რეზონანსი
(12.12.2023)

ოპოზიციონერების მხრიდან მილიტარისტული განცხადებების კეთება საქართველოს დეოკუპაციას ვერ მოუტანს - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თემურ კარბაიას გარდაცვალების დროს საუბრისას განაცხადა.

მეტიც, "ოცნების" წევრი ამბობს, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან რუსეთთან დამოკიდებულებების ცვლილების საჭიროებაზე საუბარი, ქვეყნის ინტერესების მტრობაა.

სარჯველაძის თქმით, ჩვენს ქვეყანას სხვა ფუფუნება არ აქვს, გარდა იმისა, რომ ოკუპანტთან პრაგმატული და სწორი ნაბიჯების გადადგას.

„რა თქმა უნდა, სამძიმრით დავიწყებ. მთელი საქართველოსთვის არის სამძიმარი სათქმელი, იმიტომ რომ გვყავს ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი. ეს არის ტრაგედია, რომელიც სჭირს ქვეყანას, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ აქ ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, საუბარი ენის მოჩლექაზე რუსეთთან დაკავშირებით, დამოკიდებულებების ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით და ა.შ. სინამდვილეში, ეს არის გაგრძელება იმისა, რასაც ჰქვია პოლიტიკური დღის წესრიგი და ქვეყნის ინტერესების მტრობა. მტრობას პირდაპირ ვამბობ, იმიტომ რომ რეალურად, ყველას ძალიან კარგად ესმის და უპირველესად, ესმის საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, რომ საქართველოს არავითარი ფუფუნება არ აქვს, ისაუბროს სხვა ნებისმიერ რამეზე, გარდა პრაგმატული, სწორი, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაზე, რასაც შეუძლია საქართველოს დეოკუპაცია. ხომ კარგად გესმით ყველას ოპოზიციაშიც, მათ შორის, რომ მილიტარისტული განცხადებების კეთება არ არის ის, რაც საქართველოს დეოკუპაციას მოუტანს დღეს, ან რომელიმე მოქალაქის უფლების დაცვას",- განაცხადა სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე