დამასკოში გამართულ შეხვედრაზე სირიის პრეზიდენტი და პუტინის მეგობარი ბაშარ ალ-ასადი აფხაზეთის დე ფაქტო საგარეოს საქმეთა მინისტრ დაპირდა, რომ არაბულ ქვეყნებში აფხაზეთის აღიარებისთვის ლობირებას განახორციელებს. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ იმის ალბათობა, კიდევ რომელიმე არაბულმა ქვეყანამ აღიაროს სეპარატისტული წარმონაქმნი, ნულს უახლოვდება, თუმცა მომავალში ყველაფერი ახალ გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაზე იქნება დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ სოხუმის რეჟიმმა ბაშარ ასადი მომავალ წელს ოკუპირებულ აფხაზეთში მიიწვია.
„პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ ყველა ღონეს გამოიყენებს არაბული სამყაროს ქვეყნების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების გაფართოებისთვის," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ინალ არძინბას სხვა არავინ ჰყავს, სირიის პრეზიდენტის გარდა, ასე რომ თითო ოროლა გამოხტომა აფხაზეთის აღიარებაზე რეალურად არაფერს შეცვლის.
„უახლოეს მომავალში არავინ არ აღიარებს აფხაზეთს, მერე გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაზე იქნება დამოკიდებული. მერე შეიძლება ვიღაცა გამოხტეს ამდაგვარი, რომელსაც უნდა, რომ დასავლეთს „აწყენინოს". უფრო სწორად დასავლეთზე ზემოქმედების მექანიზმად გამოიყენოს, მაგრამ ჯერჯერობით მე ვერ ვხედავ ასეთ ქვეყანას ვინც ასეთ ნაბიჯს გადადგამს.
„ინალ არძინბა ამ საკითხზე სხვას ვერავის ვერაფერს ეუბნება, გარდა სირიის პრეზიდენტისა. თუ პოლიტიკური კონიუნქტურა შეიცვალა და მასიურად დაიწყეს აფხაზეთის აღიარება რუსეთის გულის მოსაგებად, მაშინ შიცვლება სიტუაცია, მაგრამ თითო-ოროლა გამოხტა არაფერს შეცვლის," - განაცხადა „რეზონანსთან" მამუკა არეშიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე