ნაზი ბერიძე
(19.12.2023)

ორშაბათს პარლამენტში საანგარიშო გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მნიშვნელოვანი დრო დაუთმო ქვეყნის უსაფრთხოებასა და ევროინტეგრაციაზე საუბარს. მისი შეფასებით, ბოლო წლებში საქართველო მმართველობის ხარიხით მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროკავშირს. პარალელურად კი მნიშნელოვანი თანხები იხარჯება როგორც სამხედრო ინფრასქტრუქტურის განვითარებაზე, ისე უახლესი შეიარაღების შეძენაზე.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მხოლოდ წელს ქვეყანამ 15 მრავალმინიონიანი კონტრაქტი გააფორმა ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყანასთან შეიარაღების მიწოდებაზე. პარალელურად ქვეყანაში, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, ვითარდება ადგილობრივი სამხედრო წარმოებაც.

რაც შეეხება საქართველოს დაახლოებას ევროკავშირის სტანდარტებთან, პრემიერმა ღარიბაშვილმა ამის საჩვენებლად სხვადასხვა ავტორიტეტული საერთოაშორისო ორგანიზაციების მიერ შედგენილი რეიტინგები მოიყვანა.

საქართველო და ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა

პრემიერის შეფასებით, არავინ იცის როგორ დასრულდება ომი უკრაინაში და როგორ ჩამოყალიბდება ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, ხოლო საქართველოს მთავრობამ საქართველოს ომი აარიდა. მათ შორის „ქართული ოცნების" მმართველობისას გახდა საქართველო მაქსიმალურად დემოკრატიული და ევროპული ქვეყანა. დაწინაურდა ქვეყნის თავდაცვის სისტემა ჯარის და უსაფრთხოების განვითარებით.

„აგვისტოს ომი იყო რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ, სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება. მე ეს არაერთხელ მითქვამს, რომ 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა.

„ახლა რატომ ვამბობ ამას. მეგობრებო, ჩვენ კარგად ვიცით და ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენს საზოგადოებას ღიად ვესაუბრებოდით იმ რისკების შესახებ, რომლის წინაშეც გვიწევდა ჩვენ გამკლავება. საფრთხე იყო საკმაოდ რეალური, ეს არ იყო მოგონილი, იყო საფრთხე ქვეყნის დესტაბილიზაციის. ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ჯგუფები და მტრული ძალები. მე არ მოვერიდები ამის თქმას - პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანა ჩაბმულიყო ამ საომარ ვითარებაში.

„მე ფაქტებს აღარ გაგახსენებთ, ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი. ამიტომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ძვირფასო მეგობრებო, საზოგადოებავ, მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ უნდა ითქვას სიამაყით, ჩვენ ვინაიდან და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები, ჩვენ ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ერს, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას დაატყდეს თავს, არის ომი, ეს ყველაზე დიდი განსაცდელი თავიდან ავარიდეთ და ავირიდეთ. ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად და მტკიცედ გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე. ჩვენ ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ.

„რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს რისკები მთლიანად არის განეიტრალებული. ბუნებრივია, ეს რისკები არსად არ წასულა. ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით და გონიერებით ვაფასებთ რისკებს, ვახდენთ საფრთხეების იდენტიფიცირებას, შესაბამის პრევენციებს ვახორციელებთ და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველო მმართველობის ხარიხით მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროკავშირს

მმართველობის ხარისხით საქართველო გამოირჩევა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, მეტიც, რიგ ინდიკატორებში უსწრებს ევროკავშირის წევრ ათზე მეტ და რვავე კანდიდატ ქვეყანას. საქართველო ევროპული სახელმწიფო გახდა, ეს პროცესი არის შეუქცევადი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„მინდა, ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრე, შევაჯამო იმ რეიტინგებით, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებით, რომლებიც ობიექტურად ასახავს საქართველოს წინსვლას და გლობალური პოზიციონირების გაუმჯობესებას.

„დავიწყებ იმით, რომ ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების" წლევანდელ „დემოკრატიის ანგარიშში" დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს 179 ქვეყანაში საუკეთესო ათეულშია. ეს არის 11-წლიანი მუშაობის შედეგი. თითქმის 180 ქვეყანაში საუკეთესო ათეულში მოხვდა საქართველო დემოკრატიზაციის ანგარიშში.

„World Justice Project-ის მიხედვით, „კანონის უზენაესობის ინდექსში" საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა, საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის მეექვსე ადგილს იკავებს. ისეთ ინდექსებში, როგორიც არის კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა წელს, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა.

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის" თანახმად, რომელიც მსოფლიო ბანკმა „გლობალური მმართველობის ინდიკატორების" პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა, საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატო-ს წევრ მრავალ სახელმწიფოს. კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში მე-11, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა. ამავე ანგარიშის თანახმად, ევროპის კანონის უზენაესობის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 29-ე, ევროპაში მე-14 ადგილზეა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა.

„რეგულაციების ხარისხით საქართველო ეკონომიკებს შორის მეშვიდე ადგილზე, ხოლო სახელმწიფოებს შორის მეცხრე ადგილზეა. გლობალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის Transparency International-ის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსში" მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილზეა და რეგიონში ლიდერია.

„ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრის (ERCAS) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის „გამჭვირვალობა ომიანობის ჟამს" მიხედვით, საქართველო მე-17 ადგილს იკავებს წლევანდელ „გამჭვირვალობის ინდექსში" და უსწრებს ევროკავშირის 15 წევრ სახელმწიფოს და დიდი შვიდეულის ოთხ ქვეყანას.

„Fraser Institute-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, ცნობილი ინსტიტუტი, „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება" საქართველო 165 ქვეყანას შორის 25-ე ადგილს იკავებს და მსოფლიოს ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნებს შორისაა. Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებული „ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის" თანახმად, საქართველოს 100-დან 76 ქულა მიენიჭა და „თავისუფალი ქვეყნების" სიაში მსოფლიოს 70 ქვეყანას შორის მეცხრე ადგილზეა.

„სავალუტო ფონდის 2022-2028 წლების განახლებული შეფასებისა და გრძელვადიანი პროგნოზების თანახმად, საქართველო მსოფლიოში მეორე, ხოლო აღმოსავლეთ ნახევარსფეროში პირველ ადგილზე გავიდა შემდეგი მაჩვენებლებით: 2022-2028 წლებში ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ის ზრდა; ასევე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპი და მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდის ტემპი მუდმივ ფასებში.

„მსოფლიოს მოწინავე შვეიცარულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Global Risk Profil-მა „გლობალური კორუფციის ინდექსი 2023" გამოაქვეყნა. საქართველო ორი ადგილით დაწინაურდა, მსოფლიოს თითქმის 200 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის საუკეთესო 25%-ში, 43-ე ადგილზე. შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კი, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე გავიდა „კორუფციის დაბალი დონის" მიხედვით.

„ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, 10 წლის წინანდელი საქართველო შეზღუდული გამჭვირვალობის მქონე ქვეყნებს შორის იყო. შეზღუდული გამჭვირვალობის მქონე ქვეყანა იყო საქართველო 10 წლის წინ, 2022 წელს კი „ღია ბიუჯეტის ინდექსით" საქართველომ მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით. ეს არის რეალური პროგრესი.

„მმართველობის ხარისხით საქართველო გამოირჩევა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის და მეტიც, რიგ ინდიკატორებში უსწრებს ევროკავშირის 10-ზე მეტ წევრ და რვავე კანდიდატ ქვეყანას. მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, რეგულირების ხარისხით საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას.

„კორუფციის კონტროლის ინდიკატორში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 10 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას, მთავრობის ეფექტურობის ინდიკატორში საქართველო უსწრებს ევროკავშირის რვა ქვეყანას და რვავე კანდიდატ ქვეყანას. ეს არის შედეგი, რომელსაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია ბოლო 11 წლის განმავლობაში. კიდევ ერთხელ, მინდა, მადლობა გადავუხადო მინისტრთა კაბინეტს, მთავრობის თითოეულ წევრს, ყველა საჯარო მოხელეს", - თქვა პრემიერმა.

გაუმჯობესდა უსაფრთხოება და თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 540 მილიონი ლარი არის დახარჯული სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზოგადად ბოლო 10 წელიწადში, აქედან 400 მილიონ ლარამდე არის დახარჯული მხოლოდ ბოლო 4 წელიწადში.

„ჩვენ საშუალოდ 100 მილიონ ლარს ვხარჯავთ, მათ შორის, ყაზარმების თუ სხვა სამხედრო ბაზების განვითარებაზე, დღეის მდგომარეობით 273 ობიექტი არის აშენებული, გარემონტებული, რეაბილიტირებული, მათ შორის, ყაზარმები, სასადილოები, სპორტკომპლექსები, საცხოვრებელი კორპუსები და სხვ. გარემონტდა 503 ობიექტი.

„მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ დავასრულეთ წარმატებით „ჯარის ქალაქის" მშენებლობა. ეს არის საკმაოდ წარმატებული პროექტი, რომელიც გაგრძელდება მომავალშიც და ამის გარანტიებიც იქნა ჩადებული თავდაცვის კოდექსში. „ჯარის ქალაქში" 1000-ზე მეტ ჩვენს სამხედროს, ჩვენს საამაყო სამხედროებს, ჯარისკაცებს გადაეცათ ბინები მინიმალურ, მიზერულ ფასად, შეიძლება ასეც ითქვას და ჩვენ ამ პროექტს მომავალშიც გავაგრძელებთ.

„იგივე პროგრამა ჩვენ დავიწყეთ პოლიციელებისთვის, ჩვენი საამაყო პოლიციელებისთვისაც. 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს თბილისში ბინებს, ასევე მიზერულ ფასად და ასევე უნდა გაგრძელდეს პოლიციისთვისაც ეს წამახალისებელი მექანიზმი.

„რა თქმა უნდა, ვითარდება და შეიარაღება იქნება ეს თუ სპეცტექნიკის განახლება და შეძენა, ჯამში, ბოლო 10 წელში 2 მილიარდ ლარამდე არის გამოყოფილი და დახარჯული. მხოლოდ წელს 15 მრავალმილიონიანი ხელშეკრულება არის გაფორმებული შეიარაღების შესყიდვაზე ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან. ამის თაობაზე ბუნებრივია თავდაცვის მინისტრისგან გაქვთ დეტალური ინფორმაცია. ჩვენ ასევე განვაახლეთ ბოლო პერიოდში საფრენი საშუალებები, მათ შორის, ამერიკული წარმოების, ასევე მოიერიშე თვითმფრინავები, შვეულმფრენები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„საჭიროა ვისაუბროთ ხარვეზებზეც და მათი დაძლევის გზებზეც"

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ პრემიერმა დადებით ცვლილებებსა და ტენდენციებზე ისაუბრა, რაც აუცილებელია მსგავსი გამოსვლებისას. თუმცა, ასევე სასურველი იქნებოდა, რომ არსებულ ხარვეზებსა და მათი გამოსწორების გზებზეც გაკეთებულიყო აქცენტი.

„ძალიან ბევრი დადებითი აღინიშნა პრემიერმა, რაც საჭიროა ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდანაც რომ გაესვას ხაზი, მაგრამ მემგონი პიარისთვისაც აჯობებს, უფრო დამაჯერებელი რომ იყოს ხოლმე ამ ტიპის ტექსტები, რომ ითქვას ხარვეზებზეც და მათი დაძლევის გზებზეც. ფონი და კონტრასტი ყველაფერს სჭირდება.

„უსაფრთხო გარემოში რამდენად შეიძლება იმყოფებოდე 3.5-მილიონიანი ქვეყანა, როდესაც 140-მილიონიანი აგრესიული ქვეყანა გაქვს თავზე?! შენი შესაძლებლობების განმტკიცება ის არის, რომ გარკვეული დოზით და ხარისხით მოახერხო თავდაცვა. 90-იან წლებში ქართველები წელიწადნახევარი შიშველი ხელებით იბრძოდნენ რუსეთის წინააღმდეგ. წააგეს ომი, მაგრამ იბრძოდნენ. აგვისტოს ომში კი გაცილებით უკეთესად შეიარაღებულმა ჯარმა ხუთ დღეში მიატოვა ფრონტის ხაზი. ესეც წაგებაა, ოღონდ სხვანაირი წაგებაა. ასე რომ, მარტო შეიარაღებებზე არ არის უსაფრთხოება დამოკიდებული.

„ერთერთ მომენტს ხაზი გაუსვა პრემიერმა - იდეოლოგიურ მუშაობას ქართულ ჯარში. და თუ ეს ხდება სისტემატურად და საფუძვლიანად, ეს კიდევ ერთი პლუსი იქნება ჯარისთვის, იმიტომ, რომ იარაღზე არანაკლები ძალა აქვს იმას, თუ რა ხდება კაცის გონებაში.

„თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხოება არავისთვის არის გარანტირებული. გაცილებით დიდი იყო უკრაინა, მაგრამ ვხედავთ რა დღეშია. მაგრამ ქვეყანა ბრძოლისუნარიანი რომ იყოს, აუცილებელია იდეოლოგიური მუშაობა, რომ მერე დახმარება მოითხოვო პარტნიორებისგან", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე