თამთა ჩაჩანიძე
(11.12.2023)

„ნაცმოძრაობა" კვლავ გაყოფა-დაშლის პროცესშია - პარტიაში ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვეს ცნობილმა სახეებმაც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ „ახალი მოძრაობის დროა". რაიონული ორგანიზაციის წევრების მნიშვნალოვანი ნაწილიც პოლიტიკურ მომავალს ნიკა მელიასთან ერთად ხედავს. როგორც ანალიტიკსოები აცხადებენ, ამ მოცემულობით, მელიას ფრთა ენმ-ს ამომრჩევლის დაახლოებით 30%-ს წაიყვანს, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს.

ამასთან, საუბარი უფრო დიდ პლატფორმაზე ანალიტიკოსებს უჭირთ, რადგან ჯერ არ ჩანს თუ რა იდეოლოგია ექნება მელიას მომავალ პარტიას და არც ისაა ცნობილი, ექნება თუ არა ენმ-სგან განსხვავებული ლოზუნგები, რომ ის ამომრჩეველი მიიზიდოს, ვისაც არც მოქმედი და არც წინამორბედი ხელისუფლება არ სურს.

11 დეკემბერს ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ ენმ-დან მიდის, ამავე დღეს ქუთაისის საკრებულოში ენმ-ის 12 წევრიდან შვიდმა პარტია დატოვა. წინა დღით კი პარტიის რიგებს ასეულობით წევრი გემოეთიშა - 10 დეკემბერს „ნაცმოძრაობიდან" 300 ადამიანი წავიდა, რომელთა შორის არიან ძირითადად თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლები, თავმჯდომარეები და საკრებულოს წევრები. მანამდე იყო მსგავსი განაცხადები ბათუმიდან, კასპიდან, ხობიდან, ზუგდიდიდან.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ ეს პროცესი გაგრძელდება და დიდი ალბათობით მთელი საქართველოს რეგიონებს მოიცავს, რის შემდეგაც პარტიის შექმნაზე გაკეთდება განაცხადი.

ვინ ტოვებს ენმ-ს

როგორც ბაჩო დოლიძე ამბობს, შეიქმნება ახალი პლატფორმა, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ბრძოლის ავანგარდში" ჩაერთვება.

„ვტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას", რადგან ახალი მოძრაობის დროა. წარსულის კარგად გააზრების შემდეგ, ახლებურად ჩამოყალიბებულ აზრს, ახალ სიტყვას და ამომრჩეველთან ახალ შეთავაზებას შეუძლია ამ ქვეყნის იმ კრიზისიდან გამოყვანა, რომელშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით პოლარიზებულმა საზოგადოებამ თავისი როლი ნამდვილად ითამაშა.

„შეიქმნება ახალი პლატფორმა, საიდანაც ახალი, განსხვავებული და სუფთა პოლიტიკის კეთება იქნება შესაძლებელი. ახალი ხალხის ახალი ხედვა და გამოცდილი პოლიტიკოსების დაგროვებული გამოცდილება მოგვიტანს იმ შედეგს, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავდებთ. ახალი ეკონომიკურად მდგრადი, დეპოლარიზებული საქართველო იქნება შედეგი. რა თქმა უნდა, ეს იქნება პოლიტიკური პარტია.

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება იმის შესახებ, რომ არ ვაპირებთ შერწყმას არც ერთ არსებულ პოლიტიკურ პარტიასთან. გვექნება ჩვენებური, განსხვავებული ხედვა. შესაბამისად, ჩვენს ამომრჩეველს ჩვენს საზოგადოებას სრულად ახალ პოლიტიკას შევთავაზებთ. 2024 წლის არჩევნებისთვის ეს პოლიტიკური ძალა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, იქნება ბრძოლის ავანგარდში. რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, როგორიც არის ყრილობა, პარტიის ჩამოყალიბება და ა.შ. ამის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი",- განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ენმ-ს ყოფილი წევრი ბესიკ გაზდელიანი ამბობს, რომ დღეს თავს ენმ-ში ვეღარ ხედავს.

„მოგმართავთ ახალ მენეჯმენტს, რა არის თქვენთვის ეს პარტია, შეიძლება ეს არის მექანიზმი პარლამენტში მოხვედრისა, შეიძლება ეს არის მექანიზმი თქვენი ამბიციების დაკმაყოფილების, მაგრამ ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური ოჯახი, სადაც მოვედით ღირებულებებით და იდეალებით დამუხტულები. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს თავს მანდ ვეღარ ვხედავთ. დღეს წარმოდგენილი ადამიანები მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლებიც ისე ფიქრობენ, როგორც ჩვენ. გვიწევს, სამწუხაროდ, ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება, რაც ჩვენთვის ძალიან მძიმეა, თუმცა ალბათ ამ ეტაპისთვის აუცილებელი", - განაცხადა ბესიკ გაზდელიანმა.

„ენმ"-ის საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი, დავით ლაგვილავა ამბობს, რომ ისინი გეგმავენ იმ ახალ პარტიაში შესვლას, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ლიდერი, ნიკა მელია უახლოეს მომავალში დააფუძნებს.

„დღეს, სამწუხაროდ, აღარაფერი დარჩა „ნაციონალური მოძრაობისგან". კერძოდ, იმ იდეალებისგან, იმ პრინციპებისგან, იმ ღირებულებებისგან, რასაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენდა ქართულ პოლიტიკაში. ვაპირებთ, ახალ პარტიაში შესვლას, რომელიც აუცილებლად დაფუძნდება უახლოეს მომავალში, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით და სწორედ ამ პარტიიდან ვაპირებთ, ღირსებით, სიმართლით და შეუპოვრობით ბრძოლის გაგრძელებას", - განაცხადა ლაგვილავამ.

ქუთაისის საკრებულოს ენმ-ს ყოფილი წევრები ენმ-ს მოქმედ მენეჯმენტით არიან უკმაყოფილოები.

„წლის დასაწყისში პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ მივიღეთ სამწუხარო რეალობა, როცა პოლიტიკური ორგანიზაციის სათავეში მოვიდა მენეჯმენტი, რომელმაც პარტიას ჩამოაცილა ერთგული და გამოცდილი წევრები და მართვის ბერკეტებთან წამოატივტივა, პირადი გამორჩენის მიზნით, პარტიიდან პარტიაში მომთაბარე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ლანძღვით გამორჩეული პოლიტიკოსები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შეგნებულად დააყენეს კონფორმისტულ, ფსევდოოპოზიციურ წარმონაქმნად გადაქცევის გზაზე. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ვტოვებთ პარტიას. სახელმწიფო უფრო მაღლა იდგება, ვიდრე ნებისმიერი პიროვნება ან პარტია და ბრძოლა პრორუსულ, არადემოკრატიულ ხელისუფლებასთან კვლავ გაგრძელდება", - განაცხადა დავით ბახტაძემ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ქუთაისის საკრებულოში.

ამავე ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი კილაძის განცხადებით კი, ქალაქში მოქმედი 10 შტაბიდან „ნაციონალური მოძრაობა" დატოვა შვიდის წევრთა უმრავლესობამ.

„პარტია დატოვეს წევრებმა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებლები არიან, ასევე დატოვეს იმ წევრებმაც, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ შემოუერთდნენ პარტიას. ეს ნაბიჯი არის რთული, მაგრამ მე და ჩემს მეგობრებს არ გვჯერა, რომ არაფორმალური მმართველობის დამარცხება არაფორმალური მმართველობითაა შესაძლებელი", - თქვა კილაძემ.

რას ამბობენ პარტიის მოქმედი წევრები გასულებზე

ამ ბრძოლიდან გასვლა პოლიტიკური დეზერტირობაა, - ასე გამოეხმაურა ლაშა ფარულავა „ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნაწილის გადაწყვეტილებას პარტიის დატოვების შესახებ.

„ნაციონალური მოძრაობა დაუტოვებია უამრავ ადამიანს, ამბობდნენ, რომ რაღაც ახალს ქმნიდნენ, მაგრამ ყველა განულდა, იმიტომ რომ საქართველოს კეთილსინდისიერი მოქალაქის ხელში ერთადერთი ბრძოლის ინსტრუმენტი რუსული გავლენების წინააღმდეგ არის „ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ვართ ამ ბრძოლაში და ამ ბრძოლიდან გასვლა პოლიტიკური დეზერტირობაა", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლაშა ფარულავამ.

ენმ-სთან ალიანსში მყოფი „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ნიკა მელიას მიერ დაანონსებული ახალი პარტიის შექმნას გამოეხმაურა.

„ჩვენ უფრო სხვა პროცესიც გვინახავს. ლიდერების მთელი თაობა წავიდა 2016 წელს „ევროპული საქართველოს" სახით „ნაციონალური მოძრაობიდან" და ჩვენ ვნახეთ, რომ 2018 წელს პარტიამ არნახული შედეგი აჩვენა. ჩვენ მაშინაც ერთად მოვახერხეთ ეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ და „სტრატეგია აღმაშენებელმა" და ვარწმუნებ ყველას, რომ ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს ვაჩვენებთ 2024 წელსაც. ამის უკან დგას კონკრეტული სამუშაოები, რომელსაც ვაკეთებთ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, დავრწმუნდი, რომ სხვის შეცდომებზე ხალხი ვერ სწავლობს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„შეგიძლიათ ნახოთ, „ნაციონალური მოძრაობის" 11 წლიანი ისტორიაში ასე წასულებს რა შედეგით დაუმთავრებიათ - ვერ გეტყვით, რა არის მელიას განცხადებების მიზანი, ესაა არის არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ნაკარნახევია პირადი წყენით, ამბიციით, ნარცისული დამოკიდებულებით" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობიდან" წასული ყველა ადამიანი პარტიისთვის დანაკლისია, თუმცა, მათ უფრო მეტი დანაკლისი აქვთ თავიანთი წასვლით.

რა პერსპექტივა აქვს ნიკა მელიას დაანონსებულ პლატფორმას

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, დღევანდელი მოცემულობით მელიას ფრთას 5%-იანი ბარიერის დაძლევის შანსი ექნება, თუმცა, რაღაც დიდ პლატფორმაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

„პარტიის დატოვების პროცესი ალბათ გაგრძელდება სხვა რაიონებშიც, მთლიანად საქართველოში, ენმ-ს გაყოფა ყველა რაიონში მოხდება, რაც მელიას საშუალებას მისცემს, რომ ახალი პოლიტიკური ძალის ორგანიზაციული მხარე ძალიან სწრაფად მოაგვაროს. იქიდან გამომდინარე, თუ დღეს როგორი ტენდენცია გვაქვს და რა ვითარებაა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ჯგუფისთვის 5%-იანი ბარიერის დაძლევა პრობლემა არ უნდა იყოს.

„როცა პარტიის ფორმირება მოხდება, ეს უფრო კარგად გამოჩნდება, მაგრამ, ვფიქრობ, რომ 5%-ს დაძლევენ. რაც შეეხება უფრო დიდ პლატფორმაზე ფიქრს, ამას დრო გვიჩვენებს და ის თუ ოპოზიციური ფლანგი როგორ დალაგდება.

„მელიას ძირითადი მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მხარდამჭერები იქნებიან. როცა ვამბობ, რომ მელია 5%-იან ბარიერს დაძლევს მეთქი, აქ მხედველობაში სულ არ მაქვს ამომრჩეველთა ის კატეგორია, რომელსაც არც „ქართული ოცნება" უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა". ეს მელიას ელექტორატი არაა, მისი ამომრჩეველი ენმ-ს ამომრჩეველია და ამას გაყოფს.

„დღეს ისე ჩანს, რომ მელია ენმ-ს ელექტორატის სადღაც 30%-ს თავის მხარეს თავისუფლად გადაიყვანს, ეს დახალოებით 150 ათასი ადამიანი იქნება, რაც საკმარისია იმისთვის, რომ 5%-იანი ბარიერი დაძლიოს. სხვა ელექტორატზე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი. ჯერჯერობით უნდა შევხედოთ პარტია სტრუქტურულად როგორ ჩამოყალიბდება და ამის შემდეგ გამოჩნდება მელია სხვა ელექტორატს მიიზიდავს თუ არა",-განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე რა იდეოლოგიის შეიძლება იყოს ნიკა მელიას პლატფორმა და რამდენად იქნება განსხვავებული ენმ-სგან, ძაბირაძე ამბობს: „საქართველოში პარტიებს შორის იდეოლოგიური სხვაობები იმდენად გაურკვეველია, რომ რაღაც ახალი მეეჭვება, არც ვიცი მელიამ ახალი რა უნდა შემოგვთავაზოს.

„ენმ-ს რა იდეოლოგია აქვს - გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი, „ქართული ოცნება" რუსული პროექტია და გვინდა ევროპა. მეტი იდეოლოგია მაგათგან არ მომისმენია, მთელი ხუთი წელია ამაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ეს არცერთი ხომ იდეოლოგია არაა, იდეოლოგია სხვა რამეს გულისხმობს.

არა მგონია, რომ მელიამ რაღაც ახალი შემოგვთავაზოს, ის უბრალოდ იტყვის იმას, რომ ჩრდილოვან მმართველობას რომ ვებრძვი ხელისუფლებაში, ვებრძვი საკუთარ პარტიაშიც და არ მინდა, რომ ეს სისტემა იყოსო. კეზერაშვილზე და კორუფციაზე იქნება ლაპარაკი - მელია დახალოებით ამ ფარგლებში იტრიალებს",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონასთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე