ნაზი ბერიძე
(18.12.2023)

კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ საქართველოსთვის მთავარი ეტაპი ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნა იქნება, რისთვისაც თბილისს 9 პუნქტი (პირობა) აქვს შესასრულებელი, რომელიც ევროკომისიამ წამოაყენა.

სწორედ დასახული რეფორმების ეფექტურად და სწრაფად შესრულება განსაზღვრავს რეალურ პროგრესს ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით და ახლა ყველაზე აქტუალური თემაა, თუ რა გონივრულ ვადებშია შესაძლებელი მორიგი ნაბიჯის გადადგმა მიზნისკენ.

როგორც ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, ყველაფერი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე იქნება დამოკიდებული და იმაზე თუ რამდენად პროევროპული პოლიტიკური სპექტრი ჩამოყალიბდება.

„ვადები დათქმული არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ გონივრული ვადა იქნება ერთი-ორი წელი მაინც. ამის შესრულება ასე უცებ არ ხდება, ამიტომ ეს იქნება ოპტიმალური გონივრული ვადა. მთავარია დავანახოთ ევროკავშირს, რომ ჩვენ გვინდა ამის შესრულება.

„მეორე მხრივ, ერთი წელი იმიტომ დასჭირდება, რომ ამ პარლამენტს რეკომენდაციების შესრულება არ შეუძლია. ახალ პარლამენტს კი იმედია უფრო მეტი პასუხისმგებლობა და მეტი პოლიტიკური წონა ექნება. დღევანდელი პარლამენტი და პარლამენტარები ფაქტობრივად არიან „კოჭლი იხვები" და არც არსებობს ამ პარლამენტის ფონზე რამე პოლიტიკური ნება, რომ 9 პირობა შესრულდეს.

„აქედან გამომდინარე ახალ პარლამენტს დაეკისრება ეს პასუხისმგებლობა. ამიტომ ვთქვი, რომ გონივრული ვადა ერთი ორი წელია, მერე ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება, ახალი პოლიტიკური სპექტრი შეიქმნება. შეიძლება ისეთი პოლიტიკური სპექტრიც კი შეიქმნას, რომ საერთოდ ანტიევროპული საპარლამენტო უმრავლესობა მივიღოთ. მოკლედ, ყველაფერი დამოკიდებულია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ გააჩნია რამდენად სწორი მიმართულებით წავა საქართველო, 9 პირობის შესრულება მაინც და მაინც არ არის დამოკიდებული ვადებზე.

„მაგაზე არ არსებობს რაღაც კონკრეტული სტანდარტი, გააჩნია ქვეყანას. ზოგიერთი ქვეყანა ასრულებდა ევროკავშირის დავალებებს შედარებით მოკლე ხანში, ზოგიერთი დღესაც ასრულებს, ან არ ასრულებს.

„მაგალითად, თურქეთმა მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 1999 წელს, მაგრამ, ვიცით, რომ დღეს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არ დგას. ან იგივე ჩრდილოეთ მაკედონიამ 2005 წელს მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ დღესაც გრძელდება ეს პროცესი. სერბეთმა 2012-ში და მონტენეგრომ 2010-ში, მაგრამ 6 წლის განმავლობაში მხოლოდ გარკვეული მოთხოვნები შეასრულეს.

„ამიტომ საქართველოში ეს ვადებზე არ არის დამოკიდებული, გააჩნია სწორი მიმართულებით მივდივართ თუ არა, შეიძლება საერთოდ არ შესრულდეს რეკომენდაციები. თუ „ქართული ოცნება" დარჩება ხელისუფლებაში, ცოტა რთულია, რომ შესრულდეს პუნქტი", - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე: „ეგ არის ხელისუფლებაზე დამოკიდებული, ჩვენ შეგვიძლია ისეთი დინამიკა ვაჩვენოთ, რომ უკვე გაზაფხულზევე გავხსნათ მოლაპარაკებები, ან შეგვიძლია ეს ყველაფერი იმდენ ხანს გავწელოთ, რომ მომავალ წელსაც ვერ გაიხსნას. ასე რომ, ეს დამოკიდებულია თავიდან ბოლომდე ხელისუფლების მონდომებაზე, კეთილსინდისიერებაზე და სწრაფვაზე, რომ ეს მოლაპარაკება რაც შეიძლება მალე გაიხსნას".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე