ოპოზიცია წინასაარჩევნო გადაჯგუფებებს იწყებს და წინასაარჩევნო სტრატეგიას აყალიბებს - არ არის გამორიცხული ახლო მომავალში ახალი გაერთიანებები და ბლოკები ვიხილოთ. ამასობაში, „ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ სტრატეგიულ მრჩევლებთან, მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელთან კონტრაქტი გააფორმა. რას დაუპირისპირებს ოპოზიცია ხელისუფლებას და რა ტაქტიკა იკვეთება მათ მოქმედებებში. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯერ ოპოზიცია ორგანიზაციულად უნდა ჩამოყალიბდეს, შემდეგ კი შეიმუშავებს სამოქმედო სტრატეგიასაც.
„ბევრი კონსულტანტი ჩამოიყვანეს, იმიტომ რომ ძალიან ეშინიათ და მძიმე ვითარება აქვთ. ერთხელ უკვე ხალხმა მათი ტყუილები ნახა, მათ შორის მოშესთან ერთად შემუშავებული და დარწმუნებული ვარ ეს ტყუილები ვეღარაფერში წაადგებათ - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან" „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ.
პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს რომ ოპოზიციაც მსგავს მრჩევლებს დაიქირავებს და ახლა მათი ძირითადი პრობლემაა, არ იციან რა გააკეთონ.
„ალბათ დაუპირისპირებს იმას, რომ თვითონაც დაიქირავებს უცხოურ კომპანიას ან პიარ მრჩევლებს, რამდენადაც ვიცი „ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს ერთი ასეთი პიროვნება დაქირავებული დიდი ბრიტანეთიდან, ბორის ჯონსონის ყოფილი მრჩეველი საარჩევნო კამპანიაში და ალბათ არჩევნების მოახლოების კვალობაზე სხვა პარტიებიც იგივეს გააკეთებენ.
„ოპოზიციის მოქმედებებში ჯერჯერობით არავითარი სტრატეგია და ტაქტიკა არ იკვეთება. იმიტომ, რომ რასაც მე ვუყურებ მათ განცხადებებს, სისტემას მე ვერ ვხედავ, ფიზიკის ტერმინი რომ ვიხმაროთ, ბროუნის მოძრაობას წააგავს მათი მოქმედებები, თავადაც ვერ ჩამოყალიბებულან რა უნდათ, რა მიმართულებით იარონ. ხან ერთ იდეებს აჟღერებენ, ხან მეორეს, რომელიც მერე ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. პოლიტიკურ თოქ შოუებშიც ერთმანეთს უპირისპირდებიან.
„ვფიქრობ, რომ მომავალი წლის გაზაფხულისთვის მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბდებიან და რეალისტურად შეაფასებენ ვითარებას და გადაჭარბებულ მოლოდინებს არ შეიქმნიან. მაშინ ალბათ იქნება ნათელი სურათი რას გააკეთებს თითოეული ოპოზიციური პარტია" -განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ ამომრჩეველთან მისატანი მესიჯები უნდა შეცვალოს, მაგრამ. სტრუქტურულად უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ აპირებს არჩევნებზე გასვლას.
„სამწუხაროდ ოპოზიციაზე ტაქტიკაზე კი არა, საფიქრალი აქვს იმაზე, რომ რა ფორმით გავა არჩევნებში. „ქართულ ოცნებას" ორგანიზაციული მხარე მოგვარებული აქვს, მოგვარებული აქვს ფინანსური საკითხიც და ახლა იმაზე ფიქრობენ, რომ რისთვისაც გააფორმეს ხელშკრულება, რა სტრატეგია შეარჩიონ, რომ არჩევნებზე გავიდნენ.
პროცესი თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაში თითქოს სრულდება, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა, არ ვიცით რა სურათს მივიღებთ - ოპოზიცია ისევ ასე ჭრელი გავა, თუ გამსხვილდება, ეგეც არ ვიცით. არც აქვს არანაირი სტრატეგია ოპოზიციას. ცალ-ცალკე ყველას აქვს მონახაზი, მაგრამ, თუ მსხვილდება პოლიტიკური ჯგუფი, მაშინ მას ერთნაირი სტრატეგია უნდა ჰქონდეს ერთად შემუშავებული. ამიტომ სანამ არ მოხდება ოპოზიციის ფორმირება რეალურად, მათ ერთიანი სტრატეგია ჯერჯერობით ვერ ექნებათ.
„რასაც ვაკვირდები, ოპოზიცია ცდილობს იგივე მესიჯებით მივიდეს ამომრჩეველთან, რაც ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას იმას, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ამ მესიჯებმა რა შედეგი მოუტანა თითოეულ მათგანს. თუ გინდ არჩევნების მიხედვით, თუ გინდ გამოკითხვების მიხედვით, მაშინ როდესაც ბარიერი იყო ძალიან დაბალი.
„თუ იგივე თემებით აპირებს ოპოზიცია არჩევნებზე გასვლას, ასევე დაშლილი როგორიც დღეს არის, შედეგი რატომ უნდა იყოს უკეთესი, მე არ მესმის. ამიტომ, ოპოზიცია სტრუქტურულად უნდა ჩამოყალიბდეს, დალაგდეს, შემდეგ რა თქმა უნდა, შეიმუშაონ სტრატეგია - რა გააკეთონ და როგორ" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე