პარტიის მოქმედ მენეჯმენტთან თითქმის ათთვიანი უთანხმოება, ყოფილი თავმჯდომარისთვის „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასვლით დასრულდა. ხანგრძლივი დუმილი ნიკა მელიამ პარასკევს საღამოს დაარღვია და თქვა, რომ პარტიიდან მიდის და თან თანამოაზრეებიც მიჰყავს. გეგმა უკვე არსებობს - დაანონსებულია ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა, რომელიც ნიკა მელიას გუნდის წარმომადგენელთა თქმით, ჩრდილოვანი მმართველობისგან თავისუფალი იქნება.
ნიკა მელიას გარდა, „ნაციონალური მოძრაობა”, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 100-ზე მეტმა წევრმა დატოვა. რეგიონული ორგანიზაციებიდან წასულებს შორის საკრებულოს 45 წევრია. ისინი მანდატების დატოვებას არ აპირებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში თვითმმართველობებს კარგავს.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მელიას მომავალი დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა პოზიციას დაიკავებს მიხეილ სააკაშვილი და ვის მხარეს დადგება. მათი აზრით, მელიას ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ ე.წ. სააკაშვილის გარდამავალი დროშა მას დარჩება. ამიტომ სააკაშვილის კრიტიკისგან თავს იკავებს. იგივეს აკეთებს სააკაშვილიცხ, რომელიც ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ორივე ჯგუფი სჭირდება.
ვინ წავა მელიასთან
ნიკა მელიას გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა მოქმედი მენეჯმენტისთვის. ლევან ხაბეიშვილის გუნდში მიიჩნევენ, რომ ყოფილმა თავმჯდომარემ არჩევნებში დამარცხების შემდეგ პარტიულ საქმიანობაზე უარი თავად თქვა. ახლა პარტიაში დარჩენილებს აქვთ მოლოდინი, რომ შიდა დაპირისპირება დასრულდება.
ნიკა მელიას ახალ პლატფორმას, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული რეგიონული ორგანიზაციების ყოფილი წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. გიორგი კირთაძემ, რომელმაც პარტია პირველმა დატოვა, თანამშრომლობა ყოფილ თავმჯდომარესთან არ გამორიცხა და თქვა, რომ ჯერ დამატებითი კონსულტაციები უნდა გაიმართოს.
რას ფიქრობენ „ოცნებაში“ მელიას პერსპეტქივებზე
სახელისუფლებო გუნდი მელიას პოლიტიკურ პერსპექტივებს სკეპტიკურად აფასებს. „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე დიდი ელექტორატის მოზიდვას ვერ შეძლებს. პროცესები კი, რომელიც ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარეობს, სახელისუფლებო გუნდის თქმით, ენმ-ს დაშლამდე მიიყვანს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მელიამ პარტიიდან წასვლის შემდეგ ამომრჩევლის „რაღაცა მუხტი“ გაიყოლა.
„ფაქტია, რომ ამ ადამიანმა რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია დღეს კიდევ უფრო მეტად დაშლილია. ეს კარგია პოლიტიკისა და იმისთვის, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს, უბრალოდ უნდა გამოიყენოს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
მან იმაზეც ისაუბრა, თუ ვინ შეიძლება იყსო საარჩევნოდ ე.წ. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერი და იქნება თუ არა ეს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი. მისივე თქმით, სააკაშვილის თამაში არის ის, რომ ყველას დაუმტკიცოს, რომ პარტიაში მის გარდა ლიდერი არავინაა.
„მე ასე ვხედავ - სააკაშვილი ცდილობს მაქსიმალურად არიოს თავის პარტიაში ვითარება, რათა დაამტკიცოს ლეგენდა, რომ ის არის შეუცვლელი და ერთადერთი ლიდერი. მანიფესტი კი გამოაქვეყნა, მაგრამ ერთობის მანიფესტი უნდა ყოფილიყო და სინამდვილეში დაშლის მანიფესტი გამოვიდა. დაიწყეს დარჩენილი მემკვიდრეობის გადანაწილება - ეს არის „შავი ფული“, სკამები, გავლენა ტელევიზიაზე. იქ გამოიკვეთა ორი ჯგუფი, ვისაც ჰყავდა შეყვანილი პოლიტსაბჭოში, დააპატარავეს პოლიტსაბჭო. მოკლედ, რომ გითხრათ, რომ ამ ყველაფერს ბედნიერი დასასრული ექნება, არ იქნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ვის მხარესაა სააკაშვილი
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ ნიკა მელიასა და მისი თანაგუნდელების პარტიიდან წამოსვლა კარის მყარად მოჯახუნებას ჰგავს. მისივე თქმით, ნიკა მელია ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილის ღია და საჯარო კრიტიკას ერიდება და ეს მისი მხრიდან ტაქტიკური სვლაა, რადგან ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ სააკაშვილის ე.წ. გარდამავალი დროშა მას ერგება.
„ნაციონალურ მოძრაობაშიც“ და ახლა უკვე იქიდან წამოსული თუ გამოყრილი ყოფილი წევრები ძალიან კარგად ხვდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე არცერთი არაფერს არ წარმოადგენს. ამიტომ ორივე მხარეს იმედი აქვს, რომ ე.წ. გარდამავალი დროშა მათ დარჩებათ და იმ ხალხის ხმებს აიღებენ, რომლებიც სააკაშვილის უპირობო მხარდამჭერები არიან.
„თუმცა პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის ექსცენტრიულობა ყველამ კარგად იცის. დღეს რას იტყვის, ან ხვალ და ზეგ - წარმოდგენა არავის აქვს. განსაკუთრებით პარტიაში მიმდინარე კონფრონტაციის ფონზე. მელიას მომავალი კიდევ დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იტყვის სააკაშვილი. მიიღებს თუ არა მის სერტიფიცირებას და ასევე რა სახის ფინანსები ექნება. გამოვრიცხავ, რომ მელია რომელიმე ოპოზიციურ პარტიას შეურეთდეს“, -ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, მელია ცნობილია თავისი პირობის არაერთგზის გატეხვით. ამიტომ საკითხავია, გაყვებიან თუ არა მას ძველი პარტიის სახეები, ან შეძლებს თუ არა ახალ სახეების მიზიდვას. ბევრი რამე ამაზეც იქნება დმოკიდებული.
„საკითხავია, ვინ დაუდგება ახლა ამ ახალ პარტიას გვერდით. ასევე დიდი ამბები „ნაციონალურ მოძრაობაში“ სიების შედგენის დროს დაიწყება და ველი, რომ კიდევ ბევრი ძველი სახე პროტესტის ნიშნად პარტიას დატოვებს. სიტუაცია 2024 წლის არჩევნებისთვის კიდევ უფრო დაიძაბება“,-ამბობს აბაშიძე.
ვინ შეადგენს საარჩევნო სიებს
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ ორივე მხარისთვის ახლა მნიშვნელოვანი იქნება, ვის მხარეს და რა პოზიციას დაიჭერს მიხეილ სააკაშვილი. მისი აზრით, სააკაშვილი გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელმაც საკუთარი თავის მნიშვნელობა ძალიან კარგად იცის. ამიტომაც ის ჯერ სიტუაციას აკვირდება და ეცდება არც მწვადი დაწვას და არც შამფური.
„მიხეილ სააკაშვილმა იცის, რომ ახლა ციხეში ყოფნის პერიოდში მას სხვა გზა და რესურსი პარტიის გასაკონტროლებლად არ აქვს გარდა იმისა, რომ ორივეს - დარჩენილებსაც და წასულებსაც - მისი სახელი სჭირდებათ. ამიტომაც ჯერჯერობით ორივე მხარეს ითამაშებს. მისი რჩეული არც ნიკა მელია ყოფილა და არც ლევან ხაბეიშვილი. ამიტომ, თუკი დასჭირდება, ორივე მათგანს შეიძლება გაემიჯნოს. თუ არა და ორივეს გამოყენებას ეცდება. მას სჭირდება ბერკეტი იმისთვის, რომ კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართოს. ამიტომ მათ შეშინებას ამ ფორმით შეეცდება, რომ აეჭვიანოს ნიკა მელიაზე.
„მელიაც ვხედავთ, რომ სააკაშვილს არც კი აკრიტიკებს და პირიქით, ამბობს, რომ მის წინააღმდეგ უნდათ ის აამხედრონ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი სიების დაწერა იქნება. სააკაშვილმა უკვე გამოაცხადა, რომ სიებს „გამარჯვების პლატფორმასთან“ ერთდ შევადგენთო. თუკი მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა მის გარეშე სია დააკომპლექტეს, აი, მაშინ კი მართლა დედა შვილს არ აიყვანს. შესაძლოა სააკაშვილმაც კი თქვას, რომ მათთან საერთო არაფერი აქვს და ენმ თავადაც კი დატოვოს“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე