რეზონანსი
(16.12.2023)

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) მოწვევით საქართველოში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს ექსპერტები იმყოფებიან, რომლებმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობა დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, IATA-ს საკონსულტაციო ჯგუფმა დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ტერმინალი და სააეროდრომო ნაწილი დაათვალიერეს და არსებული პოტენციალი და შესაძლებლობები ადგილზე შეისწავლეს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, IATA-ს საკონსულტაციო ჯგუფი ორი დღის განმავლობაში, ქუთაისის აეროპორტის შესაბამის სამსახურებთან ერთად გენერალური განვითარების გეგმისათვის საჭირო პროცედურებს და დოკუმენტაციას ადგილზე შეისწავლიან.

„ჩვენ IATA-ს საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლებს დეტალურად დავათვალიერებინეთ ქუთაისის აეროპორტის არსებული ინფრასტრუქტურა, მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რაც საჭირო იყო მგზავრების მომსახურების მიმართულებით. სამუშაო პროცესი დაახლოებით 6 თვეს გასტანს და აპრილში გვექნება ქუთაისის აეროპორტის განვითარების 20 წლიანი გეგმა, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ სად და როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი აეროპორტი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც IATA-ს მასშტაბის ორგანიზაცია დეტალური დოკუმენტაციის შემუშავებისთვის არის მოწვეული საქართველოში", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

IATA-ს წარმომადგენლები მომდევნო 6 თვის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმას მოამზადებენ. რაც გულისხმობს აეროპორტის მასტერპლანის მომზადებას 20-წლიან პერსპექტივაში. მასტერპლანი არის უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მსოფლიოში ყველა აეროპორტს უნდა გააჩნდეს და მასზე ძირითადად ოპერატორი კომპანიები მუშაობენ", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე