14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და შემდეგი ნაბიჯი უკვე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნა უნდა იყოს. ეს კი, ანალიტიკოსთა შეფასებით, რამდენიმე გარემოებაზე იქნება დამოკიდებული. პირველ რიგში ის 9 დათქმა უნდა შევასრულოთ, რომელიც ევროკომისიამ 8 ნოემბერს დადებით რეკომენდაციას მოაყოლა. გარდა ამისა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ჩატარდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. მოლაპარაკების გახსნის შანსი კი საქართველოს, სავარაუდოდ, სწორედ არჩევნების შემდეგ - მომავალი წლის ბოლოს მიეცემა.
აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ბოლოს ევროკომისიის ანგარიშის გამოყნების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მოამზადა ამ 9 პუნქტის შესრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც დოკუმენტი ევროკომისიაშია გაგზავნილი და სადაც დეტალურადაა გაწერილი ვადები და ის სამუშაოები, რომლებიც სხვადასხვა უწყებამ რეფორმების გასატარებლად უნდა შეასრულოს. თუმცა, დაპირების მიუხედავად, ამ გეგმის გასაჯაროვება აქამდე არ მომხდარა.
როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, ამის მიზეზი შესაძლოა ისაა, რომ რიგ საკითხებში ევროკომისიისა და „ოცნების" ხედვები ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს შეიძლება იყოს საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი. ასევე საქართველოს ხელისუფლება შესაძლოა ცდილობდეს ევროკავშირთან რაღაც კომპრომისული გადაწყვეტილებების მოძებნას, ისეთ საკითხზე, როგორიცაა, მაგალითად, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან სრულად შესაბამისობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ია, როდესაც ორიოდე წლის წინ 60%-ს აჭარბებდა.
ამასთანავე, ანალიტიკოსებს ეეჭვებათ, რომ როდესაც „ოცნება" სამოქმედო გეგმას გამოაქვეყნებს, სრულიად ოპოზიციამ მას მხარი აუბას.
როგორ მივიდეთ მოლაპარაკების გახსნამდე
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, ევროკომისიის წინა 12 რეკომენდაციისაგან განსხვავებით, ამჯერად 9 პუნქტი ისე უნდა შევასრულოთ, როგორც ევროპელებმა ჩაგვითვალონ შესრულებულად.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ის ცხრა დავალება უნდა შევასრულოთ, რომელიც ევროკომისიამ სტატუსის რეკომენდაციასთან ერთად მოაყოლა და ეს ისე უნდა შესრულდეს, როგორც თავად ევროპელები ჩაგვითვლიან შესრულებულად და არა ღარიბაშვილი, მაჭარაშვილი და ა.შ. ეს იქნებოდა პირველი რეალური ნაბიჯი მოლაპარაკების დაწყებისკენ.
„ამასთანავე, უნდა გავატაროთ სხვა აუცილებელი რეფორმები და რა თქმა უნდა, მნიშნელოვანი იქნება საგარეო პოლიტიკური ვითარება, რომელიც შეიქმნება ამ ერთი წლის განმავლობაში (თუ საუბარი ერთ წელზეა). თუ ყველაფერი კარგად იქნება, ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორები ამ ნაბიჯს გადადგამენ და უკვე გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყება, ანუ იმ სტატუსს მივიღებთ, რაც დღეს უკრაინასა და მოლდოვას აქვთ", - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივა ასევე იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად მკაფიო იქნება ის საგზაო რუკა, რისი მიხდევითაც ეს პუნქტები უნდა შესრულდეს.
„ესაა იმ 9 პუნქტის შესრულებაზე დამოკიდებული, რაც ევროკავშირმა მოგვცა და ამისთვის მკაფიო საგზაო რუკის გაწერაზე. რამდენადაც ვიცი, ხელისუფლებამ ევროკავშირში დოკუმენტი გააგზავნა და როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ - და მათ ნათქვამს ვეყრდნობი - მას შემდეგ, რაც ისინი ამ დოკუმენტზე უკუკავშირს მიიღებენ და ევროკავშირთან შეჯერებული იქნება ამ რეკომენდაციების შესრულების დასახული გზები, ეს დოკუმენტი გასაჯაროვდება და ალბათ მერე გვეცოდინება ხელისუფლება როგორ იმოქმედებს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
რატომ არ ასაჯაროვებს სამოქმედო გეგმას „ქართული ოცნება"
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე იმ შესაძლო მიზეზებზე საუბრობს, თუ აქამდე „ოცნება" სამოქმედო გეგმას რატომ არ ასაჯაროებს.
„რეალურად მიზეზი ისაა, რომ მთავრობას ამ პუნქტების შესრულება მაინცდამაინც არ უნდა. რბილად რომ ვთქვათ, საერთოდაც არ უნდა, მაგრამ გეგმა ახლავე რომ გაასაჯაროვოს, ამაზე ოპოზიცია საუბარს დაიწყებს და გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის - თუ რატომ არ მუშაობენ, რას და როგორ ასრულებენ და ა.შ.
„ამიტომ ვქფიქრობ, რომ პირველ რიგში არდადეგებია და საგაზაფხულო სესიამდე ამ თემაზე ლაპარაკიც არ იქნება, რადგან ეს პუნქტები ძირითადად პარლამენტმა უნდა შეასრულოს და გადაწყვეტილებები იქ უნდა იქნეს მიღებული. ამიტომ ამას თებერვლამდე გააჯანჯლებს და თებერვლიდან ეცდება, რომ რაც შეიძლება კიდევ ცოტა იქით გადასწიოს, ფაქტიურად საგაზაფხული სესია ისე მიილიოს, რომ ამ თემებზე ოპოზიციას სალაპარაკო ნაკლები ჰქონდეს.
„ოცნებას" ახლა ნამდვილად არ აძლევს ხელს, რომ დაჩქარებული ტემპით მიიღოს ეს გადაწყვეტილებები. შემდეგ უკვე დაიწყება საარჩევნო ბატალიები და ჩავთვალოთ, რომ 2024 წლის ბოლოსთვის 9 პუნქტიდან ფაქტიურად არაფერი არ გვექნება შესრულებული", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, „ოცნებას" სურს ამ დოკუმენტზე ევროკავშირისგან პასუხი მიიღოს და შესაძლოა, რიგი მიზეზების გამო, ეს პასუხი ჯერ არაა.
„მე როგორც ხელისუფლებისგფან მოვისმინე, ვინც ამ დოკუმენტის მომზადებაში იყო ჩართული, მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჯერ მათ სურთ მიიღონ ამ დოკუმენტზე ევროკავშირისგან პასუხი, შემდეგ იქ რაღაც კორექტივები შეიტანონ და ამის მერე შეჯერებული ვარიანტი გააჟღერონ. სხვა მიზეზი ვერ მოვისმინე. ეტყობა ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიდის.
„საქართველოს ხელისუფლება შესაძლოა ცდილობდეს ევროკავშირთან რაღაც კომპრომისული გადაწყვეტილებების მოძებნას ისეთ მტკივნეულ საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან სრულად მიერთება და შესაბამისობა, რაც გულისხმობს რუსეთისადმი სრული მასშტაბის სანქციების დაწესებას, ეს კი საქართველოსთვის მისი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური დაუცველობის და მოწყვლადობის პირობებში ძალიან რთული და მტკივნეული იქნებოდა.
„არ ვამტკიცებ, რომ მართლაც ასეა, მაგრამ, ჩემი ვარაუდოთ, რაღაც გარკვეული მოლაპარაკებები მიდის, რომ ამ კუთხით რაღაც შერბილებული ვარიანტი მოინახოს. პოლიტიკური შემადგენელი და ემოციები რომ გევრდზე გადადვდოთ, რაც სტატუსის მონიჭებას უკავშირდება, რეალურად გამომდინარე შედეგები ძალიან მძიმედ დაარტყამდა საქართველოს ეკონომიკას", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
კითხვაზე, საარჩევნო ბარიერის თემაც ხომ არაა ერთ-ერთი დამაბრკოლებელი, რის გამოც აქამდე არ საჯარიოვდება სამოქმედო დოკუმენტი, ანჯაფარიძემ ეს თემაც არ გამორიცხა.
„ვვარაუდობ, რომ რადგანაც ევროკავშირი ითხოვს არა მხოლოდ 2024 წლის არჩვენების დემოკრატიულად, კონკურენტუნარიანად და სამართლიანად ჩატარებას, არამედ იქვე არის რეკომენდაციებში ჩაწერილი საარჩევნო სისტემის ყოვლის მომცველი რეფორმა, ეს შესაძლოა გულისხმობდეს საარჩევნო ბარიერის დაწევას, როგორც ეს იყო თავის დროზე შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაში განსაზღვრული - რომ მომდევნო ორი მოწვევის პარლამეტი დაბალი, 1-2%-იანი საარჩევნო ბარიერით უნდა ყოფილიყო არჩეული, რათა წვრილ პარტიებს ხელი შეწყობოდათ გაძლიერებულიყვნენ, პოლიტიკურ პროცესში ჩართულიყვნენ, დემოკრატიული პლურალიზმი ყოფილიყო და ა.შ. და პარლამენტი ორპარტიული არ ყოფილიყო, როგორც 5%-ის შემთხვევაში იქნებოდა.
„ევროკავშირი ამაზე პედალირებას რამდენად მოახდენს, ამას ჩვენ 2024 წელს ვნახავთ, როცა საახალწლო დღესასწაულები ჩაივლის. ჩემი ვარაუდია, რომ ევროკავშირისგან წამოვა მოთხოვნა საარჩევნო ბარიერის დაწევაზე, რადგან მათთვის შარლ მიშელის დოკუმენტი მაინც დასამარებული არაა და მაინც მის სულისკვეთებას მისდევენ მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ" მისი ანულირება მოახდინა" , - განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
ჩაერთვება თუ არა 9 პუნქტის შესრულებაში ოპოზიცია
ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ქცევისა და გადაწყვეტილებების პროგნოზირება საკმაოდ რთულია.
„გაცილებით ადვილია ილაპარაკო იმაზე, თუ ხელისუფლება რას, როგორ და რატომ აპირებს. მის ქმედებაში გარკვეული ლოგიკა არის. ოპოზიციის ქმედებაში კი არანაირი ლოგიკა არაა, განსაკუთრებით ბოლო ოთხი წელია. ამითომ რთული სათქმელია რას იზამენ.
„სისულელე იქნება, თუ მონაწილეობას არ მიიღებს. ეს მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების" წისქვილზე წყლის დასხმა იქნება. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ მგონია, რომ ენმ და „სტრატეგია აღმაშენებელი" ამ თემას არ შეუერთდებიან, შესაძლოა სხვებიც", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ზაალ ანჯაფარიძე კი ფიქრობს, რომ 9 პუნქტის შესრულებაში შესაძლოა ოპოზიციის კონსტრუქციულმა ფრთამ მიიღოს მინაწილეობა.
„ოპოზიციის ნაწილმა შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს. ნაწილმა, რომელიც უფრო რადიკალური პოზიციები გამოირჩევა, ისევ იგივე ხაზი გააგრძელოს, როგორც ადრე იყო. მთავარი აქ ისაა, მონაწილეობის ფორმა რა არის, ანუ თუ ოპოზიციას უნდა, რომ ხელისუფლებამ მაინცდამაინც ის მიიღოს, რასაც ის კარნახობს და სწორად მიაჩნია, ასე, რა თქმა უნდა, არ გამოვა.
„ხელისუფლებასთან ოპოზიციის ერთი ნაწილის პრეტენზიები დღემდე ისაა, რომ ჩვენ მათ ჩვენს კანონპროექტებს და რეგულაციებს ვთავაზობთ და ისინი ამას არ ითვალისწინებენო. ხელისუფლება ამბობს, რომ ხალხმა ქვეყნის მართვის მანდატი მე ჩამაბარა და შესაბამისად, ოპოზიციის მისაზრებებს და პოზიციებს მოვისმენ, მაგრამ გავითვალისწინებ იმას, რასაც საჭიროდ ჩავთვლიო, მათი პოზიცია დაახლოებით ასე შეიძლება ფორმულირდეს და მათ შორის ძირითადად დავა ამაზეა და მათგან მაინცდამაინც თანამშრომლობის დიდ ხარისხს არ ველი", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
არჩევნები და ევროინტეგრაცია
არსებობს მოსაზრება, რომ ევროკავშირისათვის საქართვესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ჩატარდება ქვეყანაში მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ეს მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა სხვა საკითხებსაც დიდი ყურადღება მიექცევა.
„რთული სათქმელია. ეს არა მარტო არჩევნებზე იქნება დამოკიდებული, ასევე დამოკიდებული იქნება იმ 9 პუნქტის შესრულებაზე. ბატონი ორბანი ახლა რომ იძახის, რომ საქართველო ყველას უყვარსო, დავუშვათ, თუ 2024 წლის დეკემბერში ისევ დადგება საკითხი გაიხსნას თუ არა მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, დარწმუნებული ვარ, პოზიციას ნამდვილად შეიცვლის და იტყვის, რომ 9 პუნქტი სრულად არაა შესრულებულიო. როგორც უკრაინის შემთხვევაში ლაპარაკობდა, ზუსტად იგივე პოზიცია ექნება - ამაში დარწმუნებული ვარ.
„არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, მაგრამ არჩევნები რომც ისე ჩატარდეს, როგორც საჭიროა, ყოველგვარი გაყალბებისა და ზედმეტი აჟოტაჟის გარეშე, არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ 2024 წლის დეკემბერში შევძლოთ და ევროპულმა საბჭომ მომავალ სამიტზე გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაგვიხსნას", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი აცხადებს, რომ არჩევნები გადამწყვეტი კვანძია ევროინტეგრაციის საკითხში.
„გადამწყვეტი კი არა, მე ვიტყოდი უგადამწყვეტესი მნიშვნელობა აქვს, რადგან დასავლეთში, არა მარტო ევროკავშირში, არამედ აშშ-შიც, დიდად არც მალავენ, რომ სურთ 2024 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში კოალიციური მთავრობა იხილონ, რომელსაც დააკომპლექტებდა მრავალპარტიული პარლამენტი. შესაბამისად, სწორედ ბარიერის საკითხს ვუბრუნდებით - თუ 5% შენარჩუნდა, ძლიან მცირე იქნება ალბათობა იმისა, რომ ჩვენ მრავალპარტიული პარლამენტი მივიღოთ.
„ყველა გამოკითხვები აჩვენებს, რომ მხოლოდ „ქართულ ოცნებას", „ნაცმოძრაიბას" და კიდევ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, თუ ძალიან მოინდომეს და ფორმაში მოვიდნენ, შეუძლიათ ეს ბარიერი გადალახონ. სხვა პარტიები ბარიერს მიღმა რჩებიან და შესაბამისად, მრავალპარტიულ პარლამენტს ვერ მივიღებთ. ამიტომაცაა, ჩემი ვარაუდით, ბარიერი ის საკითხი, რაზედაც ალბათ საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირს და არა მარტო ევროკავშირს ამაზე დისკუსია შეიძლება ჰქონდეთ.
„ამას წინათ ჩამოსული იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მოადგილე ევრაზიის საკითხებში. ის ოპოზიციას შეხვდა. იქიდან გამოსულმა ოპოზიციონერებმა არ ვიცი რამდენად სწორად გამოიტანეს მისი ნათქვამი, რადგან მათ სჩვევით ხოლმე თავისებურად თარგმნა, თუმცა თქვეს, რომ აშშ დაინტერესებულია, რომ საქართველოში მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა იყოს. ვფიქრობ, რომ ეს ამ შემთხვევაში სიმართლესთან ახლოსაა", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე