რეზონანსი
(16.12.2023)

სოფელ ციგრიანის მისადგომებთან, დრონით გადაღებულ მასალაში კარგად ჩანს საოკუპაციო ბანერი, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა ე.წ. გამყოფ ხაზთან აღმართეს.

მოწყობილია სამხედრო საგუშაგო, დაყენებულია დენის ავტონომიური წყარო და აღმართულია სათვალთვალო კოშკები.საოკუპაციო რეჟიმი განსაკუთრებით არის გააქტიურებული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დაცვა სჭირდება.

მასალაში ჩანს სოფელ გრემის თავზე არსებული ე.წ. საგუშაგო, სადაც ამ წუთებშიც, სავარაუდოდ, რუსი სამხედროები არიან. ამ ფონზე კი ცენტრალური ხელისუფლება დუმილის რეჟიმშია გადასული. 

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერი დავით ქაცარავა "პირველებთან" აცხადებს, რომ "მმართველი პარტიის მიერ გატარებული არ გაღიზიანების პოლიტიკა სრული ფიასკოა".

საოკუპაციო რეჟიმმა გააგრძელა ბორდერიზაციის პროცესი და ამჯერად უკვე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განახლდა ეს სამუშაოები. ჩვენ ორი დღის წინ, პატრულირების დროს ვიპოვეთ ახალი ბანერი, რომელიც დაფიქსირდა სოფელ ციგრიანის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ბანერი იქითა ოკუპირებული მხრიდან, ოკუპირებულ სალდიერის მიმდებარედ მდებარეობს. ასევე ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენ გვიყვება იმის შესახებ, რომ ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად ისმის მძიმე ტექნიკის გადაადგილების, ან მისი მუშაობის იმდენად მძაფრი ხმა, რომ ღამღამობით მათ ძილის საშუალება არ ეძლევათ. ეს ყველაფერი ხდება გრემის ხევის ქედზე, რომელზეც გადის გზა. ის ოკუპირებულ ნაწილში მდებარეობს. ე.წ. არ გაღიზიანების პოლიტიკა არის სრული ფიასკო. მას არანაირი წარმატება და დადებითი შედეგი არ მოაქვს ჩვენი სახელმწიფოსთვის", - აღნიშნა ქაცარავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე