ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პოლიტიკური დებატები იშვიათი მოვლენა გახდა, ამის ადგილი მხოლოდ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზია და ძირითადად მაშინ ხდება, როცა მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშს წარადგენს, თუმცა, როგორც ანალიტიკსოები ამბობენ, ესეც არაა სრულყოფილი, რადგან ხშირად ოპოზიციის დიდი ნაწილი მთავრობას ბოიკოტს უცხადებს და დარბაზში არ ზის.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ყველა სახის დებატები, მათ შორის სატელევიზიო, დემოკრატიის ხელშემწყობი ფაქტორია და აუცილებელიც კია, თუმცა, დასძენენ, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი ხარისხის პირობებში და ამ მოცემულობაში სერიოზული, შინაარსიანი და რეალურ პრობლემებზე ორიენტირებული დებატების ჩატარება თითქმის შეუძლებელია.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დებატების საკითხის წამოწევამ შესაძლოა შიდა პოლიტიკაზე დადებითად მიმოქმედოს, თუმცა, დასძენს, რომ დებატები ერთმანეთის ლანძღვას არ ნიშნავს, რაც ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული პრაქტიკაა.
„საინტერესო ინიციატივაა იმ მხრივ, რომ ასეთი საკითხის წამოწევამ შეიძლება თვითონ პოლიტიკაზე იქონიოს დადებითი გავლენა - დებატებისთვის სასურველია რაღაც საკითხების სტრუქტურა არსებობდეს, რაზედაც საუბარი იქნება. თუკი მხარეები დადგებიან და ერთმანეთს გალანძღავენ, ეს უკვე დებატები აღარ იქნება. ასეთი იყო თავის დროზე ტრამპისა და ბაიდენის დებატები და ორივემ მარცხი განიცადა.
„ამერიკაში ყოველი დებატების შემდეგ, სოციოლოგიური გამოკვლევები სასწრაფოდ კეთდება, თუ პროცესმა მხარეებს რა მისცა. აღმოჩნდა, რომ ტრამპისა და ბაიდენის დებატებმა მხარეებს არაფერი არ მისცა, რადგან რეალურად მათ შორის საუბარი ქართულ სტილში მიდიოდა, როცა პოლიტიკოსები საკითხის გარშემო კი არ კამათობდნენ, არამედ ერთმანეთს ლანძღავდნენ - შენ მშიშარა ხარ, შენ სულელი ხარ და ა.შ. ამან ეს პროცესი ჩააგდო.
„თუკი დებატები მოხერხდა, ამან თავისთავად მხარეები უნდა აიძულოს, რომ პოლიტიკურ პროგრამაზე და პოლიტიკურ გეგმებზე ილაპარაკონ და არ დაიწყონ ერთმანეთზე ქილიკი, ან შეურაცხყოფა. ჩვენ ვერბალური აგრესია ძალიან დიდი ხანია მოგვსდევს, მაგიტომ აღარაა დებატები, სადებატო საკითხების ნუსხაც კი არაა",- განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, პოლიტიკურ პლატფორმებზე გეოპოლიტიკას მთავარი როლი აქვს, ასევე, დიდია პოლარიზაციის ხარისხიც, რაც რეალურ, შინაარსიან დებატებს უპერსპექტივოს ხდის.
„პარტიების პლატფორმები ერთმანეთს მჭადებივით გვანან, განსხვავება მათ შორის არაა და რაზე უნდა იკამათონ? ყველა იძახის, რომ ევროპისკენ უნდა წავიდნენ, რომ მათი მიზანი ნატოა. ჩვენი პარტიების პოლიტიკურ პლატფორმებში გეოპოლიტიკა მთავარ როლს იკავებს. კი ბატონო, გასაგებია, რომ ევროპული ორიენტაცია აქვთ, მაგრამ სხვა შიდაპოლიტიკური საკითხებიც ბევრია, როემლზედაც პრაქტიკულად არ ლაპარაკობენ.
„არის ქვეყნები, სადაც ტელევიზიები ოფიციალურად პარტიულები არიან, მაგალითად ინგლისში, მაგრამ ეს იმას ხელს არ უშლის, რომ ჟურნალისტებმა საკითხების მთელი სპექტრი აკრიფონ და პოლიტიკოსებთან დიალოგი ჰქონდეთ. რაც შეეხება იმას, თუ ვინ სად მიდის, დებატების დროს ამას წესით პოლიტიკისები აღარ უყურებენ ხოლმე, რომელ ტელევიზიაშიც იმართება, იქ ყველა მიდის.
„არ მიმაჩნია, რომ ამ პოლიტიკური მოცემულობით დებატების გამართვა მნიშვნელოვანია, რა დროს დებატებია, ოპოზიციას პულსი არ ესინჯება. რაზე უნდა იდებატონ? ოპოზიციამ ეს სტილი თავად დაამკვიდრა, რომ მთელი პოლიტიკური აქცენტი გეოპოლიტიკაზე გააკეთა და ახლაც კამათი მაგაზეა, რომ ჩვენი ხელისუფლება პრორუსია და თვითონ პროევროპელი და ეს ყველაფერი აქ მთავრდება, იმას აღარ ახსენებენ ოპოზიცონერები, რომ დავუშვათ თავად პროევროპელები არიან, მაგრამ წინა ხელისუფლებას ევროპაში პირველი ადგილი რომ ეკავა პატიმართა რაოდენობის მხრივ და ოთხკაციან საკანში 40 კაცი რომ ჰყავდა, ესეც პროევროპელობა იყო?
„ოპოზიციამ ასეთ რაღაცეებს გვერდი სწორედ იმიტომ აუქცია, რომ იმაზე არ ყოფილიყო აქცენტი, მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რა პრობლემებიც იყო.მთელი აქცენტი საგარეო ორიენქტაციაზე აიღო, სამაგიეროდ, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ის დღის წესრიგი დაეყენებინა, რაც თვითონ აწყობდა და ამ რეჟიმს აჰყვა.
„უამრავი საკითხებია, დაწყებული საგარეოდან და დამთავრებული ფინანსური, საკადრო თუ სოციალური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო პოლიტიკით და ამ საკითხებზე მოკამათე არავინ არ ჩანს. ხელისუფლება კი ნაბიჯებს დგამს, მაგრამ, ოპოზიციისგან ამის საპასუხო ქმედებები არაა, მაგალითად, პარლამენტში მინისტრის დაბარების დროს, მარტო იმის დაძახება უნდათ, რომ პრორუსი ხართო და მერე დარბაზიდან გარბიან. ოპოზიციას საგნობრივი და შინაარსობრივი ანალიზი არ შეუძლია, მაშინ, როცა ყველა ინფორმაციასთან მიუწვდება ხელი", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი მიესალმება იმას, რომ ხელისუფლებასა და მის ოპონენტებს შორის ჯანსაღი პოლიტიკური დებატები იმართებოდეს, თუმცა, მიაჩნია, რომ ძალა, რომელიც შავზე ამტკიცებს რომ თეთრია, მასთან ამა თუ იმ საკითხს შინაარსობრივად ვერ განიხილავ.
„მივესალმები იმ აზრს, რომ პოლიტიკური დებატები უნდა იყოს, მაგრამ დებატებს ვერ გამართავ „ნაციონალურ მოძრაობასთან", იმიტომ, რომ ეს ძალა შავზე თეთრზე ლაპარაკობს და პირიქით და რაცარუნდა არგუმენტი მოიყვანო, მათ ამის გაგონება არ უნდათ. ვინმემ დამისახელოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ გაკეთებული ერთი კარგი საქმე, რომელიც აღიარებული აქვს „ნაცმოძრაობას".
„გარდა ამისა, ეს ადამიანები დებატებში იფურთხებიან, იგინებიან, იწყევლებიან და თუკი რაიმე საშინელება შეიძლება გამოთქვას ადამიანმა, ყველაფერ ამას მიმართავენ. ამასთანავე უსირცხვილოდ იტყუებიან, ნამდვილი მასალების ფაბრიკაციას ეწევიან, პარალელურ რეჟიმში გაბრალებენ იმას, რაც ბუნებაში არ ხდება. ვფიქრობ, ესაა მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლებასა და ენმ-ს შოროს დებატები ვერ მიმდინარეობს და ვერც გაიმართება.
„რა უნდა ილაპარაკო ხაბეიშვილთან? ან მელიასთან, რომელიც 2019 წლის ივნისში ხალხს ხელისუფლების დამხობისკენ პირდაპირ მოუწოდებდა. ამ დამნაშავეთა პარტიას უცხოელი გაღმა-გამოღმელი ძალები ამაგრებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ესენი ციხეებში უნდა ისხდნენ და ეს პარტია აკრძალული უნდა იყოს. მივესალმები იმას, რომ ხელისუფლება დამნაშავეებს არ ესაუბრება.
„დანარჩენებთან საუბარი შეიძლება, არიან ზოგიერთი ძალები, რომლებთანაც დაჯდომა და ლაპარაკი შეიძლება, თუ მე როგორ მიმაჩნია უკეთესად და შენ როგორ და ამათთან („ნაცმოძრაობასთან") დაიწყებ ლაპარაკს და დავუშვათ ჩრდილოელი მეზობლის მიმართ გამოვთქვი მოსაზრება, რომელიც უდაოა, რომ ოკუპანტია, მაგრამ მსოფლიოში თუ არსებულა ისეთი სიტუაცია, როცა ოკუპირებული ტერიტორიები მოლაპარაკებების გარეშე დაებრუნებინოს? ასეთი შემთხვევა არ ყოფილა.
„ვინმე მოაზროვნე როცა იმის შესახებ ლაპარაკობს, რომ რუსეთთან ლაპარაკი უნდა დავიწყოთ, ოღონდ ძლიერი ძალის შუამავლობით რაიმე ხელშეკრულება დაიდოს და ეს შუამავალი გარკვული გარანტი იყოს, ამაზე გიცხადებენ, რომ შენ რუსეთუმე და პუტინისტი ხარ და ა.შ და ასეთ ადამიანებთან ლაპარაკი შეუძლებელია.
„ესენი გარკვეული ძალებისგან, გლობალური ომის პარტიისგან იმართებიან, რომელთაც უნდათ, რომ აქ ომის ნაპერწკალი ჰქონდეთ შენარჩუნებული „ნაციონალური მოძრაობის სახით, რომელიც ცდილობს ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ რეგიონში სიმშვიდე არ იყოს",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე