სატრანსპორტო კოლაფსი თბილისში, ქაოტური განაშენიანებები, სავარაუდო კორუფციული გარიგებები - კახა კალაძე თბილისის საკრებულოში ოპოზიციის შეკითხვებს პასუხობს. მანამდე, საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
კონკრეტულად, შელაპარაკება მოჰყვა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის გამოსვლას, რა დროსაც მან საცობებზე ისაუბრა და დედაქალაქის მერს ჰკითხა, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა.
„რაც შეეხება კითხვას, ბატონო კახი, კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ კიდევ უფრო სწრაფად უნდა წავიდეთ დასავლეთისკენ, კიდევ უფრო სწრაფად უნდა წავიდეთ ევროპისკენ. მოქალაქეებს უნდათ, რომ სწრაფად წავიდნენ, მაგრამ ქალაქის გასასვლელში საცობში იჭედებიან. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ჩვენს მოქალაქეებს არ ეცინებათ, როდესაც საათობით დგანან კახი კალაძის საცობებში. მაინტერესებს, როგორ მოახერხეთ, უკვე მეორე ვადით ხართ თბილისის მერი, 2 მლრდ-ია დახარჯული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის და მდგომარეობა წლიდან წლამდე გაუმჯობესების ნაცვლად კიდევ უფრო მძიმდება?" - განაცხადა ნადირაძემ.
თავის მხრივ დედაქალაქის მერმა თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ ბიუჯეტის ოდენობა 2023 წელთან შედარებით, 130 მილიონით იზრდება და 1 763 354 000 ლარს შეადგენს.
მისივე თქმით, მთლიანი ბიუჯეტის 31% ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება.
„მიიწურა 2023 წელი და ყველას აინტერესებს, რა პროექტები განხორციელდება და როგორ გადანაწილდება დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი. ამაზე მოგვიანებით დეტალურად ვისაუბრებთ, საზოგადოებას წარვუდგენთ ყველა დაგეგმილ პროექტს, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ. პირველ რიგში, გეტყვით, რომ თბილისის ბიუჯეტი იზრდება და 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 130 მილიონით მეტი იქნება. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა შეადგენს 1 763 354 000 ლარს. მათ შორისაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი - 500 000 000 ლარი. ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 547 486 000 ლარის გამოყოფა, რაც მთლიანი ბიუჯეტის 31%-ს შეადგენს", - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, მომავალ წელს სოციალური/ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილია 507 632 000 ლარის პროგრამების განხორციელება.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებში და 17:00-20:00 საათის შუალედში.
„თემა ეხება სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. საზოგადოებამ იცის, თუ რამხელა რეფორმა წამოვიწყეთ 2017 წელს. არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაც განვახორციელეთ: განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები და მიკროავტობუსები, ველოდებით 18-მეტრიანი ავტობუსების შემოსვლას, განხორციელდა მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სრულად გამოვცვალეთ ძალოვანი კაბელები, დაგეგმილი გვაქვს ვაგონების მოდერნიზება, განხორციელდა ტაქსების ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, შემოვიღეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა და ა.შ. ყოველივე ეს ემსახურება იმას, რომ დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს. ცხადია, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქში არსებული კერძო ავტოპარკი. დღეს თბილისში 650 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება, რაც ქმნის ე.წ. საცობებს, განსაკუთრებით პიკის საათებში. საცობების წარმოქმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილებს, რომლებიც, თავიანთი გაბარიტებიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ძალიან აფერხებენ მოძრაობას, ასევე, ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან საგზაო მოძრაობა პრაქტიკულად დიდი ხნით ჩერდება", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კანონის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალება M3 , N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებში და 17:00-20:00 საათის შუალედში; გარდა ამისა, მერის განცხადებით, რეგულაცია მთელი ქალაქის მასშტაბით არ იმოქმედებს.
„აღნიშნული მანქანების მოძრაობის აკრძალვა არ მოხდება მთელი ქალაქის მასშტაბით, მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე. კერძოდ, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული", - აღნიშნა კახა კალაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე