ოთხშაბათს, 13 დეკემბერს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის რეზიდენციაში ეპატიჟება საქართველოს დამოუკიდბლობის პერიოდის უმაღლეს თანამდებობის პირებს - პრეზიდენტებს, პრემიერ მინისტრებს, მინისტრებსა და პარლამენტის თავმჯდომარეებს. თუმცა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილისათვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა, მათ შორის დღევანდელი ხელისუფლების ოპონენტებისათვის.
14-15 დეკემბერს, ევროკავშირის სამიტზე საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. სამიტის წინა დღეს კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში მის მიერ ინიცირებული კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ შემაჯამებელ შეხვედრას მართავს, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს სიმბოლურად გადასცემს კამპანიის ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს.
მან მიღებაზე დიპლომატიურ კორპუსთან ერთად ედუარდ შევარდნაძის მთავრობის, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დროინდელი ყოფილი პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაპატიჟა.
ანალიტიკოსებთა უმრავლესობა ამას პრეზიდენტის პიარ კამპანიის ნაწილად მიიჩნევს. მათი აზრით, იგი უკვე წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული და პრეზიდენტის პოსტს ამისთვის იყენებს. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა გამაერთიანებელი ლიდერის როლის მოგება შეძლოს.
ვინ მიდის და ვინ არა პრეზიდენტის დაანონსებულ ღონისძიებაზე
მოსაწვევები უკვე მიიღეს ნინო ბურჯანაძემ და დავით უსუფაშვილმა. თუმცა ჯერ უცნობია მიდიან თუ არა ისინი ღონისძიებაზე.
პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მისვლას ასევე არ აპირებს საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. მისი აზრით, ეს ღონისძიება დეპოლარიზაციის ნაცვლად მხოლოდ იმას გამოაჩენს, თუ რამხელა დაპირისპირება და უფსკრულია დღე სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის.
ასევე არ აპირებს მისვლას მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. მისთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ ზურაბიშვილს თავის გამოსვლებში არ უხსენებია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტები, რომლებსაც ასევე დიდი წვლილი აქვთ ევროინტეგრაციის პროცესში. მარგველაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტს ხელს იმ შემთხვევაში მოაწერს და მიიღებს მიპატიჟებას, თუ პეტიციაზე სააკაშვილის ხელმოწერაც იქნება.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიდან კი ათონელის რეზიდენციაში არავინ მივა. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, პრეზიდენტი ზურაბიშვილს დღემდე ვერავინ ათქმევინა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ამიტომ ვერ ხვდება, თუ რატომ უნდა მივიდეს მის დაგეგმილ ღონისძებაზე.
„ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება. მითუმეტეს, რომ ის აგრძელებ კონსტიტუციის უხეშად დარღვევას. ამ დღეებშიც ის კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი ადამიანის ღონისძიებებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივალთ, ვერ მივალთ, ეს არ არის ჩვენი საქმე, მისი პოზიციიდან გამომდინარე. გარდა ამისა, მე შეგახსენებთ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილი ახორციელებდა საბოტაჟს სწორედ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. დღემდე ვერ ათქმევინა ვერავინ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რა გვინდა ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ყოფილ პრემიერსა და ამჟამად ოპოზიციაში მყოფი პარტიის „საქართველოსათვის“ ლიდერ გიორგი გახარიას, მისი თანაპარტიელები არ გამორიცხავენ, რომ გახარია ოთხშაბათს დანიშნულ შეხვედრაზე მივიდეს.
„ეს უკვე აქტიური წინასაარჩევნო კამპანიაა“
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ პრეზიდენტის ბოლო ნაბიჯები და განცხადებები უკვე ტოვებს განცდას, რომ ის აქტიურ საარჩევნო კამპანიაშია ჩართული.
„ზურაბიშვილს ვერავინ ვერაფერს დაუშლის, თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ. თუმცა, ეს რა პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს და რაზე აქვს გათვლა, მგონი თვითონაც ვერ აცნობიერებს. ზურაბიშვილი ელჩებს ხვდება, თუ ყოფილ პრემიერებს და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ეს მისი გადასაწყვეტია. თუმცა შედეგს რომ შევხედოთ, თუნდაც პიარული თვალსაზრისით, ეს არაფრის მომტანია.
იქიდან გამომდნარე, რომ ქალბატონი პრეზიდენტი არის ძალიან ხისტი და ჯიუტი ხასიათის, მას გაუჭირდება რაღაცის მაკონსოლიდირებელი იყოს. გამორიცხულია, რომ ზურაბიშვილმა ეს შეძლოს, მითუმეტეს ამ პატარა პარტიების გაერთიანება და ლიდერობა. ჩვენს ქვეყანაში ყველას ლიდერობა უნდა და მითუმეტეს, ზურაბიშვილს ოპოზიციურ ფლანგზე თავისიანად არავინ აღიქვამს. ამიტომ თუნდაც რაიმე ახალი ძალის კონსოლიდირებაზე საუბარი ძალიან სასაცილოა“, - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“.
„მას ქართულ პოლიტიკაში დარჩენა სურს“
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან“ საუბარში სალომე ზურაბიშვილს „მედროვე პოლიტიკოსს“ უწოდებს, რომელიც როცა როგორ აწყობს, ისე იქცევა და საუბრობს. მისივე აზრით, პრეზიდენტს რურს თავისი ვადის ამიწურვის შემდეგაც დარჩეს ქართულ პოლიტიკაში და ლიდერის ფუნქციაც შეთავსებას, რადგან ხედავს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე სიტუაცია უკიდურესად მძიმეა და ამაში საკუთარი პოლიტიკური კარიერისათვის ახალ შესაძლებლობას ხედავს.
„ზურაბიშვილის მიზანია დაიკავოს ახალი ნიშა. მას აქვს პრეტენზია, რომ ისევ ხელისუფლებაში დარჩეს და პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდეს. პრეზიდენტი ცდილობს მაქსიმალურად პროევროპელი იყოს. რემარკს აქვს ნათქვამი - „არცერთი ადამიანი არ არის ისეთი მდიდარი, რომ საკუთარი წარსული იყიდოს“. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა ჩნდება იგივე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.
„ზურაბიშვილი მედროვე პოლიტიკოსია და როცა როგორ სჭირდება, ისე იქცევა. მან აგვისტოს ომზე რა განცხადებებიც გააკეთა და წიგნიც კი დაწერა, მისი მხრიდან პროევროპულობის დაჯერება მართლა გულუბრყვილობაა. მან კარგად იცის, როდის როგორ უნდა მოიქცეს. ახლაც ასე აკეთებს.
„მისი მიზანია ნებისმიერ ფასად იყოს ხელისუფლებაში. ჯერ კიდევ 2009 წელს, როცა ლევან გაჩეჩილაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრიდა, მან განაცხადა, რომ პრემიერის პოსტი უნდოდა. ახლაც ასეთი ჩანაფიქრი აქვს. ის ცდილობს ოპოზიციის ფლანგზე რაღაც ნიშა დაიკავოს. დაინახა, რომ კვლევების მიხედვით არცერთი პარტია გამოკითხულთა დიდ ნაწილს არ მოსწონს და მათი გულის მოგება უნდა. ის ჩვეულებრივად ამომრჩეველზე მუშაობს“, - ამბობს ჩიტაძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, რუსთაველის მოდანზე, სადაც ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშა გაშალეს, ზურაბიშვილი სპეციალურად მივიდა, რათა მედიის და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფილიყო. მან ეს მოახერხა კიდევაც და ახლაც 13 დეკემბერს იგივეს აკეთებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე