თამთა ჩაჩანიძე
(13.12.2023)

ისტორიულ გადაწყვეტილებამდე საათები რჩება - 15 დეკემბერს ევროპული საბჭო საბოლოოდ გვეტყვის გვეკუთვნის თუ არა კანდიდატის სტატუსი. ქართულ საზოგადოებას, მათ შორის ხელისუფლებას და ოპოზიციას პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი აქვს, იმედოვნებენ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ უპრეცედენტო იქნება ის ფაქტი თუ ევროპული საბჭო ევროკომისიის დადებით რეკომენდაციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებს. ანალიტიკოსები პოზიტიური დასკვნის მოლოდინში არიან, თუმცა დასძენენ, რომ პოლიტიკაში 100%-იანი გარანტიით რამის თქმა ძნელია.

100%-იან გარანტიას არ იძლევა კიდევ ერთი გარემოება, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგია და იყო მოსაზრება, რომ დიდი ალბათობით საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ერთ პაკეტში მოიაზრება, ამ სცენარის მიხედვით, უკრაინის ვეტო ჩვენც გამოგვთიშავს პროცესიდან და პერსპექტივა სამომავლოდ გადაიწევს, სავარაუდოდ მომავალი წლის მარტისთვის.

ჯერჯერობით უცნობია უნგრეთის საბოლოო პოზიცია, პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანს ევროპელ ლიდერებთან ჰქონდა შეხვედრები, 13 დეკემბერს კი ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უნგრეთის პარლამენტს თავის პოზიციას გააცნობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილს უგზავნის, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს - ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს - ევროპული დემოკრატიების ოჯახთან.

მოლოდინები თბილისში

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს წერს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას დამატებით იმპულსს მისცემს. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია.

„ბატონო პრეზიდენტო, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გულწრფელი მადლიერება გამოვხატო საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი თქვენი პირადი მხარდაჭერისთვის. 2022 წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ სრულიად ახალი ფურცელი გადაშალა ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში. ევროკავშირის ლიდერების ზემოხსენებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ მძლავრი გზავნილის სახე მიიღო, რამაც დაადასტურა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.

„ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას თან ახლავს გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ჩემი მთავრობა სრულად არის მობილიზებული და მტკიცედ აქვს განზრახული გააგრძელოს და კიდევ უფრო დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ბატონო პრეზიდენტო, 2012 წლიდან საქართველომ მტკიცე ერთგულება აჩვენა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ გახდომის იდეისადმი. შორსმიმავალი ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, უსაფრთხოების ძლიერი პარტნიორობა, გაძლიერებული სავაჭრო ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში გაფართოებული თანამშრომლობა არის ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან ჩვენი მუდმივად მზარდი პარტნიორობის ყველაზე ნათელი მაგალითი.

„2022 წლის ივნისის შემდეგ ჩემმა ქვეყანამ ასევე გამოავლინა ძლიერი ნება ევროკომისიის დასკვნაში გათვალისწინებული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან მიმართებით, რაც საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადს მოჰყვა პასუხად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენმა მთავრობამ კონკრეტულ შედეგებს მიაღწია, რაც საქართველოს მიერ განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებებში და მასშტაბურ საკანონმდებლო მუშაობაში გადაიზარდა, რათა შესრულებულიყო ნაკისრი ვალდებულებები და თანდათანობით მოვსულიყავით შესაბამისობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

„შედეგად, ჩვენ მოხარულნი ვიყავით ევროპული საბჭოსადმი ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციით კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებაზე პოზიტიური შეფასებებით, რაც ასახულია გაფართოების პოლიტიკის შესახებ ევროკომისიის 2023 წლის კომუნიკეში და საქართველოს შესახებ თანდართულ ანგარიშში. ევროკომისიის რეკომენდაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ ყოვლისმომცველი, მომავალზე ორიენტირებული ევროპული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელება.

„საქართველოს მიერ ნაჩვენები არსებითი წინსვლის, ისევე როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯების საფუძველზე, მათ შორის, ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მსურს გამოვხატო მტკიცე რწმენა მასზედ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღებით. ეს გადაწყვეტილება საქართველოს შეუქცევად გზაზე დააყენებს გაწევრიანების მოლაპარაკებებისკენ და საბოლოო ჯამში ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ.

„ეს წყალგამყოფი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის, როგორც გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის მთელი ევროპის მასშტაბით. მძიმედ დაპირისპირებულ რეგიონში ვაგრძელებთ საქართველოს როლის განმტკიცებას, როგორც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარებისა და თანამშრომლობის საყრდენს; ჩვენ ასევე ვართ გადამწყვეტი რგოლი გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, რომელიც მსოფლიოს სთავაზობს ალტერნატიულ მარშრუტებს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის და შავ ზღვაზე ტვირთბრუნვისა და ვაჭრობის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საერთო კეთილდღეობაში.

„კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ნება მომეცით, მადლიერება გამოვხატო ევროკავშირისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ძლიერი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფისა და გახლეჩილი საზოგადოების წევრების შერიგების საქმეში.

„საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს - ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს - ევროპული დემოკრატიების ოჯახთან.

„თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს ოცნების რეალობად ქცევისთვის და ჩვენი მუდმივი თანამშრომლობის იმედით, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება," - წერს ღარიბაშვილი მიშელს.

ღარიბაშილმა წერილი მისწერა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსაც,

„საქართველომ გრძელი გზა განვლო იმ ერთა ჯგუფში გასაწევრიანებლად, რომლებიც ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოებად მიიჩნევიან. ევროკავშირის და განსაკუთრებით ევროკომისიის ერთგული და ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, ჩემმა მთავრობამ გააგრძელა ქართველი ხალხის მოლოდინის ასრულება. შორსმიმავალი ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, უსაფრთხოების სფეროში ძლიერი პარტნიორობა, გაძლიერებული სავაჭრო ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში გაფართოებული თანამშრომლობა არის ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან ჩვენი მუდმივად მზარდი პარტნიორობის ყველაზე ნათელი მაგალითი.

„გვახარებს, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ 2023 წელს გამოქვეყნებული ანგარიშით აღიარებულია საქართველოს მთავრობის დაუღალავი ძალისხმევა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ევროკავშირის წესებთან და სტანდარტებთან პროგრესული შესაბამისობის მიმართებით.

„უდავოა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას თან ახლავს გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ჩემს მთავრობას მტკიცედ აქვს განზრახული გააგრძელოს და კიდევ უფრო დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება. გიდასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, გავაღრმაოთ თანამშრომლობა ევროკომისიასთან და გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის.

„საქართველოს მიერ ნაჩვენები არსებითი წინსვლის, ისევე როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯების საფუძველზე, მათ შორის - ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მსურს გამოვხატო მტკიცე რწმენა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილებით. გაწევრიანების მოლაპარაკებებისკენ მიმავალ შეუქცევად გზაზე დააყენებს ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის",-ნათქვამია წერილში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული.

„დამსახურება აგერ არის და გადაწყვეტილებაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი უნდა იყოს. მათ შორის, ამ მიმართულებით, თუ შევხედავთ სოფლის მეურნეობის კლასტერს, საქართველო სხვა უკვე კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით არის ლიდერ პოზიციებზე, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უკვე საკმაოდ მომწიფებულია, თუ არა გადამწიფებული. ასე რომ, ამ მხრივაც ჩვენი მოლოდინი არის მაღალი.

„ისევე როგორც სხვა მიმართულებით სექტორული შეფასებისა, რომელიც ახლახან, 8 ნოემბერს გამოქვეყნდა ევროკომისიის შეფასებასთან ერთად, ყველა კლასტერს თუ შევხედავთ საქართველო არის ლიდერ პოზიციებზე განსაკუთრებით ახალ კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით: უკრაინასთან, მოლდოვასთან, ბოსნია -ჰერცეგოვინასთან, მათ შორის ფუნდამენტურ კლასტერში, რომელიც ეხება დემოკრატიას, მართლმსაჯულებას, საქართველო წინ არის, უსწრებს უკრაინასაც, მოლდოვასაც, ბოსნია-ჰერცეგოვინასაც, რაც თავისთავად არის დამსახურება როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის მუშაობის და საერთოდ მრავალწლიანი მუშაობისა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს ორი განზომილება აქვს, რაც არის ქვეყნის „ინსტიტუციური სიმწიფე და ეკონომიკური სიმწიფე"

„პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, „უსაფრთხო და მშვიდი გარემო", რათა ბიზნესი განვითარდეს და ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყოს ქვეყანა. პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ გაორმაგდა და წელს დაახლოებით 8200 დოლარია. როგორც მან აღნიშნა, თუ ამ მონაცემს 8 კანდიდატ ქვეყანას შევადარებთ, საქართველო იქნებოდა მე-4 ადგილზე.

„პოლიტიკურ ნაწილში ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა იმისთვის რომ გადაწყვეტილება, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, იყოს პოზიტიური და ეკონომიკურ განზომილებაში ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ საწყისი მაჩვენებელი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის", - განაცხადა პაპუაშვილმა.

„კანდიდატის სტატუსი საპატიოა, თუმცა ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობაა"

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პოზიტიური მოლოდინი აქვს, რადგან საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს და იმ გრაფიკით მიდის, რომელიც ბრიუსელმა დაუსახა.

„მოლოდინები მართლაც საკმაოდ მაღალია, ქართული საზოგადოება ელოდება, რომ ევროპული სამიტიდან დადებით პასუხს მივიღებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყანა ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს და იმ გრაფიკით მიდის, რომელიც ბრიუსელელმა პოლიტიკოსებმა და ანალიტიკოსებმა დაგვისახეს.

„უპრეცედენტო უნდა იყოს ის ფაქტი თუ, ევროპელი ლიდერები ევროკომისიის დადებით რეკომენდაციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ის არაერთი განცხადება, რომელიც დასავლელი აქტორებისგან გვესმის, იმედებს კიდევ უფრო ზრდის. დაველოდოთ, თუმცა 100%-ით რაღაცის თქმა ნამდვილად არ შეიძლება, მით უმეტეს პოლიტიკაში და საერთაშორისო ურთიერთობაში.

„ძალიან მინიმალური დაშვებით ვამბობობ და თუ მოხდა ისე, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, ამითი არაფერი მთავრდება. პირიქით, ევროინტეგრაცია გრძელდება დარგობრივად,სექტორულად და ა.შ. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ის ძალისხმევა, რომელიც გაიღო არა მხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ ქართულმა საზოგადოებამ რა თქმა უნდა, უნდა დაფასდეს და ამ დაფასებას მოუთმენლად ველით.

„თუ კანდიდატის სტატუსი მოგვცეს, ჭარბი ემოციები არ შეიძლება, როგორიც თავის დროზე „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებას ახასიათებდა. ურთიერთობა საქმიანად და მშვიდად უნდა გაგრძელდეს. კანდიდატის სტატუსი საპატიოა, თუმცა ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობაა - კიდევ უფრო სხვა რეკომენდაციები გამოჩნდება, რომლებიც შესასრულებელი იქნება, ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით.

„აღმოჩნდა, რომ ბრიუსელმა მიიღო „ფარას" მსგავსი დოკუმენტი, უცხოური გავლენებისგან თავის დასაცავად, თუ ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე მივდივართ, ბუნებრივია ყველა რეკომენდაცია უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის ეს ევროპული „ფარას" კანონი, რომ საქართველო გარე ჩარევებისგან დაცული იყოს და დემოკრატია კიდევ უფრო მყარად იდგეს ფეხზე",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე იმედოვნებს, რომ თუ მოხდა ისე და უნგრეთის პოზიციის გამო, უკრაინის საკითხი დროებით გადაიდო, საქართველოს უპასუხოდ არ დატოვებენ და გამონაკლისს დაუშვებენ - მოგვანიჭებენ სტატუსს.

„ორბანის პოზიციაზე ლაპარაკი ატყდა, რომ უკრაინა და საქართველო ერთ პაკეტშიაო. შესაძლოა გადაწყვეტილების დროს ასე მოიაზრება, მაგრამ პოლიტიკურად ერთ პაკეტში ნამდვილად არ არიან. პოლიტიკური მიზანშეწონილობის მხრივ ნამდვილად არ გულისხმობს თანაბარ სიტუაციას ამ ქვეყნების საკითხების განხილვა. ესენი სხვადასხვა საკითხებია - ერთს ევროპის თემა აქვს განსახილველი და მეორეს კანდიდატის სტატუსი.

„ამ ფონზე, მით უმეტეს, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა ძალიან ბევრი კითხვისნიშანი გამოიწვია, საქართველოდან მასეთი კითხვისნიშნები არაა. ამიტომ შესაძლოა იურიდიული მხარის გამო, რაღაც შეფერხება მოხდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ უკრაინის საკითხი გადაიდება, საქართველო სტატუსს მიიღებს, რადგან მას ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფუქნცია აკისრია, რაც გულისხმობს სატრანზიტო ჭიშკარში ყოფნას",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე