ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და „ქართული ოცნების" გზები შეიძლება ისევ გადაიკვეთოს და ახლო მომავალში იგი ახალ თანამდებობაზე ვიხილოთ - ამის შეახებ „რეზონანსს" ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა კვირიკაშვილის ბოლო საჯარო განცხადების კომენტირებისას. თუმცა, იგი არც იმას გამორიცხავს, რომ ამ განცხადებით კვირიკაშვილმა უბრალოდ თავი შეახსენა საზოგადოებას.
ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, ყოფილმა პრემიერმა სამშაბათს სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, „ქართულ ოცნებას" საჯაროდ ულოცავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღწეულ წარმატებას. ამასთან, კვირიკაშვილი ხაზს უსვამს, რომ მისი მხრიდან მმართველი პარტიის პერიოდული კრიტიკის შემდეგ, ამჯერად „ქართული ოცნების" მიმართ დადებით პოზიციას აფიქსირებს.
„ეს წარმატება დამსახურებულად ეკუთვნით საქართველოს ქუჩებში არაერთხელ გამოსულ მოქალაქეებს, რომლებსაც სჯერათ საქართველოს ევროპული მომავლის.
„2023 წლის 15 დეკემბრის მოსალოდნელი გამარჯვება უდავოდ გახლავთ საქართველოს თავდადებულ საჯარო მოხელეთა და დიპლომატთა არაერთი თაობის ნაღვაწი.
„და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკას არ ვიშურებ, როცა ამის საჭიროებას ვხედავ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მსურს გულწრფელად მივულოცო მათი, როგორც ხელისუფალთა, და ქვეყნის ეს ისტორიული წარმატება", - ნათქვამია კვირიკაშვილის მიმართვაში.
როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ხელისუფლებას კვალიფიციური კადრების დეფიციტი აქვს. ამასთან, მმართველ პარტიას გარკვეული დინებებიც მიდის და აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა კვირიკაშვილი ახლო მომავალში „ოცნების" ხელისუფლებაში ახალ თანამდებობაზე ვიხილოთ.
„არ მგონია, რომ კვირიკაშვილის გამოჩენა იმით იყოს განპირობებული, რომ მას რაღაც ახალ შეთავაზებას უპირებენ, თუმცა, არც გამოვრიცხავ. „ქართულ ოცნებას" საკმაოდ რთული ვითარება აქვს კადრებთან დაკავშირებით და კვირიკაშვილი, მიუხედავად ყველაფრისა, საკმაოდ კარგი ორგანიზატორი იყო და პროფესიული თვალსაზრისითაც საკმაოდ გამოცდილი პიროვნებაა.
„არც იმას გამოვრიცხავ, რომ უბრალოდ ამ აჟიოტაჟში ჩაერთო და მივიწყებას რომ არ მისცემოდა, გააკეთა ეს განცხადება.
„მიუხედავად ამისა, მაინც მგონია, რომ რაღაც დინებები არის „ქართულ ოცნებაში" და შესაძლოა კვირიკაშვილი ვიხილოთ რაიმე პოსტზე. შეიძლება რაიმეს პირდებიან, ან რაიმე მოლაპარაკებებია. დრო არის, რომ ასეთ ზოგად ნეიტრალურ საკითხზე განცხადება გააკეთოს და მიულოცოს. ეს, ფაქტობივად, შერიგებაც იქნება და პოზიციის დაფიქსირებაც", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ქეთი შარაშენიძე
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე