რეზონანსი
(12.12.2023)

საქართველო არის იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინში, რომლის საფუძველზეც ევროკავშირის წევრობის გზაზე შემდგომი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. გასული წლის ივნისიდან დღემდე, მრავალი ბრძოლის გადატანა მოგვიწია იმ ადამიანებს, რომლებიც ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, ვდგავართ საქართველოს კონსტიტუციის და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქტიური დეზინფორმაციული კამპანიის კვალდაკვალ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ბრიუსელსა, თუ ევროპის სხვა დედაქალაქებში კარდაკარ უწევდათ სიმართლის მიტანა.

„ფაქტობრივად, საბოტაჟის ფონზე მოგვიწია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება და კიდევ ერთხელ ჩვენება, რომ ჩვენ შეგვიძლია, დავძლიოთ ნებისმიერი წინააღმდეგობა, გადავლახოთ სირთულეები, თუკი ეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს შეეხება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის თქმით, დღეს ქვეყნის ოპოზიციაში ჩამდგარმა ძალებმა როგორც არ უნდა ეცადონ ხელისუფლების ძალისხმევის განიავება, ფაქტია, რომ ეს არის ევროკავშირთან ასოცირების პროცესში თითქმის ათწლიანი შრომის, საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის ტრანსფორმაციისთვის გაწეული ძალისხმევის შედეგი.

„ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა, რომ არა ქართველი ხალხის სიბრძნე, ნება და მხარდაჭერა, რომელიც ზურგს გვიმაგრებს ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმისას. გადაწყვეტილება, რომელსაც ასე ელოდება სრულიად საქართველო, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ევროკავშირისთვის. გაფართოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერების პასუხისმგებლობაა თავად ევროპის მომავლის წინაშე. რამდენადაც მნიშვნელოვანია საკითხი, იმდენად რთულია მის გარშემო ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება. არც ახლა მიმდინარეობს ეს პროცესი მარტივად. იმედია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები კვირის ბოლოს შეძლებენ კონსენსუსის მიღწევას ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით იმგვარად, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დროში აღარ გაიწელება და მოგვეცემა შესაძლებლობა, ჩვენი ძალისხმევა უკვე, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ მივმართოთ შემდგომი ეტაპების გასავლელად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, რომელმაც ოპოზიციას მიმართა, რომ არასწორ მხარეს დგანან და უფსკრულისკენ მიისწრაფვიან.

„თქვენ საქართველოს დააკარგვინეთ დრო და მიაყენეთ ძალიან მძიმე რეპუტაციული ზიანი, რომელსაც ანაზღაურება სჭირდება, ანაზღაურებას – ფასის გადახდა და თქვენ ამ ფასს აუცილებლად გადაიხდით. ჩვენი სამშობლო არ არის არც „მაჩანჩალა“, როგორც თქვენ მას წარმოაჩენთ, არც „შავი ხვრელი“, როგორც თქვენ უწოდებთ და არც ქართველი ხალხია მხდალი და უჭკუო, როგორც თქვენ მიგაჩნიათ. დღეს აქ რომ ვართ, ქართულ ენაზე ვსაუბრობთ და ჩვენი წინაპრების ნანატრ გადაწყვეტილებას ველოდებით ევროპისგან, დღეს, ბრიუსელში ქართული კულტურის ზეიმი რომ არის, რომელიც აჩვენებს, რომ ევროპა აქ იწყება, ეს არც უჭკუო და მხდალი ერის ისტორიული მონაპოვარია და არც ჩანჩალით მიღწეული შედეგი. ეს არის ბრძოლა, რომელზეც თქვენ თქვით უარი, არასწორ მხარეს დადექით და საკუთარ სამშობლოს მტრად ექეცით. ბევრის მოლოდინი ვერ გვექნება იმ ადამიანებისგან, ვინც ამაყობთ სხვისი ინტერესების დაცვით საკუთარი სამშობლოს ინტერესების ხარჯზე, მაგრამ ის მაინც გაიგეთ, რომ უფსკრულში, საითაც თქვენ მიისწრაფვით, ამ ქვეყანას ვერ გამოგაყოლებთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე