თამთა ჩაჩანიძე
(10.12.2023)

უახლოეს დღეებში ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება გაფართოებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის წვერებს 2-3 დღე დარჩათ, რათა უნგრეთი დაარწმუნონ, რომ დათანხმდეს უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. ამას კი საქართველოსათვის შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. თუმცა, არსებობს იმის ალბათობაც, რომ საქართველოს საკითხი არ იყოს მიბმული უკრაინაზე.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" მოვლენების განვითარების რამდენიმე შესაძლო სცენარზე საუბრობენ. ერთ შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ რთულად, მაგრამ კონსენსუსი მაინც შედგეს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის წევრებმა დაითანხმონ, რაც ნიშნავს იმას, რომ თავისთავად ყველა ქვეყნისთვის ევროკავშირის კარი იღება და მათ შორის საქართველოც 15 დეკემბერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას იზეიმებს.

ამასთანავე, არ გამოირიცხება ისეთი სცენარიც, როცა უნგრეთის უარის გამო დაიბლოკოს როგორც უკრაინის, ისე საქართველოს საკითხიც. ეს იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყნების შემდგომი ნაბიჯები ერთ პაკეტში მოიაზრება. შესაბამისად, მოხდება ისე, რომ პაკეტი 15 დეკემბერს არ იქნება მიღებული და ეს საკითხი, დიდი ალბათობით, მომავალი წლის მარტისთვის გადაიდება. თუმცა ამ სცენარის შემთხვევაში, ანალიტიკოსები საფრთხეებს ხედავენ. მათ შორის როგორც გეოპილიტიკური, ისე შიდა პოლიტიკიური სიტუაციის თვალსაზრისით.

არსებობს მესამე ვარიანტიც, თუმცა მას ანალიტიკოსები უფრო ნაკლებად რეალისტურად მიიჩნევენ - როცა საქართველოს და მოლდოვას უკრაინისგან ცალკე პაკეტში გამოყოფენ მწვანეს აუნთებენ და უკრაინის საკითხი მარტამდე გადაიწევს.

საკითხზე, ყოფილა თუ არა ისეთი შემთხვევა, რომ ევროკომისიას ერთი რეკომენდაცია გაეცეს და ევროპულ საბჭოს სხვა გადაწყვეტილება მიეღოს, ანალიტიკოსებს მაგალითად მოჰყავთ ჩრდილოეთ მაკედონია და ალბანეთი.

დუმილი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ

8 დეკემბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონ შეხვდა. დასავლური მედიის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები იყო ევროკავშირის მიერ უნგრეთისათვის გაყინული მრავალმილიარდიანი დახმარება და უნგრეთის ხელისუფლების სკეპტიკური პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით. თუმცა, მოხერხდა თუ არა უკრაინის საკითხზე კომპრომისის მიღწევა, ამაზე არაფერია ცნობილი.

როგორც „რადიოთავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი წერს, 11 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან, რათა შეაფასონ, თუ რა ვითარებაა უკრაინის მხარდაჭერის მხრივ და შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესონ. მეორე დღეს კი ერთმანეთს გაერთიანების ევროპის მინისტრები შეხვდებიან, რათა ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით რამდენიმე ისტორიულ გადაწყვეტილებაზე შეთანხმდნენ.

მანამდე ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი მისწერა, სადაც მოითხოვს ევროკავშირის პოლიტიკის გადახედვას უკრაინასთან მიმართებით. ევროკომისიამ კი შეიძლება მწვანე შუქი აუნთოს უნგრეთისთვის 10 მილიარდ ევრომდე გამოყოფას, რომელიც ბრიუსელმა გაყინა, ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხრივ არსებული ხარვეზების გამო.

გარდა ამისა, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად 5-9 დეკემბერს უნგრეთში იმყოფებოდა. გაიმართა შეხვედრები ქვეყნის პირველ პირებთან. მმართველი პარტია იმედოვნებს, რომ 15 დეკემბერს ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას იზეიმებს.

„გვაქვს ევროკომისიის პოზიტიური დასკვნა და ჩვენი მოლოდინია, რომ ევროპული საბჭოც მიჰყვება ამ დასკვნას როგორც საქართველოს, ისე უკრაინისა და მოლდოვის მიმართ. მნიშვნელოვანია, ევროპულმა საბჭომ ეს მოლოდინები, რომელიც ჩვენს ხალხებს აქვთ, გაამართლოს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის პრეცენდენტები

ნოემბრის ბოლოს ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი ანგარიში, რომლის საფუძველზეც რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს, რომ 14-15 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე, უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება მიიღოს, ხოლო საქართველოს ოფიციალურად მიანიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თუმცა, როგორც თსუ-ს პრპოფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, წარსულში უკვე ყოფილა პრეცედენტები, როდესაც ევროპულ საბჭოს ევროკომისიის რეკომენდაციისაგან განსხვავებული გადაწყვეტილებები მიუღია და ამის მაგალითად ჩრდილოეთ მაკედონია და ალბანეთი მოჰყავს.

„ყოფილა შემთხვევა, როცა ევროპულ საბჭოს ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე უარყოფითად უპასუხია. მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონია. ქვეყანას 2005 წელს კანდიდატის სტატუსის მიენიჭა, ევროკომისიის მხრიდან კი ჯერ კიდევ 2009 წელს გაიცა რეკომენდაცია, რომ დაწყებულიყო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მაკედონიასთან. ამ ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საბერძნეთთან მიღწეულ შეთანხმებას ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებით 2018 წლის ივნისში, რის შემდეგაც საბერძნეთმა მოხსნა თავისი წინააღმდეგობა და ჩრდილოეთ მაკედონიას საშუალება მიეცა გაეგრძელებინა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. 2019 წლის მაისში კომისიამ რეკომენდაცია გაუკეთა ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. საბოლოოდ კი ჩრდილოეთ მაკედონიას მწვანე შუქი 2020 წელს აუნთეს.

„ასევეა, მაგალითად, ალბანეთი. მან ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2009 წელს გააკეთა, 2014 წელს კი კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. 2018 წელს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. ამავე წელს ევროპულმა საბჭომ დასკვნაში დაადგინა პროცედურები გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისკენ, რაც დამოკიდებული იყო გარკვეულ სფეროებში მიღწეულ პროგრესზე - სასამართლო სისტემა, კორუფციისა და სხვა. იყო იმაზეც ინფორმაცია, რომ ნიდერლანდები ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგი იყო. 2022 წელს კი ევროპული საბჭო ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს დათანხმდა", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

პოზიტიური სცენარი

როგორც თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, სირთულეების მიუხედავად, შესაძლოა გაერთიანების წევრ 27 სახელმწიფოს შორის კონსენსუსი მაინც შედგეს.

„რამდენიმე ვერსიაა. ერთ-ერთი სცენარად მოიაზრება ის, რომ კონსენსუსი მაინც შედგეს, რაც ამ მოცემულობით რთულად წარმოსადგენიოა, თუმცა არავინ იცის საბოლოოდ რა გადაწყდება. მაშინ ყველა მიიღებს იმას, რასაც ელოდება - უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ და ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. მესამე ვარიანტიცაა -კიდევ უფრო არარეალისტური და ნაკლებად მოსალოდნელი - როცა საქართველოს და მოლდოვას უკრაინისგან გამოყოფენ და უკრაინის საკითხი მარტამდე გადაიწევს.

„თუ სტატუსი მოგვცეს, ეს თბილისისთვის ნიშნავს, რომ ამ ჩამორჩენას, რომელიც აქვს უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ამას აღმოვფხვრით. მეორე, ეს იქნება სერიოზული სიგნალი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რუსეთისთვის, რომ, მოუხედავად იმ პრობლემებისა, რაც დემოკრატიისა და სხვა თვალსაზრისითაა, საქართველო უკვე წინ დგამს ნაბიჯებს და აღარ უნდა მოიაზრებოდეს, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილი.

„ეს უფრო პოლიტიკური სიგნალი იქნება, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტატუსის მიღების შემდეგ 9 რეკომენდაცია გვაქვს შესასრულებელი და შემდეგ ეტაპზე გადასვლაც დიდწილად ამაზე იქნება დამოკიდებული. რაც მთავარია, ამ პროცესს მომავალი წლის არჩევნები განსაზღვრავს", - განაცხადა კაკაჩიამ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ ყველაფერი ოპტიმისტური სცენარით წავიდა, ქვეყანას მეტი შანსი მიეცემა, გაწევრიანებაზე მოლაპარაკების პროცესი მალე დაიწყოს.

„თუ სტატუსს მოგვცემენ, გადავალთ შემდეგ, უფრო მაღალ ლიგაში იმ კუთხით, რომ შეიძლება მივიღოთ მეტი დაფინანსება ევროკავშირისგან კონკრეტული პროგრამების განვითარების კუთხით, მოგვეცემა მეტი შანსი ევროკავშირში გაწევრიანების დასაწყებად. შესაბამისად, თუ ყველაფერი კარგად და ოპტიმისტური სცენარით წავიდა, თუ რეკომენდაციები შესრულდა ისე, როგორც ევროკავშირს სურს და ელოდება, მოლაპარაკებების სტადიაზე გადავალთ.

„იმ დოკუმენტის პროექტის მიხედვით, რაც „რადიო თავისუფლებამ" გამოაქვეყნა (ჯერჯერობით ევროპული საბჭოს პროექტია და საბოლოო დოკუმენტი არაა), ხაზგასმულია სწორედ გაფართოების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. ეს მთავარი საკვანძო წინადადებაა, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ალბათ უფრო მეტად გეოპოლიტიკური მოსაზრებებით იხელმძღვანელებენ, ვიდრე ტექნიკურ საკითხებს მიაქცევენ ყურადრებას.

„მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს როგორც არ უნდა განვიხილოთ, ეს წინგადადგმული ნაბიჯია, რაც დადებითად აისახება ჩვენს შიდა პროცესებზე. ზოგიერთი რომ ავრცელებს ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქეებს პენსიები გაეზრდებათ და ა.შ., მე, მაგალითად, ასეთ მოსაზრებას არ ვიზიარებ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ნეგატიური სცენარი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ თუ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, ქვეყანაში შიდა პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბოს.

„სტატუსის არმოცემა შეიძლება იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ ათი ქვეყნის საკითხს, მათ შორის მოლდოვისა და უკრაინის, ერთ პაკეტში განიხილავენ და თუ უნგრეთის წინააღმდეგობის გამო, უკრაინის საკითხი დაიბლოკა, შესაბამისად, მოხდება ისე, რომ ამ ყველა ქვეყნის საკითხი გადაიდება. პაკეტი არ იქნება მიღებული და ეს საკითხი ალბათ მომავალი წლისთვის გადაიდება.

„მაგრამ მერე უკვე აღარავინ იცის მოვლენები როგორ განვითარდება. ესეც გეოპოლიტიკურ და სხვა ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენთვის ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა კიდევ კარგა ხანი მოგვიწიოს მოსაცდელში ყოფნა და ასეთი სცენარის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ოპოზიციისგან იქნება მცდელობები, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ.

„მე პირადად კიდევ ერთ ვარიანტსაც ვუშევებ - რომ შეიძლება საქართველოს საკითხი სხვა საკითხებს არ დაუკავშირონ და იმისათვის, რომ თავის მდგომარეობით ასოცირებული ტრიოს წევრებს - მოლდოვას და უკრაინას გაუთანაბრონ, ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ უნგრეთისგან დაბლოკვის შემთხვევაშიც კი. მაგრამ არსებობს მეორე ვარიანტიც - ყველაფერი ერთ პაკეტში განიხილონ და თუ უნგრეთის პოზიციის გამო უკრაინას უარი ეთქვა, შესაძლოა საკითხი გადაიდოს და არაფერი არ მოგვცენ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია კი გვეუბნება, რომ ერთი სცენარის მიხედვით, თუ უკრაინას უარი ეთქვა, ეს ავტომატურად უარი იქნება ჩვენთვისაც და გადაწყვეტილების მიღება მარტამდე გადაიდება.

„არის ის სცენარიც, რომ უარი თქვან. თუ უკრაინას უარი ეთქვა, ყველას პასუხს სამი თვით გადაუვადებენ და საბოლოოდ მარტში იქნება გადაწყვეტილება. უარის თქმის მიზეზი კი ერთ პაკეტში ყოფნა იქნება და თუ გადაწყვეტილებაზე უნგრეთის გამო კონსენსუსი არ შედგა, ამ საკითხს შესაძლოა მარტში დაუბრუნდნენ.

„არაა გამორიცხული, რომ თუ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, შიდა გამოსვლები დაიწყოს, ხალხის ძალიან დიდი ნაწილი ამ იდეას ემხრობა და თუ ეს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, მაშინ ზეწოლა, ბუნებრივია, გაიზრდება და ეს რა ტიპის ზეწოლა იქნება, მანიფესტური დემონსტრაციები თუ სხვა სახის, ახლა რთული სათქმელია", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე