ნაზი ბერიძე
(19.12.2023)

დასჭირდება თუ არა „ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშილის დახმარება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ივანიშვილი ჩაერთვება „ოცნების" საარჩევნო კამპანიაში? ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ ამის ალბათობა ახლა კი 50/50-ზეა. მათივე თქმით, ოპოზიციაში გარკვეული გადაჯგუფების შემდეგ, შესაძლოა მმართველი პარტია ასეთი აუცილებლობის წინაშე დადგეს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კულუარულად ივანიშვილი ისედაც იქნება ჩართული საარჩევნო პროცესებში, მაგალითად, საარჩენვო სიის შედგენაში და ა.შ. თუმცა, საჭირო გახდება თუ არა მისი ღიად ჩართვა და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, ეს მხოლოდ ოპოზიციის მოქმედებებზეა დამოკიდებული.

„ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, არ დასჭირდებოდა „ოცნებას" ბიძინა ივანიშვილის დახმარება. 2024 წლისთვის რა იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ, თუ ოპოზიცია ასეთ ვითარებაში დარჩა, რა თქმა უნდა, მაშინ ივანიშვილის დახმარება არ იქნება. იმედი მაქვს რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამას მიხვდებიან, ცოტა გადაჯგუფდებიან და დალაგდებიან. მაშინ შესაძლოა ივანიშვილის მოხმობა „ქართულ ოცნებას" ნამდვილად დასჭირდეს.

„თუ „ქართული ოცნება" დაინახავს, რომ არჩევნებში უმრავლესობას ვერ მიიღებს, მაშინ ის ბოლო კოზირს - ბიძინა ივანიშვილს ჩართავს ამ ბატალიებში. მაგრამ თუ ხედავს, რომ ყველაფერი კარგად მიდის, არც ივანიშვილს მოუნდება ამ ბატალიებში ჩართვა და არც „ოცნებას" არ მოუნდება ეს.

„ძირითადი თემები, როგორიცაა საპარლამენტო სია და დანარჩენი ყველაფერი, კულუარებში ისევ ივანიშვილთან იქნება შეთანხმებული. აქ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, ღიად და საჯაროდ დაუჭერს თუ არა მხარს ივანიშვილი საარჩევნო პროცესს და ჩაერთვება თუ არა „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიაში, თორემ დანარჩენი ყველაფერი მასთან იქნება შეთანხმებული, წვრილმანებიც კი", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესებში ბიძინა ივანიშვილის ღიად ჩართვის შანსი 50/50-ზეა.

„ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი სიტუაცია შეიქმნება არჩევნების თარიღთან შედარებით ახლოს. თუ გაუჭირდება „ქართულ ოცნებას", ბიძინა ივანიშვილი შეიძლება დაეხმაროს მას. თუ სიტუაცია ისეთი იქნა, რომ „ქართული ოცნება" შეძლებს დამოუკიდებლად მიაღწიოს წარმატებას, მაშინ მისი ჩარევის აუცილებლობა არ იქნება, როგორც წინა არჩევნებზე.

„ოცნების" საარჩევნო კამპანიაში ივანიშვილის ჩართვის ალბათობაც 50/50-ზეა და დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ პოლიტიკურ მოცემულობას მივიღებთ მომავალ წელს, დაახლოებით გაზაფხულისთვის, როდესაც პოლიტიკური პროცესები გახურდება წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყება", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე