ნიკა მელია პარტიას აფუძნებს და როგორც თავად ამბობს, მასზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ჯერჯერობით უცნობია მის პოლიტიკურ ბლოკში ვის ვიხილავთ, თუმცა კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მელიას ოპოზიციურ ფრთას ენმ-დან წასულები შეუერთდებიან, მათ შორის ისინი, ვინც რეგიონული საკრებულოები დატოვა.
არაა გამორიცხული, რომ მელიამ გარდა იმ ხალხისა, ვინც პარტიიდან ახლა გამოვა, აკრიფოს ენმ-დან ოდესღაც გამოსული ფიგურები, ამბობს „რეზონანსთან" ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
7 დეკემბრის საგანგებო ბრიფინგის მერე, იმავე საღამოს მელიამ მედიაში გეგმების შესახებ შედარებით ნათლად ისაუბრა. თქვა, რომ პარტიას აფუძნებს, რაზეც მუშაობა პარასკევიდან დაიწყებოდა და ამის შესახებ „გონივრულ ვადაში" გამოაცხადებს. 9 საათიან საგანგებო ბრიფინგზე კი თქვა, რომ ენმ-დან მიდის.
„მელიას პარტია იქნება ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტია, სერიოზული მოთამაშე ჩნდება, რომელიც გააძლიერებს ნომერ პირველი პოლიტიკური ბლოკის შექმნას - საკუთარი თავი ასეთი ცენტრის ერთ- ერთ ნაწილად წარმომიდგენია", - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, მელიას ნაბიჯი იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.
კითხვაზე, იხილავენ თუ არა მას და ხატია დეკანოიძეს ნიკა მელიასთან, გოცირიძე პასუხობს, რომ მას თავი მთავარი ოპოზიციური ცენტრის ნაწილად წარმოუდგენია, თუმცა რა მოხდება მომავალში, არავინ იცის და ამაზე საუბარი მელიასთან არ ჰქონიათ.
„მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში", მელიას ამ ფრაზას გამოხმაურება მოჰყვა „ნაცმოძრაობიდან". ანა წითლიძემ დაწერა: „ბევრ ახალმოსულსაც ვნახავ, წასულსაც და მერე უკან მობრუნებულსაც. ვინ წარსულია და ვინ მომავალი მაგასაც გვანახებს ამომრჩეველი".
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრობს იმაზე თუ ვინ შეიძლება ვიხილოთ მელიას პარტიაში, არ გამორიცხავს, რომ ენმ-დან წასული კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფებიც კი შეუერთდნენ მის ფრთას.
„ენმ-ში შინგნით რა ხდება, ეს ჩემთვის ცნობილი არაა და არც მაინტერესებს, მაგრამ მაინტერესებს რაც შეიძლება ბევრი პარტია იყოს საქართველოში, რომელსაც ექნება 5%-იანი ბარიერის გადალახვის პოტენციალი ექნება, რომ პარლამენტში შევიდნენ და „ოცნებას" იქ გაუმკლავდნენ.
„ოცნება" პირველ ადგილზე გავა, მაგრამ თუ ბევრი ოპოზიციური პარტია ბარიერს გადალახავს, „ქართულ ოცნებას" შეიძლება არ ჰქონდეს შანსი მარტომ დაამტკიცოს მთავრობა, ბიუჯეტი და კანონები. ჩემთვის ენმ მიუღებელია, მაგრამ რაკი არსებობენ, მირჩევნია, რომ რაც შეიძლება მეტი შევიდეს პარლამენტში და იქ უამრავ საკითხზე დებატები გამართონ, რაც საქართველოს აწუხებს.
„როცა ხალხი დღეს ენმ-დან გამოდის, განსაკუთრებით რეგიონებიდან, ეს კარგის ნიშანია, იმისა, რომ მელიას გააჩნია პოტენციალი, რომ შეკრას სერიოზული პარტია. შექმნას ენმ-ს ალტერნატივა. ბუნებრივია, „ნაცმოძრაობას" ხმები გარკვეულწილად წაერთმევა, მაგრამ ენმ მელიას და მისი ფრთის გარეშე მინიმუმ 9%-ს აიღებს, მელია დამატებით მინიმუმ 6%-ს აიღებს, ეს უკვე ჯამში რაღაც სერიოზული ძალაა. შესაბამისად, ეს კარგი პროცესია, „ოცნება" კი ცდილობს ეს დააკნინონს და დამამცირებელი სიტუაცია შექმნას, მაგრამ ზოგადად კარგი პროცესია, რომ პარტიებს შანსი აქვთ, მეტი ძალა მოიკრიბონ.
„არაა გამორიცხული, რომ მელიამ გარდა იმ ხალხისა, ვინც პარტიიდან ახლა გამოვა, აიკრიფოს ენმ-დან ოდესღაც გამოსული ფიგურები და პარტიები და გამსხვილდეს, ამიტომაც მე ვხედავ შანსს, რომ მას ბარიერის გადალახვა შეუძლია და საქართველოს დემოკრატიას ეს გამოადგება.
„საქართველოს დემოკრატიისთის კარგია, რომ ახალი პარტია იქმნება, რომელსაც პირდაპირ გამოცხადებით 5%-ის გამკლავება შეუძლია, ეს თავისთავად ცუდი არაა. დეკანოიძე-გოცირიძის შესვლასაც არ გამოვრიცხავ - გოცირიძის მიმართ საზოგადოებაში რაღაც სიმპატიები არსებობს, პროფესიონალი ადამიანია, იუმორი აქვს, საზოგადოებასთან, ჟურნალისტებთან ურთოერთობის არ ეშინია, კორექტულია, ცდილობს დაბალანსებული იყოს, ქართულ საზოგადოებას ასეთი ადამიანები მოსწონს. დეკანოიძეც ასევე პროფესიონალია, თავის სფერო კარგად იცის და მათი მისვლა, მე მგონი, მელიას გააძლიერებს.
„აშკარაგდ ჩანს, რომ ენმ-ში მერაბიშვილ-კეზერაშვილის ალიანსმა გარკვეული სიები უკვე შეაჯერა და მასში ვიღაც ფიგურები არ მოხვდნენ, ასევე „ნაცმოძრაობიდან" მელია კი ასეთ ადამიანებს შანსს უქმნის, რომ თავისი სია შექმნან, პროპორციულ არჩევნებზე შანსი ექნებათ, რომ ვინც გამსვლელ სიაში მოხვდებიან, პარლამენტში გავიდნენ. ამიტომ მიმაჩნია, რომ მელიას გუნდში საინტერესო ადამიანები უნდა მივიდნენ და საინტერესო პაექრობა იქნება, არა მხოლოდ ოპოზიცია-„ოცნების" დონეზე, არამედ ენმ-ენმ-ს დონეზეც. ნებისმიერ შემთხვევაში ქართული დემოკრატია იმარჯვებს, რაც ორივე ხელით მისასალმებელია", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე