ნაზი ბერიძე
(11.12.2023)

წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებულად აქტუალური ხდება ის, თუ რა მოლოდინები აქვს ამომრჩევენს პოლიტიკური პარტიების მიმართ და რა მოთხოვნებს უყენებენ მათ - რა ტიპის პოლიტიკაზე, ან პოლიტიკურ ლიდერებზეა დაკვეთა. დღმდე საქართველოში ჩატარებული ყველა გამოკვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი ამომრჩეველია.

როგორც პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, ქართული საზოგადოებისთვის წინასაარჩევნოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებიც.

„საქართველოში იდეოლოგიურად პარტიებზე მოთხოვნილება მაინც და მაინც არაა. საქართველოში ზოგადად მოთხოვნილება არის ქარიზმატულ ლიდერზე. როდესაც ქარიზმატული ლიდერი არ ჩანს, ვღებულობთ ისეთ მდგომარეობას, როგორიც გვაქვს დღეს. ანუ, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მის შეხედულებებს.

„უნდა იყოს პროგრამა რომელიც იქნება მომხმარებლისთვის და ამომრჩევლისთვის მიმზიდველი და დღეს სიმართლე გითხრათ მე არც ხელისუფლებიდან და არც ოპოზიციიდან მოსახლეობის ინტერესზე მორგებული ასეთი პროგრამა არ მინახავს, მათ შორის არც განცხადებები.

„გამოკვლევები, რაც ტარდება და რაზეც მუდმივად ლაპარაკობს არამარტო კვლევები, არამედ ექსპერტთა დიდი ნაწილი, სრულიად ადეკვატურია და ადაკვატურია მოსახლეობის განწყობაც" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსს" იმ ძირითად პრობლემებზე ესაუბრა, რაც არსებობს ქართულ პოლიტიკაში.

„ის, რასაც თავი ვერ გაართვეს და ვერ მოიშორეს წვრილ-წვრილმა პარტიებმა ეს არის უნიათობა, პასიურობა, ეს არის მათი პრობლემა. მე მგონია, უფრო მნიშვნელოვანია რა ტიპის ჩივილებია საზოგადოების მხრიდან პარტიების მიმართ - არის ხოლმე ჩივილი მოუფიქრებლობასა და პატიოსნების თემაზე, რომ მოუფიქრებლად იქცევიან და არა პატიოსნად. ანალოგიური თემები არის ხელისუფლების მიმართაც, ოღონდ პლუს ხელისუფლების მიმართ ემატება გაბედულების და ინიციატივის დეფიციტის გრძნობა" - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე