ნაზი ბერიძე
(13.12.2023)

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭების შემთხვევაში, „რუსეთი ამით ისარგებლებს, საქართველოს ნაცრისფერ ზონად ჩათვლის და ამას პროპაგანდისთვის გამოიყენებს".

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ თუ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რუსეთი საზოგადოებრივ აზრს საქართველოში თავის სასიკეთოდ შემოატრიალებს,

„რუსეთი ყველაფრით სარგებლობს რაც კი ჩვენ დასავლურ ინტეგრაციის გზას აფერხებს - ისევ პროპაგანდის საშუალებით: „აი ხომ ხედავთ სინამდვილეში თქვენ არ გაქვთ შანსი ევროკავშირში გაწვრიანების," „რაც უფრო დრო გავა უფრო ძნელი იქნება", „არავითარი იმედი არ უნდა გქონდეთ" და რაღაც მსგავსი ნარატივები. ინტერპრეტაციას მისცემს ისეთს, რომ ევროპელები თქვენ გატყუებენ, გპირდებიან და არაფერი წინსვლა არ გექნებათო.

„ამ ვითარებაში რუსეთს ნებისმიერი მოკლევადიანი ტყუილი აწყობს. საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას გაწევრიანება ევროკავშირში ეს არის ევროპის გაერთიანება და გაძლიერება. რუსეთისთვის თავისთავად, ევროკავშირის გაძლიერება არ არის სახარბიელო. ამიტომ ის ჩასაფრებულია, სადაც რამე შეფერხება ხდება, რომ იმავე წუთში შეაბრუნოს პროპაგანდისტულად და საქართველოს მოსახლეობა განაწყოს ევროკავშირის წინაღმდეგ" -განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა.

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთი შეეცდება საქართველოში საზოგადოებრივი აზრი გახლიჩოს.

„კანდიდატის სტატუსის არ მიღების გამო შეიძლება შეირყეს საზოგაოებრივი აზრი, უბრალოდ უფრო პესიმისტურად განეწყონ ევროკავშირის მიმართ. არც ნატოსთან დაახლოების პერსპექტივა არ იქნება და ადამიანები, რომლებიც შეშინებულები არიან უკრაინაში განხორციელებული საშინელებებით, კიდევ უფრო შეშინდნენ და ეს დაეტყობა საზოგადოებრივ აზრს.

„ბუნებრივია, რომ ასეთი ტიპის ადამიანები და პოლიტიკური პარტიები პრორუსული განწყობის არიან, რომლებიც საკმაოდ აქტიურობენ საქართველოში, მათ უფრო ფართოდ გაეხსნებათ აქტიურობის შესაძლებლობები. ისინი ყველგან აქტიურობენ, ინტერნეტში სოციალურ ქსელებში და ბუნებრივია, ასეთი ქმედებები გაორმაგდება.

„საზოგადოებრივ კვლევებში 80%-მდე მოსახლეობის მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ბუნებრივია, რუსეთი ეცდება რომ საზოგადოებრივი აზრი გახლიჩოს საქართველოში და იმაზე კი არ უნდა იყოს ლაპარაკი რომ ევროკავშირში ვერ შევალთ არამედ იმაზე რომელი ჯობია საქართველოსთვის - ევრაზიულ კავშირში შესვლა თუ ევროკავშირში შესვლა. ჯერჯერობით ამას ვერ მიაღწია რუსეთმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მიუხედავად მცდელობისა.

„მაგრამ რუსები ცდილობენ რომ ჰყავდეთ საკუთარი გავლენის აგენტები საქართველოში და ორგანიზაციები რომლებსაც ისინი აფინანსებენ, ისინი მუშაობენ იმაზე რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრი გაყონ" - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე