ოპოზიციურ ფლანგზე წინასაარჩევნო გადაჯგუფებებისთვის ემზადებიან. ხელისუფლების ოპონენტები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმებზე იწყებენ ფიქრს. უკვე გამოიკვეთა, რომ მთელი ოპოზიციის გაერთიანება ამჯერადაც ვერ მოხერხდება - თანამშრომლობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა ყველამ უპასუხოდ დატოვა.
პარალელურად აქტიურდება მესამე ცენტრის ფორმირების საკითხი. ამ პროცესების ავანგარდში ყოფნას „ლელო“ ცდილობს, და ყოფილი მმართველი პარტიის გარდა თანამშრომლობას და პარტნიორობას ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალასთან უშვებს. თუმცა ცნობილია, რომ მათ შორის არ იქნება გახარიას პარტია, რომელიც ალიანსს არავისთან განიხილავს.
ბოლო კვლევა კი ყველაზე საგანგაშო აღმოჩნდა პოლიტიკური პარტიებისთვის. „ენდიაის“ ახალი კვლევა აჩვენებს, რომ პრობლემები ერთდროულად ყველა მათგანს აქვს. თუმცა ისმება კითხვა, „ოცნებას“ ეყოლება თუ არა 2024 წლისთვის რეალური მეტოქე?
კვლევის მიხედვით, ისევ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელთა შეხედულებებთან, გამოკითხვის მიხედვით, არცერთი პარტია არ დგას. 19%-იანი მაჩვენებელი აქვს მმართველ პარტიას, მას თითქმის ხუთჯერ ჩამორჩება ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ნაციონალურ მოძრაობა“. სხვა პარტიების ჯამური მონაცემი კი 12%-ს შეადგენს. 62%-ის აზრით, მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება.
იმდენად გაუფასურებულია ოპოზიციის რეიტინგი ელექტორატში, რა მეთოდსაც არ უნდა მიმართონ, ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას საარჩევნო კუთხით „პულსი არ ესინჯება“.
„იმდენად გაუფასურებულია ოპოზიციის რეიტინგი ელექტორატში, რომ რა მეთოდსაც არ უნდა მიმართონ, რა ახალი ველოსიპედებიც არ უნდა გამოიგონონ ვაშაძეებმა და მისმა მეგობრებმა, ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტმა პარტიებმა, არჩევნებზე ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევენ. მათი პულსი საარჩევნო კუთხით ფაქტობრივად არ იზომება. ეს ყველაფერი ხრიკები და ფანდებია ისევ იმ ძალიან მცირე რაოდენობის მომხრეების თვალის ასახვევად, რომელთა რაოდენობაც დღითი დღე მცირდება და არჩევნების დღისთვის შეიძლება ნულამდე დავიდეს. მათ შანსი აქვთ, 2024 წლის არჩევნებისთვის ბევრად ნაკლები რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი პარლამენტში, ვიდრე დღეს არიან“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
„გირჩი“ წინააღმდეგი არ არის, რომ მისთვის საინტერესო საკითხებზე „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ იმუშაოს, მაგრამ გაერთიანება არავისთან სურს. დიდი აბლბათობით მსგავსი დამოკიდებულება სხვა პარტიებსაც აქვთ ერთმანეთთან. ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, შედგება თუ არა მეტ-ნაკლებად დიდი ერთობა.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ უთხრა ჟურნალისტებს, ბარიერის გადასალახად გაერთიანებას არავისთან გეგმავენ და მომავალი ურთიერთობების გაბმა „ბარიერგადალახულების“ რანგში ურჩევნიათ.
„არ გვჭირდება ვინმესთან გავერთიანდეთ ბარიერის გადასალახად... „გირჩი“ რომ „ნაცმოძრაობაში“ ან „ლელოში“ შევა, ამას საერთოდ არ განვიხილავთ“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ამბობს, რომ ქვეყნისთვისვე არ არის კარგი, როდესაც ხელისუფლებას ასეთი სუსტი ოპოზიცია ჰყავს, „ქართული ოცნებისთვისაც“ კი არ შეიძლება ასე მონოპოლურად გამარჯვებადი პარტია იყოს. ფიქრობს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები იმედნად განულებულები არიან, რომ მოსახლეობას მათი არსებობაც კი დაავიწყდა.
„ოპოზიციის მუდმივი დღის წესრიგი არის ქვეყნის დესტრუქციისკენ წაყვანა, არევა და როგორმე ხელისუფლებაში მოსვლა. მათ რეალურად ქართველი ხალხი არ ადარდებთ. არცერთი მათგანი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საჭირბოროტო საკითხებზე არ საუბრობს. ხალხმა დაინახა, რომ რეგიონში შემქნილი უმძიმესი სიტუაციიდან გამომდინარე, „ოცნებამ“ აწარმოა მშვიდობის პოლიტიკა, რაც ძალიან კარგად გამოუვიდა.
„მიუხედავად ამისა კი ოპოზიცია მუდმივად აპელირებდა იმაზე, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო ჩვენს ქვეყანაში და ომის პროპაგანდას ეწეოდნენ. ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, ვის რა უნდოდა და საით მიჰყავდათ ქვეყანა. ამიტომ „ოცნების“ რეალური კონკურენტი ოპოზიციურ ფლანგზე არ არის. მთავარი ოპოზიციური პარტია, ენმ, თვალსა და ხელს შუა იშლება. შესაძლოა სამ ნაწილადაც კი გაიყოს. დანარჩენ პატარა პარტიებს კი პულსიც აღარ ესინჯებათ და განულებულები არიან. ვნახეთ გამოკითხვები, სადაც უმძიმესი რეალობაა მოცემული. გაყალბებულ კვლევაშიც კი ვერ დამალეს ის უბედურება რაც ოპოზიციას სჭირს. არ ვიცი 2024 წლამდე საერთოდ ასე როგორ და რა ფორმით მიაღწევენ“, - ამბობს აბაშიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე