ელზა პაპოშვილი
(19.12.2023)

მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის წვერობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ოპოზიციას ახალი მესიჯი აქვს - თუ 2024 წელს „ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩა, მაშინ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება არ დაიწყება. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამით ოპოზიცია ძველ შეცდომას იმეორებს, როდესაც მათი პოლიტიკუსი მესიჯები მთლიანად კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღებაზე იყო აგებული და თუ ეს ახლაც მათი წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი მიმართულება გახდა, „ოცნებას“, სავარაუდოდ, ხელისუფლების შენარჩუნება არ გაუჭირდება.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ფიქრობენ, რომ ოპოზიციამ პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეცვალოს და გადაჯგუფება დაიწყოს. მათი აზრით, კანდიდატის სტატუსი ქვეყანამ გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღო და ქვეყნის შიდა პოლიტიკა განმსაზღვრელი არ ყოფილა. ამიტომ ოპოზიცია ისევ იგივე შეცდომას უშვებს, როცა აქცენტს კვლავ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე  აკეთებს და ხალხს არ ელაპარაკება იმ პრობლემებზე, რაც მათ რეალურად აწუხებთ. 

რა უნდა შესთავაზოს ოპოზიციამ ამომრჩეველს 

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ოპოზიციას პოლიტკური დღის წესრიგი აღარ აქვთ. მისი აზრით, მათი ყველა განცხადება და მოქმედება საერთოდ ამოვარდნილია ქართველი ხალხის სურვილებიდან. ამიტომაც რთული სათქმელია, რა შეიძლება მათ 2024 წელს ხალხს შესთავაზონ. 

„მიჭირს იმაზე საუბარი, თუ რა შეიძლება იყოს ოპოზიციის მთავარი გზავნილი 2024 წელს, რით შეიძლება ამომრჩევლის  გული მოიგონ. ყველა კვლევებით ჩანს, რომ დღეს რა დღეშიც ოპოზიციაა, მსგავს სიტუაციაში არასდროს ყოფილა. მათ მთელი პოლიტიკური მესიჯები აწყობილი ჰქონდათ კანდიდატის სტატუსზე. ამიტომ ახლა ძალიან უჭირთ იმ ახალი დღის წესრიგის შექმნა, რამაც გამარჯვება უნდა მოუტანოთ. 

„მათი მთავარი მესიჯები მუდმივად დესტრუქცია, დაპირისპირება, რევოლუცია და ა.შ. იყო. ეს კი მოსახლეობას აშინებს. ლამის მეორე ფრონტის გახსნის მომხრეებიც კი იყვნენ. ამიტომ ახლა ამომრჩეველი მათ აღარ ენდობა. 

„მათი დღის წესრიგი უნდა იყოს იმ პრობლემებზე საუბარი, რომელიც ხალხს აქვს. უნდა შესთავაზონ ამ პრობლემიდან გამოსვლის გეგმა. თუმცა, იმასაც აქვს მნიშვნელობა, ამას ვინ სთავაზობს. ახალი სახეები უნდა შემოეყვანათ, რომ მეტი დამაჯერებლობა ჰქონოდა. ამის ნაცვლად კი ენმ-ში ისეთი დაპირისპირებაა, რომ ისევ ის სახეები დაბრუნდნენ უკან პარტიაში, რომლებსაც 2012 წელს ხალხმა უარი უთხრა. ამიტომ ძალიან მიჭირს საუბარი რა იქნება ოპოზიციის მესიჯები 2024 წლის არჩევნებისთვის“, -ამბობს საყვარელიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ  ოპოზიციისთვის ახლა არსებული პოლიტიკური სიტუაცია იმდენად რთულია, რომ სასწრაფოდ გადაჯგუფებას მოითხოვს. მისი აზრით, თუ იანვრის ბოლომდე, მაქსიმუმ, თებერვალში ეს გადაჯგუფება არ დაიწყო და ყველაფერი ისე დარჩა, როგორც დღეს არის, მაშინ საუბარი 5%-იანი ბარიერის გადალახვასა და მითუმეტეს არჩევნების მოგებაზე უსაფუძვლო იქნება. მისი აზრით, ოპოზიცია პოლიტიკურად იმდენად შემოიძარცვა, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგსაც ვეღარ ქმნის და ის მესიჯიც გამოეცალა ხელიდან - რომ „ოცნება“ პრორუსული ძალაა.

„ეს ყველაფერი იმდენად მძიმედ გამოიყურება (და ეს ბოლო კვლევეებმაც აჩვენა), რომ არ ვიცი ოპოზიციას საერთოდ რა გეგმა აქვს. იმის ნაცვლად, რომ ხალხის რეალურ პრობლემებზე ელაპარაკათ, მუმდივად იმაზე საუბრობდნენ, რომ „ოცნება“ პრორუსული ძალაა და რუსეთისკენ მიგვაქანებსო. ეს მესიჯი თავიდანვე შეცდომა იყო, რადგან უნდა სცოდნოდათ, რომ დასალეთი საქართველოს მეორედაც უარს არ ეტყოდა, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისთვის ხელის კვრის ტოლფასი იქნებოდა.

„ამიტომ, ოპოზიცია თუ დროზე არ გადაჯგუფდა, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება. ამაზე უნდა იფიქრონ წვრილმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა. მათ ამბიციები ცოტა უკან უნდა დაწიონ და საერთო წარმატებაზე იფიქრონ და არა იმაზე, რომ თავად გადალახონ 5%-იანი ბარიერი და მშვიდად იყვნენ“, - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან“.

რამდენად მომგებიანია ოპოზიციის ახალი მესიჯი

რამაზ საყვარელიძის თქმით, ოპოზიიცის ახალი მესიჯი - რომ თუ „ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკეებები არ დაიწყება - ასევე არ იმუშავებს. საყვარელიძე ამბობს, რომ ოპოზიცია ვერაფრით მიხვდა სტატუსი რატომ მოგვცეს, ამიტომ ხალხს ამით ვეღარ მოატყუებენ. 

„ძალიან გულბრყვილობაა, თუ ოპოზიციას სჯერა იმის, რომ ამ ახალი მესიჯით მოსახლეობას შეცდომაში შეიყვანს. ხალხმა ძალიან კარგად დაინახა და იცის, რატომ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. ოპოზიციაში ერთი ჭკვიანი ხატია დეკანოიძე აღმოჩნდა, რომელმაც თქვა, რომ სტატუსი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მოგვცესო. ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკა არ იყო გადამწყვეტი ევროკავშირისთვის. გადამწყვეტი აღმოჩნდა ის სიტუაცია, რომელიც ჩვენს რეგიონში არის. ამიტომ ოპოზიცია ისევ იგივე შეცდომას უშვებს, რაც აქამდე დაუშვა და რამაც ისინი ამ მძიმე შედეგებადე მიიყვანა“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.  

ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაც არ უნდა გააკეთოს, 5%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა არასდროს ექნებათ, რადგან თავისი მყარი ელექტორატი ჰყავთ. ხოლო ახალი მესიჯი, რომ თუ „ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, კანდიდატი ქვეყანა ვერ გავხდებით, არაფრის მომცემია. 

„მოსახლეობამ კარგად დაინახა, „ოცნება“ დასავლეთს როგორ ელაპარაკებოდა, რა განცხადებებს აკეთებდა, მაგრამ სტატუსი მაინც მივიღეთ. ამიტომ ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას ამ მესიჯის იმედად თუ აპირებს, მაშინ დარჩება „ოცნება“ ისევ ხელისუფლებაში“, - ამბობს ძაბირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე