების შესახებ. სადაც წარმოდგენილი იყო მთავარი მოთხოვნები, რომელიც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე, რომ გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.
„ერთერთი მთავარი მოთხოვნა, ეს გახლავთ, რომ ქვეყანა უნდა იყოს დემოკრატიული. გარდა ამისა, იქ არის საკითხები, რომ სასაზღვრო პრობლემები უნდა იყოს მოგვარებული, სასაზღვრო დავები და შიდა კონფლიქტები უნდა იყოს მოწესრიგებული და ა.შ.
„პირველ რიგში დემოკრატიული თვალსაზრისით საქართველო ჯერჯერობით არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. სამხედრო თვალსაზრისით კი ბატონო, არის გარკვეული პროგრესი.
„საქართველო თავდაცვაზე გამოყოფს საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 2%-ს, შეიარაღებაზე გამოიყოფა თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი, მაგრამ, დემოკრატიული ინსტიტუტების თვალსაზრისით, ასევე სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების მიმართულებით მოვისუსტებთ", - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე