რა შეიცვლება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ და რა კონკრეტული სიკეთეები უნდა მოუტანოს ამან ქვეყანას და მის მოქალაქეებს - ექსპერტები პირველ რიგში ეკონომიკური მხარდაჭერის გაძლიერებას აანონსებენ და ამახვილებენ ყურადღებას სტატუსის გეოპოლიტიკურ და სტრატეგიული მნიშვნელობაზე როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის.
როგორც პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ბენეფიტები ყველა სფეროს შეეხება.
„პრაქტიკული გამოხატულება გახლავთ ის, რომ საქართველო მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას ევროკავშირის მხრიდან - კანდიდატი ქვეყნებისთვის განკუთვნილია 14 მილიარდი ევროს გამოყოფა 2023-2027 წლების განმავლობაში. ეს 14 მილიარდი მოხმარდება მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, სასამართლო სისტემის რეფორმას, სხვადასხვა ინსტიტუტების ფუნქციონირებას.
„გარდა ამისა, შესაძლებლობა იხსნება ევროპულმა კომპანიებმა ინვესტიციები ჩადონ კანდიდატ ქვეყნებში, მათ შორის ინფრატრუქტურული პროექტების განვითარებაზე.
„ამასთან, დღეს ქართველი სტუდენტები, მეცნიერ-მკვლევარები ძირითადად ჩასმულნი არიან „ერასმუსის" პროგრამაში. მაგრამ არის ევროკავშირის სხვა საგანმანათლებლო პროგრამებიც, სადაც შეუძლიათ, რომ დამატებით ჩაერთონ. შესაბამისად, უფრო მეტი ახალგაზრდა მიიღებს განათლებას ევროპაში, უფრო მეტი ადგილი იქნება განკუთვნილი მათთვის ამ შემთხვევაში.
„გეოპოლიტიკური კუთხით რუსეთი დაინახავს, რომ ევროკავშირი არ აპირებს მიატოვოს საქართველო. ევროკავშირსაც საკუთარი ინტერესები გააჩნია და ის პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, აქედან გამომდინარე ანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს. ეს მინიშნება იქნება რუსეთისთვის, რომ ევროკავშირისთვის საქართველო მნიშვნელოვანია.
„საერთო ჯამში საქართველოსთან, როგორც კანდიდატ ქვეყანასთან უფრო აქტიური თანამშრომლობა წარიმართება, თუნდაც სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. დღეს საქართველოს საგარეო ვაჭრობის დაახოებით 20% მოდის ევროკავშირზე.
„ევროკავშირი მნიშვნელოვნად არის დაინტერესებული საქართველო სატრანზიტო ფუნქციით. განიხილება პროექტები, რომელიც გულისხმობს, აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროკავშირის ქვეყნებში ბუნებრივი აირის ტრანსპორტიებას, საუბარია 20 მილიარდ კუბურ მეტრ აირზე. ასევე, ევროპა-აზიის სატრასპორტო კორიდორის გააქტიურებაზეც, სადაც ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული.
„ეს საქართველოს მოსახლეობისთვის სტიმული იქნება - ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ევროკავშირი პატივს სცემს მის არჩევანს, შესაბამისად გაიზრდება ქართული მოსახლეობის ნდობა ევროკავშირის მიმართ", - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.
ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ევროკავშირისგან პირველ რიგში ფინანსურ მხარდაჭერას ველოდებით. მათ შორის, საქართველო გახდება უფრო წარმატებული და უფრო ძლიერი პროევროპული ქვეყანა.
„უპირველესად, კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ ჩვენ ვდგავართ გაწევრიანების გზაზე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკურ კონტექსტში, გარდა ამისა, ეს არის ნაბიჯი იმისაკენ, რომ გაიხსნას მოლაპარაკება.
„კანდიდატის სტატუსის მიღება ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ევროკავშირის გეოპოლიტიკური სივრცის, მაგრამ არა კლუბის წევრი. მხოლოდ ჩვენზე არის დამოკიდებული რამდენად სწრაფად გავხდებით სრულფასოვანი წევრი. გარდა ამისა, არაერთხელ მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვვეყნებს, რომ ისინი გახდნენ უფრო წარმატებულნი უფრო მეტი რეფორმა განახორციელონ და ა.შ.
„ჩვენი ამოცანა შემდეგში იქნება გადავიდეთ მოლაპარაკებაზე გაწევრიანების შესახებ და ეს არის ის მთავარი, რაც უკვე მოგვცემს საშუალებას და წვდომას ძალიან სერიოზულ ფინანსურ დახმარებაზე. მოლაპარაკების დაწყება გულისხმობს წვდომას იმ ფონდებზე, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის თავიდან ბოლომდე ტრანსფორმაციას", - განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე