„ქართული ოცნება" და პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის მინიჭებამაც კი ვერ შეარიგა. სალომე ზურაბიშვილი მთავრობის მიერ ორგანიზებულ ზეიმზე, სადაც სტატუსის მიღებას აღნიშნავენ, სიტყვით გამომსვლელთა სიაში არ არის. რამდენად გამართლებულია აღნიშნული ჟესტი ხელისუფლების მხრიდან და რას ნიშნავს იგი, პოლიტიკის ექსპერტებმა „რეზონანსის" კითხვებს უპასუხეს.
პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს რომ „ოცნება" უფრთხილდება პრეზიდენტის დესტრუქციულ გამოსვლას, თუმცა კარგი იქნებოდა მასაც დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია.
„ვფიქრობ, ეს არის გამოწვეული პრეზიდენტისადმი უნდობლობით, იმიტომ რომ მათ არ იციან პრეზიდენტი ზურაბიშვილი რას იტყვის თავის გამოსვლაში, არაპროგნოზირებადია და შეიძლება ისეთი რამე თქვას, რამაც შეიძლება ეს ზეიმი ჩააშხამოს, როგორც დავუშვათ დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღის ცერემონიალზე მოხდა.
„ამიტომაც, ჩემი აზრით, „ოცნება" ცდილობს თავი დაიზღვიოს. მე პირადად ვისურვებდი, რომ ზურაბიშვილი სიტყვით გამოსულიყო, მაგრამ თავად ზურაბიშვილმა შექმნა მისდამი, როგორც პრეზიდენტისადმი, როგორც პიროვნებისადმი ისეთი სიტუაცია, რომ დაიკარგა ნდობა და არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ ნდობის აღდგენას ხელი შეუწყოს. ერთი მხრივ, სასურველია პრეზიდენტის გამოსვლა, მეორე მხრივ „ოცნებას" არ უნდა რომ საზეიმო დღე გააფუჭოს რაღაცა დესტრუქციული შინაარსის გამოსვლით," - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" პრეზიდენტთან მიმართებით განხორციელებულ ნაბიჯებს გაუმართლებლად მიიჩნევს და „ოცნებას" ბრალს სდებს, რომ მას სურს კანდიდატის სტატუსის მიღება მხოლოდ საკუთარ თავზე მიიწეროს:
„გამართლებული არ არის პრეზიდენტისადმი ასე მოქცევა იმიტომ რომ სრულიად საქართველოს ზეიმი უნდა იყოს და მიღწევა. ბუნებრივია, აღნიშნული ნაბიჯი „ქართული ოცნების" მხრიდან არ შეუწყობს ხელს ერის კონსოლიდაციას. ამასთან „ქართულ ოცნებას" სურს, რომ თვითონ მიიწეროს, თითქოს ყველაფერი მისი ძალისხმევით მოხდა და არა პრეზიდენტის ან ოპოზიციის ძალით."
„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ნიუ პოსტთან" თქვა: „ამ ქალმა მართლა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიღეო პრეზიდენტად წოდებულმა ადამიანმა იკადრა და თავის ქვეყანაზე თქვა, რომ ის არც შარშან იმსახურებდა და არც წელს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ახლა ის ადამიანი, რომელიც ამას ამბობდა თავის ქვეყანაზე, საკუთარ სამშობლოზე, მოდის და ცდილობს მოაჩვენოს საზოგადოებას, რომ მას ეზეიმება, ამბავში უნდა გაერიოს. [...] „ლეგიტიმაცია არ აქვს ამ ადამიანს, რომ იქ იყოს, არ აქვს, მას პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არ აქვს, იმპიჩმენტი მას შემთხვევით ჩვენ არ გამოვუცხადეთ, ბევრი უხერხულობაც ავირიდეთ თავიდან და დავაფიქსირეთ, რომ ეს ადამიანი ვინც აირჩია, იმ ხალხის რჩეულ ხელისუფლებას აღარ მიაჩნია პრეზიდენტად, შესაბამისად, სცენარი როცა გაიწერა, ამ სცენარში მე ვიცი, რომ მთავრობა ამაში ჩართული იყო, ის გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული. ტაეკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას და რაღაცეებს ეს არ ვიცი," - ამბობს მდინარაძე.
ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ შეუერთდება ზეიმს და თუ ტრიბუნასთან მიიწვევენ, შეკრებილებსაც მიმართავს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე