ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ამას წინ უძღვოდა რამდენიმესაათიანი რთული მოლაპარაკებების პროცესი, როდესაც კავშირის ლიდერები უკრაინის მოწინააღმდეგე უნგრეთს არწმუნებდნენ ბლოკის გაფართოების აუცილებლობაში. თუმცა, თავად ორბანი ირწმუნებოდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ არაფერი აქვს.
მანამდე რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს უფროსმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა, რომ ყველაზე დიდი აზრთა სხვაობა უკრაინის და ბოსნია-ჰერცეგოვინას გარშემოა, საქართველოზე კი უკლებლივ ყველა თანხმდება, რომ სტატუსი უნდა მიეცეს.
თავის ისტორიულ ტვიტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ასევე, აღნიშნავს, რომ ევროკავშირი გახსნის მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის საჭირო ხარისხი იქნება მიღწეული.
„ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე, ევროკავშირი გახსნის მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის საჭირო ხარისხი იქნება მიღწეული და მოიწვია კომისია მოამზადოს შესაბამისი ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. ეს არის იმედის ცხადი მესიჯი მათი ქვეყნებისა და ჩვენი კონტინენტისთვის", - განაცხადა შარლ მიშელმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს.
„გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!" - წერს ღარიბაშვილი ფეისბუქზე.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მუშაობდა, რათა ეს მომხდარიყო. ვულოცავ თითოეულ უკრაინელს ამ დღეს. ასევე, ვულოცავ მოლდოვას და პირადად მაია სანდუს. ისტორიას ქმნიან ისინი, ვინც არ იღლებიან თავისუფლებისთვის ბრძოლით", - წერს ზელენსკი.
მეამაყება, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულეთ და პარტნიორები გავახარეთ, - დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზეს.
„ლიდერებმა გადაწყვიტეს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნან, და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. სტრატეგიული გადაწყვეტილება და დღეს, რომელიც ჩვენი კავშირის ისტორიაში დარჩება. მეამაყება, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულეთ და ჩვენი პარტნიორები გავახარეთ", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მანამდე ევროკავშირის ლიდერები დახურულ ფორმატში გაფართოების დოკუმენტის გადარჩენას და უნგრეთის დარწმუნებას ცდილობდნენ. პრემიერი ვიქტორ ორბანი საქართველოს საკითხზე თავიდანვე წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ უკრაინის დაბლოკვას შეიძლება ავტომატურად ყველას დაბლოკვა გამოეწვია, მათ შორის საქართველოსიც.
სამიტი 15 დეკემბერსაც გაგრძელდება. სულ მოლაპარაკებები შეეხება 10 ქვეყანას. ესენია - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები.
უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან მოლაპარაკება მიდიოდა არა მხოლოდ გაფართოებულ ფორმატში, არამედ ევროპელი ლიდერები პირისპირ ელაპარაკებოდნენ, რათა დაერწმუნებინათ, ვეტო არ დაედო ევროკავშირთან უკრაინის მოლაპარაკების დაწყებას. ის ბოლო მომენტამდე უარზე იყო, ამბობდა, რომ რომ კიევმა 7 წინაპირობიდან 3 არ შეასრულა და არ არსებობდა მასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების მიზეზი, ხოლო საქართველოზე განაცხადა, რომ „ყველაფერი კარგადაა" და „საქმე გაკეთებულია". უნდა აღინიშნოს, რომ დებატები მიდიოდა არა მხოლოდ ევროკავშირთან უკრაინის მოლაპარაკების დაწყებაზე, არამედ კიევისთვის ფინანსური დახმარების მიწოდებაზეც.
ამის შედეგად ევროკომისიას უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს განბლოკვა მოუწია, რომელიც დაბლოკილი ჰქონდა ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
„საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, საქმე გაკეთებულია, ყველას უყვარხართ... ჩვენ უკრაინას წავუყენეთ 7 წინაპირობა და იქიდან 3 არ არის შესრულებული, ასე რომ, არ არსებობს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების მიზეზი. ჩემი შეფასებით, მეტიც არ იყო შესრულებული, თუმცა სამიც საკმარისია იმისთვის, რომ ვთქვათ: თუკი არ შეასრულეთ წინაპირობები, მოლაპარაკების დაწყების შანსი არ არსებობს", - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა გაფართოებული დებატების დაწყებამდე.
საბოლოო პასუხამდე თბილისის მოლოდინი პოზიტიური იყო, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებდა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს.
„ჩვენთვის საქართველოსთან დაკავშირებული საკითხია განსაკუთრებული მნიშვნელობის ამ პროცესში. ჩვენთვის საყურადღებო, პირველ რიგში, არის ის განცხადებები, რაც კეთდება. უმეტესად როგორც გვესმის, ეს არის პოზიტიური განცხადებები. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ცალსახად მხარს უჭერენ საქართველოს საკითხს და შეიძლება ითქვას, რომ აქ არანაირი აცდენა არ არსებობს ევროკავშირის პოზიციასა და ევროკომისიის რეკომენდაციას შორის, რომელიც სულ რაღაც 1 თვის წინ გასცა ევროკომისიამ."
ევროკავშირის სამიტზე ვიდეოჩართვისას ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, არ ეღალატათ ევროპისადმი ხალხის რწმენას. აღნიშნა, რომ კიევმა შეასრულა ყველა საშინაო დავალება ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად:
„ეს დღე ისტორიაში შევა. ჩვენთვის კარგი იქნება თუ ცუდი, ისტორია ჩაწერს ყველაფერს, ყოველ სიტყვას, ყოველ ნაბიჯს, ყოველ ქმედებას და უმოქმედობას, ვინ რისთვის იბრძოდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპა დღეს არ ჩავარდეს გაურკვევლობაში. არავის სურს, ევროპა არასანდო ჩანდეს ან ვერ იღებდეს გადაწყვეტილებებს, რომლებიც თავად მოამზადა. დღეს ერთს გთხოვთ - ნუ უღალატებთ ევროპისადმი ხალხის რწმენას. არავის თუ არ სჯერა ევროპის, რა დაეხმარება ევროკავშირს გადარჩენაში? ევროპაში ხალხი ვერ ნახავს რაიმე სარგებელს, თუ მოსკოვი მიიღებს ბრიუსელიდან საშვს უკრაინის მიმართ ნეგატივის სახით. ნუ მიანიჭებთ მას წლის პირველ და ერთადერთ გამარჯვებას. ევროპამ უნდა გაიმარჯვოს, შეთანხმებები უნდა იყოს დაცული და სიტყვებს მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს".
სამიტზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ გაფართოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკა და ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მიღება:
„არის გაფართოების საკითხი, დაფინანსების საკითხი, ასევე ომი უკრაინაში და ღაზაში არსებული სიტუაცია. ვფიქრობ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა რაც შეიძლება უნდა გავაძლიეროთ, გაფართოების პერსპექტივიდან გამომდინარე, ასევე სამხედრო და ფინანსური დახმარების თვალსაზრისით. უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს, რადგან ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ეს არის ომი ასევე ჩვენი უსაფრთხოების წინააღმდეგ. ჩვენი განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა გაფართოების საკითხს. გაფართოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკა, არის უფრო ძლიერი სტაბილურობის უნარი, რაც ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ბალკანეთის რეგიონსა და კავკასიაში. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მიღება.
„ახლა არ არის გაჩერების დრო. უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა დღეს, როდესაც შესაძლებლობების ფანჯარა გახსნილია. ეს ფანჯარა უნდა დარჩეს ღია, რადგან თუ დავხურავთ, მაშინ ეს ნიშნავს ისტორიული შანსის დაკარგვას," - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ. მისი აზრით, უკრაინამ და მოლდოვამ სამუშაო შეასრულეს და ახლა მათთვის შემდეგი ნაბიჯი მოლაპარაკების გახსნა უნდა იყოს:
„ეს არ ეხება გაწევრიანების დაჩქარებას, ეს იქნება იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილების თანახმად მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ. ჩვენმა ქვეყნებმა ევროკავშირში გასაწევრიანებლად ეს გზა გაიარეს და ვიცით, ეს ნაბიჯი რამდენად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის მხარდაჭერის სიგნალი ხალხისთვის. ეს ეხება საქართველოსაც და ბოსნია-ჰერცეგოვინასაც კრიტერიუმების დაკმაყოფილების პირობით. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს უნდა გავითვალისწინოთ დღეს ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, ასევე ის ფასი, რომლის გადახდაც უმოქმედობის შემთხვევაში მოგვიწევს. თუ დავტოვებთ ვაკუუმს, მაშინ ეს სიცარიელე შეივსება სხვა აქტორების მიერ, რომელთა დღის წესრიგი განსხვავდება ჩვენი დღის წესრიგისგან."
როგორც მეცოლამ აღნიშნა, ევროპარლამენტის პოზიცია ძალიან მკაფიოა - ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ გაფართოება აძლიერებს ევროპის კონტინენტს, ხელს უწყობს მშვიდობას, სტაბილურობას, უსაფრთხოებას:
„გაფართოებას მოაქვს სარგებელი საზოგადოებისთვის, ხალხისთვის და ხალხი ჩვენს ქმედებებს ელოდება. არ ვიცი, როდემდე გაგრძელდება სამიტი, მაგრამ იმედი მაქვს გადაწყვეტილებების. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გაფართოებისთვის და ამას რეფორმა სჭირდება. რეფორმირების საჭირობის გამო აუცილებლად მივიჩნევთ დისკუსიების გაძლიერებას, ინტენსიურობას თემაზე, როგორი უნდა იყოს ევროკავშირი სამომავლოდ."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე