ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ არჩევნებისთვის გააქტიურება „ოცნების" მწვავე კრიტიკით დაიწყო. დასძენს, რომ 20 ივნისის მოვლენებს თავის თავზე იღებს, თუმცა კვლავ პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა, ვინ გასცა აქციის დაშლის ბრძანება. ამ დრომდე „საქართველოსთვის" წევრები აცხადებენ, რომ 2024 წლისთვის არცერთ პარტიასთან ალიანსს არ აპირებენ, თუმცა ანალიტიკოსებს ეჭვი აქვთ, რომ თუ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, გახარია მასთან ალიანსს დათანხმდება.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ როგორც ყველამ ოპოზიციაში გადაბარგებისას გახარიამაც ენმ-ს სტილის პოლიტიკური მანტია მოირგო, ეს კი თვითდამაზიანებელია იმ მხრივაც, რომ უკვე სათუო გახდა, გადალახავს თუ არა გახარია 2024 წლის არჩევნებზე 5%-იან ბარიერს.
„როცა ადამიანი ზნეობასთან მწყრალადაა და მოღალატის დამღა აქვს, მისგან მოსალოდნელია, რომ ყველაფერი პოპულისტური და ტყუილი თქვას. ასეთია გახარია და რადიკალურ ოპოზიციაში არაერთი პერსონაჟი. გარდა იმისა, რომ გახარია ტყუილით, ცილისწამებით და უსაფუძვლო ბრალდებებითაა დაკავებული - თითქოს ბიუჯეტს 25 ოჯახი იტაცებს და ა.შ. რასაკვირველია რეალობა იცის, თუმცა უკიდურეს პოპულისტობას ავლენს, რომ თითქოს ბიუჯეტის მშპ-ზეა დამოკიდებული და ვიღაცეებმა ტომრებით ფული წაიღეს, ეს ძალიან დაბალი დონის ტყუილია, რასაც ხაბეიშვილი და ნათელაშვილი თუ იყენებენ თავიანთ პოპულისტურ განცხადებებში.
„ერთ-ერთ პლატფორმაზე მისი ვიდეოინტერვიუ გავრცელდა, სადაც უკადრებელი იკადრა და თქვა, კოვიდპანდემიის დროს ივანიშვილი არსად ჩანდაო. მაშინ ივანიშვილი პარტიის ლიდერი იყო, მაგრამ რატომღაც გამორჩა, რომ კოვიდდახმარების ფონდში ასი მილიონი გადარიცხა. ზუსტად ასეთი პოპულისტები ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლის იმედების შექმნას, მაგრამ საკითხავი ისაა, გახარიას პარტია საერთოდ 5%-ს მიაღწევს?!
„არა აქვს მნიშვნელობა, გახარია ვის დაიმატებს და მის მოკავშირედ ვის განიხილავს, ფაქტი ფაქტად რჩება, როგორც კი ნებისმიერი პოლიტიკოსი ოპოზიციაში გადადის, რატომღაც საკუთარ თავზე ენმ-ს სტილის პოლიტიკურ მანტიას ირგებენ, რაც დამღუპველი და თვითდამაზიანებელია. ასეთი პოლიტიკოსი წარმატებებს ვერ მიაღწევს.
„არ გამოვრიცხავ, რომ გახარიამ სალომე ზურაბიშვილთან შექმნას ალიანსი, მის პარტიაში პირველ ნომრად სალომე ზურაბიშვილი, მეორე კი თავად გახარია იყოს. გახარიამ ბოლო ინტერვიუში ქალბატონი ზურაბიშვილი საკმაოდ თბილად მოიხსენია, სოცქსელებიდან და სხვადასხვა ინტერვიუებიდან ისიც კარგად ჩანს თუ გახარიას ახლო გარემოცვა ზურაბიშვილს თანამოაზრედ როგორ მოიხსებნიებს.
„ქართულ ოპოზიციურ სპექტრში საზოგადოება ანომალიებს მიეჩვია - წარსულში ერთმანეთის მაგინებელნი მეგობრები ხდებიან, მეგობრობიდან კი მტრობაში გადადიან. ოპოზიციურ ფლანგს ცუდი დაავადება სჭირს, ესაა რადიკალიზმი და არასკონსტრუციულობა, როცა მმართველ პარტიას კონსტრუქციული ოპოზიციური ძალა ეპაექრება, იქ დემოკრატია იმარჯვებს. სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში ასე არაა. „ქართული ოცნების" გარშემო საზოგადოების დიდი ნაწილია, რომელიც განწყობილია, რომ „ნაცოპოზიციის" არცერთი აქტორი ხელისუფლებაში არ მოვიდეს. ეს რეალობა და პოლიტიკური სახადი გამოსწორებადია, როცა ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიხვდებიან, რომ რადიკალიზმი კმარა და საჭიროა კონსტრუქციულობის კალაპოტში გადავიდნენ", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
10 ნოემბრის „ედისონ რისერჩის" საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, „ოცნებისა" და ენმ-ის შემდეგ, გახარიას „საქართველოსთვის" მესამე ადგილზეა 9%-ით. 15 ნოემბრის „აირაის" კვლევაში გახარიას პარტიას 8% აქვს, 14 ნოემბრის „გორბის" კვლევაში კი 3%.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე