ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ დასავლეთმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავდაპირველად სტატუსის მოცემაზე უარი გვითხრა. როგორც მან „რეზონანსთან“ განაცხადა, ახლა ბევრი რაღაცის გადაფასება მოხდა და დასავლეთში მიხვდნენ, რომ თუ საქართველოს სტატუსზე ისევ უარს ეტყოდნენ, მაშინ ხალხში ანტიდასავლურ განწყობებს გააღვივებდნენ, ხოლო ხელისუფლება კი ამ ყველაფერს ისევ სათავისოდ გამოიყენებდა.
„ახლა ბევრი რამ შეიცვალა და ლოგიკურია, რომ დასავლეთშიც რაღაცეებს აკვირდებიან და იაზრებენ. წინაზე, როცა უარი გვითხრეს, ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს ხალხმა ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგად გაიგო და ამიტომ აგრესია წავიდა არა ხელისუფლების, არამედ დასავლეთის მისამართით.
„ყველამ კარგად იცის, რომ სტატუსის მიღება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაზე არ იყო დამოკიდებული და ამაზე გეოპოლიტიკური ფაქტორიც ახდენდა გავლენას. თუკი თავის დროზე საქართველოს უკრაინის ომის მიმართ ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკის გამო უთხრეს უარი, ახლა ხვდებიან, რომ ეს ომი დღეს და ხვალ არ დასრულდება. შესაბამისად, გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ.
„ხელისუფლებამ ეს უარიც კი თავის თავზე მოირგო და ხალხს უთხრა - „მე კი არ ვარ დამნაშავე იმაში, რომ სტატუსს არ გვაძლევენ, დასავლეთია, რადგან ქვეყნის ომში ჩართვა უნდათ.“ ამ რიტორიკამ ქართველ ხალხში იმუშავა, რადგან 2008 წლის ომის ტრავმა მოსახლეობაში კვლავ არის.
„ასევე დაინახეს, რომ ქვეყანაში ოპოზიციაც სუსტია. ვერ ჩამოყალიბდნენ რა უნდათ. ვერც ხალხის ნდობით სარგებლობენ. ამიტომ დასავლეთმა პოზიციის ცვლილება გადაწყვიტა, რაც ძალიან კარგია. ამას ასევე დაემატა ახლო აღმოსავლეთში დაწყებული კონფლიქტიც, რაც ფაქტია გავლენას ახდენს“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
ქართველ ხალხს ამ ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ პირველმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ამცნო.
მან სასიხარულო ამბით მალევე დაურეკა ტრიოს ლიდერებს უკრაინაში, მოლდოვაში და რა თქმა უნდა, საქართველოში. ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრის შინაარსზე, სოციალურ ქსელში დაწერა - „მივულოცე ის ისტორიული კურსი, რომელიც ქვეყნებმა დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ აიღეს“. ის, რომ გადაწყვეტილებას რთული დებატები უძღოდა წინ, ამაზე გუშინვე ღიად თქვა.
„მეამაყება, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულეთ და ჩვენი პარტნიორები გავახარეთ,” - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ქართველ ხალხს სტატუსი საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიულოცეს. პრემიერის თქმით, ეს არის ქვეყნისა და ხალხის გამარჯვება.
„ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო! დიდი სიამაყით და დიდი სიხარულით გილოცავთ ისტორიულ გადაწყვეტილებას - საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. გილოცავთ ყველას! მე მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული დღე. ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გამარჯვება. ეს ნამდვილად არის ღირსეულად მოპოვებული, დამსახურებული სტატუსი, რომელიც ჩვენ, ხელისუფლებამ, ჩვენს ხალხთან ერთად და ჩვენი ხალხისთვის მოიპოვა. ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ.
მე მინდა, ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართ. პირველ რიგში, მინდა დავიწყო ჩემი მადლობით ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ შარლ მიშელს, რომელმაც ახლა დამირეკა და პირადად მომილოცა დღევანდელი დღე და ეს ისტორიული გამარჯვება. მე ასევე მაქვს პატივი, გადმოგცეთ მისი მილოცვა ქართველი ხალხისადმი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ვარჰეის, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩართული იყო და იყო ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარი ქალბატონ ურსულასთან და ბატონ შარლ მიშელთან ერთად და რაც მთავარია - ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის თითოეულ ლიდერს მე მინდა მადლობა გადავუხადო ერთსულოვნებისთვის და ერთხმად გამოხატული ძლიერი მხარდაჭერისა და ნდობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კანდიდატობის გზაზე ბევრი სირთულის გადალახვა მოხერხდა.
„ყველაფერი გაკეთდა, რომ ჩვენ მიგვეღო სტატუსი. მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, მადლობა პრემიერს, მთავრობას, კოლეგებს, პარლამენტარებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს სტატუსი მიგვეღო. მადლობა ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ევროკავშირი ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა, რომ დღეს ჩვენ გვეზეიმა. მადლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს. აშშ-ის ელჩს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რომელიც განსაკუთრებულად გულშემატკივრობდა ჩვენს ქვეყანას,“ – განაცხადა კობახიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე