საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, წმინდა პრაქტიკული შედეგებიც ექნება და ამას საქართველოს მოქალაქეები თანდათან იგრძნობენ. ამაზე „რეზონანსთან“ ანალიტიკოსები საუბრობენ და მიუთითებენ, რომ ეს სარგებელი პრაქტიკულად ყველას სფეროს შეეხება - დაწყებული ევროკავშირთან როუმინგის განულებით (რაზეც უკვე მიდის საუბარი) და გაგრძელებული გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი სესხებით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თუ ბიზნეს პროექტებისათვის.
ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მართალია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის რაიმე სახის მყისიერი და პირდაპირი ფულადი ჯილდო არ არსებობს, მაგრამ ქვეყნებისთვის ახალი პერსპექტივები იხსნება. პირველ რიგში, კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვნად ამაღლებს ქვეყნის რეიტინგს სხვადასხვა მიმართულებით, ეს კი ნიშნავს უფრო მეტ მიმზიდველობას საერთაშორისო ინვესტიციებისათვის.
ასევე, მოხდება 30-ზე მეტ სფეროში სხვადასხვა პროექტების განვითარება; სტუდენტებისთვის უფასოდ სწავლა ევროპის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში და იმაზე მეტი დაფინასების მიღება საქართველოს ბიუჯეტში, ვიდრე ამას ქვეყანა მანამდე იღებდა.
ანალიტიკოსების თქმით, საქართველოსთვის ეს არის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინვესტიცია და ასევე ძლიერი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი. თუმცა ბევრი რამ საქაართველოზე იქნება დამოკიდებული, რადგან 9 დათქმა გვაქვს შესასრულებელი.
რა არის გაწევრიანებამდელი მხარდაჭერის ინსტრუმენტი
„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ასე კონკრეტულად არ არის გაწერილი, თუ რა სარგებელი შესაძლოა მივიღოთ კანდიდატის სტატუსიდან, თუმცა ზოგადი სარგებელი ძალიან დიდი იქნება.
„კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენს ქვეყანას აძლევს საშუალებას, რომ უკვე იზრუნოს მოლაპარაკების დაწყებაზე და შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ. ეს არის ერთი ნაბიჯით წევრობასთან მიახლოება. ამის გარდა, სტატუსის შემთხვევაში ჩვენი დაფინანსება სხვა ინსტრუმენტიდან უნდა მოხდეს, რომელზეც გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა ევროპარლამენტი ამას უკვე ითხოვს - ეს არის გაწევრიანებამდელი მხარდაჭერის ინსტრუმენტი (IPA) და იქიდან მოახდინეთ ამ სამი ქვეყნის დაფინანსებაო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის.
„ეს ნიშნავს, რომ ცოტათი გაიზრდება ჩვენი დაფინანსება, ვიდრე ეს ევროკავშირის სამეზობლოს ინსტრუმენტიდან ხდებოდა. იქ იქნება უფრო მოქნილი სიტუაცია. ჩვენ თუ კონკრეტულ სფეროში დაფინანსება დაგვჭირდება, ფულს უფრო მარტივად მივიღებთ, ვიდრე მანამდე ვიღებდით.
„დაფინანსება იქნება ყველა სფეროში, როცა მოხდება საკანონმდებლო დაახლოვება ევროპასთან. ეს არის დაახლოვებით 30-ზე მეტი სფერო. მაგალითად ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ფინანსური რეგულაციები, მცირე და საშუალო ბიზნესი, სოფლის მეურენობა, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და ა.შ.“, - ამბობს გოგოლაშვილი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ამის გარდა კანდიდატის სტატუსი ქვეყნის რეტინგსა და პრესტიჟსაც ზრდის. საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება. ინვესტორებისთვის ეს იმის სიგნალია, რომ ზოგადად ქვეყანაც და მისი როგორც ბიზნეს, ასევე სამართლებრივი გარემო უკვე ევრეოკავშირის სრული მონიტორინგის ქვეშ ექცევა.
„საინვესტიციო გარემო უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება, თუ სასამართლო და საინვესტიციო გარემო იქნება თავისუფალი. კანდიდატი სახელმწიფო როცა ხარ, საინვესტიციო ბანკიდან და ევროკავშირის ფინანსური ფონდებიდან უფრო მარტივია გრძელვადიანი კრედიტების მიღება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, ან განვითარების პროექტებისთვის.
„მაგალითად ჯანდაცვის, განათლების სისტემის განვითარებისთვის გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხები იქნება. ეს არის ის მატერიალური კეთილდღეობა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა და ხალხი მიიღებს. თუმცა, ეს ყველააფერი არ არის გაწერილი. უბრალოდ, როგორც წესი, ასე ხდება. რადგან კანდიდატის წევრი ქვეყანა გავხდით, ჩვენს მიმართ იზრდება ნდობა და აი, ამ ნდობის შედეგად მივიღებთ ამხელა სარგებელს“, - ამბობს გოგოლაშვილი.
სტატუსის სარგებელს ყველაზე სწრაფად ახალგაზრდები იგრძნობენ
ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ-თანამშრომელი თენგიზ ფხალაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება თავისი შინაარსით უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ცხოვრების წესით უნდა მივუახლოვდეთ ევროპას.
„ეს რომ მოხდეს, ამისთვის საჭიროა გაიხსნას მოლაპარაკებები. მოლაპარკების გახსნისათვის ევროკავშირმა უკვე წარმოადგინა ის 9 დათქმა, რომელიც საქართველოს სჭირდება იმისთვის, რომ ამ ეტაპამდე მივიდეთ. კანდიდატ ქვეყანას ევროკავშირი ეხმარება, რათა რაც შეიძლება მალე განვლოს ეს პერიოდი. ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია მხოლოდ ჩვენზე.
„როგორც კანდიდატ ქვეყანას, აქ უკვე სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა შეგვიძლია. მაგალითად, უკვე საუბარია როუმინგის განულებაზე, კიდევ სხვა ასეთ ტექნიკურ საკითხებზე, რასაც საქართველოს მოქალაქე პირდაპირ იგრძნობს. ჩვენი ამოცანა ახლა არის, რომ რაც შეიძლება მალე გადავიდეთ მოლაპარაკებაზე. საქართველოს დახამარება ბევრად გაიზრდება, ხოლო თუ მოლაპარაკებებზე გადავედით, ყოველწლიურად ევროკავშირი აქვეყნებს სიას, თუ სად აქვს ქვეყანას პრობლემები და სჭირდება ამ სფეროებში მეტი რეფორმის გატარება. ამ რეფორმებში კი, ბუნებრივია, ევროკავშირის დახმარება. ამ ყველაფერში დებს ინვესტირებას და ეს არის ფინანსურიც, პოლიტიკურიც და თავისი გამოცდილების გაზიარებაც. ხოლო, როგორც კი ქვეყანა გადადის მოლაპარაკების ეტაპზე, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას ძალიან დიდ ფინანსურ სახსრებთან ეძლევა წვდომა, რაც გულისხმობს აბსოლუტურად ყველა სფეროს მოდერნიზაციას - დაწყებული ინფრასტრუქტურიდან, დამთავრებული წვრილი და საშუალო ბიზნესით, სოციალური სფეროთი, ჯანდაცვით, პენსიით, სოფლის მეურნეობით.
„ყველაზე მეტად და ყველაზე სწრაფად კი კანდიდატის სტატუსის შედეგებს ჩვენი ახალგაზრდები და სტუდენტები იგრძნობენ. ის პროგრამები, რომელზეც მათ წვდომა აქვს, ბევრად გაფართოვდება. უფასოდ ისწავლიან ევროპულ უნივერსიტეტებში, დაეუფლებიან განათლებას და პრაქტიკას გაივლიან“, - ამბობს ფხალაძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, საბოლოოდ არ დარჩება სფერო, რომლში მყოფი ადამიანიც ამას საკუთარ თავზე არ იგრძნობს. თუმცა ეს ყველაფერი ისევ ჩვენზეა დამოკიდებული - რამდენად კარგად და კეთილსინდისიერად მოვეპყრობით იმ ვალდებულებებს, რომელთა შესრულებაც ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვისაა საჭირო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე